სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვახსენე სტატიაში ჯაბა იოსელიანი, მაგრამ ახლა მიწევს. კადრებიც არსებობს, როცა ,,მხედრიონის’‘ მამამთავარი ამბობს: ,,ვიღაცას ჰგონია, რომ დემოკრატია ლობიოობაა, არადა დემოკრატია ლობიოობა არ არის და ეს ყველამ უნდა იცოდეს’‘... დემოკრატია და ლობიოობა კი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გამახსენა. პირველად მოხდა, რომ თვითმმართველი ქალაქები მერებს ირჩევდნენ, მთელი საქართველოს მასშტაბით კი, ამომრჩეველმა გამგებლები აირჩია. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ რამდენიმე ქალაქში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო და ამან ისედაც გათამამებული საპარლამენტო უმცირესობა (ისე, სიტყვა ,,უმცირესობა’‘ ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად უხდება) უფრო გაათამამა. ხელისუფლებას კი, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და არა ,,ლობიო’‘, მძიმე დღეები უდგას. მოდით, რიგითობით მივყვეთ და სანამ დედების ხსენებაზე გადავალთ, სიდედრები ვახსენოთ. წინა ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკოსის ყველაზე ცნობილი დედა ქალბატონი გიული ალასანია იყო. მასზე ათას ჭორ-მართალს ჰყვებოდნენ და ამბობდნენ იმასაც, რომ მთვრალი მიშიკოს ანტიდეპრესანტი სწორედ დედამისი იყო.
ეს, რა თქმა უნდა, კულუარულად, თორემ სინამდვილეში, ვინ ვისი ანტიდეპრესანტი იყო, კაცმა არ იცის. აი, დანარჩენ შემთხვევაში წინა პლანზე სიდედრები ინაცვლებდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით გივი თარგამაძის სიდედრი გამოირჩეოდა. აქაოდა, ჩემი სიძე საუბრით არ გადაღალონო, სიდედრი იყო ყველგან და უფასდებოდა კიდეც _ მის საკუთრებაში სამშენებლო ფირმაც გახლდათ და ვაკეში მშენებარე კორპუსიც. საქმეში იყო ჩართული გიგი უგულავას სიდედრიც, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ კიდევ ნამერალის ,,შაქარ- დედიკო’‘ მაშინ დამამახსოვრდა, როცა სიძის გირაოს სანაცვლოდ საკუთარი ბინის ბანკში ჩადება არ დაზარებია. არადა, საუბარი სულ რაღაც 50 ათას ლარზე იყო და როგორ გინდა, არ გაიხსენო ის, რომ თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე უგულავას ლას-ვეგასის კაზინოების ბიუჯეტის შევსებას ედავებოდნენ, მერე 50 მილიონის ჯიბეში ჩადებას, მერე კიდევ... ნუ, პლასტიკური ოპერაცია და ჯენიფერ ლოპესისდარი უკანალის მიღება ძალიან ძვირი არ ჯდება. ყოველ შემთხვევაში, უკანალების სპეციალისტებმა ასე თქვეს. როცა უკანალების სპეციალისტს ვახსენებ, არ გეგონოთ, რომელიმე პოლიტოლოგს ვგულისხმობდე, პლასტიკური ქირურგები მყავს მხედველობაში... მოკლედ, დაინიშნა მეორე ტური და აქეთ გივიმ წამოჰყო თავი და იქეთ გიგიმ. კონკრეტულად ამ ორ პოლიტიკოსზე იმიტომ ვამბობ, რომ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები და თუ უგულავა პრემიერ- მინისტრს ცვედანს ეძახის, თარგამაძე არც პრემიერს აკლებს და არც დავით ნარმანიას. ცნობილი კადრების შემდეგ, რომელშიც ნარმანიას დედა ფიგურირებს, თარგამაძემ ,,ქართული ოცნების’‘ კანდიდატს სულ დედიკოს ბიჭი ეძახა. არადა, საკუთარი ტიტული _ ,,სიდედრიჩი’‘ დაავიწყდა. ამიტომაც ვახსენებთ წარსულს, მით უმეტეს, ნაციონალები გაიძახიან, ქართველი ერის გონიერების იმედი გვაქვს და გვჯერა, მოკლე პოლიტიკური მეხსიერება არ აქვთო. მართლები არიან ნაციონალები, მოკლე არც ცოცხის ტარი იყო და არც ,,დუბინკის’‘ და რაღა მეხსიერება იქნება?.. ამომრჩეველი კი, ნათლად ჩანს, რომ დემოკრატიასა და ლობიოობას ერთმანეთში ურევს და ნერვები ეშლება.
მოსახლეობა უნიათობაში სდებს ბრალს ხელისუფალთ და ბოლომდე მტყუანი არ უნდა იყოს. ხათუნა გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებაზე რომ დაიწყებს საუბარს, უკვე საინტერესოა და ეს ინტერესი გოგორიშვილს სწორედ ხელისუფლებამ გაუღვიძა. ტყუილად არიან მოქმედი ხელისუფალნი იმის იმედად, რომ ნაციონალების საქმენი საგმირონი ახსოვს ამომრჩეველს, რადგან არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი რეიტინგი იზრდება და იზრდება სწორედ იმის ხარჯზე, რასაც იოსელიანი ლობიოობას ეძახდა. ვერ გეტყვით, ვინ ურჩია ხელისუფლებას, ოპონენტების ლანძღვისაგან თავი შეიკავონ, მაგრამ ფაქტია, ,,ოცნების’‘ ლიდერები ნაციონალებს არც დედიკოს ბიჭებს ეძახიან, არც ცვედანებს და, მით უმეტეს, არც მეტსახელებით მიმართავენ. ეს იმ ფონზე, როცა ზოგს ჰაკიმ ფაშა ჰქვია, ზოგს კიდევ ზოოპარკის დირექტორი. ზოგადად, წინა ხელისუფლებას იმდენი ,,ცხოველი ზონდერი’‘ ჰყავდა, ზოოპარკის დირექტორობაზე თუ ვინმეს უნდა ჰქონოდა პრეტენზია, სწორედ მათ ლიდერს, მაგრამ მაშინ ყველაფერი სახელმწიფოს სახელით კეთდებოდა და... მელიაც ცხოველია ისე, რომ იცოდეთ და დააკვირდით, არ ვამბობ ზონდერი- თქო, ცხოველია, ცხოველი... ქათმების მოყვარული და მართალია, ოფიციალურად საქართველოში კანონი ქათმებსაც იცავს, მათდამი სიყვარულს აშკარად არ კრძალავს. დიდი ალბათობით, არჩევნების მეორე ტურში ,,ქართული ოცნების’‘ კანდიდატები გაიმარჯვებენ, მაგრამ ოპოზიცია კბილებით რომ იბრძოლებს, ფაქტია. სწორედ ამიტომ გაჩნდა შავი ფულის თემა და არავის ეგონოს, ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ იმ მილიონის იმედად იქნება, რომელიც აზერბაიჯანიდან მოჰქონდა და რომელიც ადგილამდე ვერ მოვიდა. ვიღაცები სიდედრებს შეაწუხებენ, ვიღაცები საკუთარ ბიუჯეტს და იმდენი მილიონი მოგროვდება, ერთს კი არა, რამდენიმე არჩევნებს ეყოფა. მანამდე კი, ხელისუფლება ყლაპავს ,,დედიკოს ბიჭს’‘ და ყლაპავს მათგან, ვისზეც მთელი თბილისი ისედაც სწორედ ამ ტერმინით საუბრობდა. ნაციონალური მოძრაობა იერიშზეა გადმოსული და გაიძახის, ხელისუფლება დებატებზე უარს ამბობსო. არადა, ამათ პიარს რა ვუთხარი, თორემ დებატებს სიხარულით დავთანხმდებოდი და ყველა კითხვაზე ერთადერთი პასუხი მექნებოდა: ნაციონალებო! მაგრამ პიარს კი არა, ამას წინ ერთ-ერთი პოლიტიკოსის ტელეფონის ნომერი ვიკითხე, ორი კვირაა ვურეკავ და არ იღებს. არადა, ეგებ ნასოსი მინდა და მეტი არაფერი...
P.s. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია პროექტ ,,თბილისიას’‘ ახორციელებს. ჰოდა, სადაც ,,თბილისია’‘ და არა თბილისი, იქ მერობისთვის ნარმანია და მელია რომ იბრძოლებენ, ნუ გაგიკვირდებათ.