რას საყვედურობს პროკურატურას, რატომაა მიუღებელი მეორე ტური და რა შემთხვევაში დაიჭერს ,,ოცნება’‘ ნინო ბურჯანაძეს

რას საყვედურობს პროკურატურას, რატომაა მიუღებელი მეორე ტური და რა შემთხვევაში დაიჭერს ,,ოცნება’‘ ნინო ბურჯანაძეს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სახელისუფლო ეიფორია გრძელდება, თუმცა  წინ მეორე ტური და არანაკლებმ ნიშვნელოვანიგ ამოწვევაცაა - ,,ოცნებამ’‘ ხალხი თბილისის არჩევნებზე უნდა გამოიყვანოს! მთავრობას, პარალელურად, არც სხვა საფიქრალი ელევა: შემოდგომიდან ნინობურჯანაძის საარჩევნო ალიანსი ქუჩის აქციებს იწყებს, რაც პარლამენტის თბილისში ნაწილობრივ გადმოტანას ემთხვევა. საარჩევნო და სხვა მიმდინარე პროცესებზე ,,ვერსიამ’‘ ,,ოცნების’‘ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისნის მაჟორიტარი ჩაწერა, რომელსაც ხელისუფლებასთან ხალხზე არანაკლები კითხვები ჰქონია. რატომ დაინიშნა მეორე ტური დედაქალაქში, რატომ არ გამოვიდა ხალხი არჩევნებზე, რატომ არ იკითხებიან დამნაშავე ნაციონალები, რას ელის პროკურატურა - ,,ვერსიას’‘ ალექსანდრე ქანთარია ესაუბრა.

- ითქვა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომები თბილისში გადმოდისო. სხდომების ქუთაისში და კომიტეტების თბილისში ჩატარება ორმაგ ხარჯთან არაა დაკავშირებული და ამაზე ნაციონალები გთანხმდებიან?                        

- თბილისში, ოღონდ ნათხოვარ შენობებში, კომიტეტის გასვლითი სხდომები ისედაც იმართება. ამ თემაზე დიდი ხანია ვფიქრობთ და, როგორც კი პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია დასრულდება, რომლის გაყიდვაც ნაციონალებმა ვერ მოასწრეს, მაშინვე გადმოვალთ. იმ დეპუტატებს, ვისაც თბილისში ბინა არ აქვს, ქირას პარლამენტი გადაუხდის. ასე ხდება ყველა ქვეყანაში. ახლა ის ხალხი, ვისაც ბინა ქუთაისში არ აქვს, ზუსტად იგივე მდგომარეობაშია. აღარაფერს ვამბობ ბენზინზე, რაც უაზროდ იხარჯება. შესაბამისად, პარლამენტიც უფრო უნაყოფოდ მუშაობს. გაცილებით მეტის გაკეთება შეგვეძლო, თბილისში რომ ვყოფილიყავით. ნაციონალების ხმის მიცემა და საკონსტიტუციო უმრავლესობა კომიტეტის სხდომების გადმოტანას არ სჭირდება. იმედია, ჭკუას მოუხმობენ და არც ბოლომდე გადმოსვლაში შეგვიშლიან ხელს. თუმცა, ჯერჯერობით, ალბათ, წინ და უკან სიარული ძვირი დაჯდება და, როცა პრემიას ყველას კაპიკ- კაპიკ ვუთვლით, ეს ხარჯებიც კარგადაა დასათვლელი.                    

- პარლამენტი საბავშვო ბაღია, დავით უსუფაშვილი ბაღის გამგე - ეს შეფასება დიდი ხანია გვესმის. თავად კმაყოფილი ხართ საკუთარი ნამუშევრით?                  

- პარლამენტს გაცილებით უკეთ მუშაობა შეეძლო, თუმცა ამას თავისი შემაფერხებელი გარემოებები აქვს. კინკლაობა და აყალ-მაყალი ყველა პარლამენტშია, მით უმეტეს, როცა საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი დამნაშავე ხელისუფლება მოხვდა. ახლა შესაბამისი გადაწყვეტილებები პროკურატურამ და სასამართლომ უნდა მიიღოს. ნაციონალები აბეზარი ბუზების როლში შევიდნენ პარლამენტში და იქედან აღარ გამოდიან, თუმცა კარგად იციან, რას ელოდონ პროკურატურისგან. უსუფაშვილი კი მარტო ჩვენი კი არა, ყველას თავმჯდომარეა და ზოგჯერ, ამის გამო, ჩემი მხრიდანაც არის ბრალდებები. ეს პრობლემები პარლამენტში 2 წელი კიდევ იქნება.                         

- ნაციონალია თუ არა, დეპუტატი დეპუტატია. როცა თქვენს კოლეგებს დევნიან და შეურაცხყოფენ, რა პოზიცია გაქვთ?                        

- ძალადობასა და მის წაქეზებას ვემიჯნებით. არც ისეთი ზონდერჯგუფების შექმნას მივესალმები, როგორიც ადრე იყო. 2012 წელს ქვებსა და ჯოხებს გვითავაზებდნენ. ამ მხრივ, დღეს სხვა ფონია. რაც შეეხება ცალკეულ ეპიზოდებს, ეს იმ ხალხში დაგროვილი აგრესიის გამოვლინებაა, ვინც ელოდა და დღემდე ითხოვს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას. ამას მეც მოუთმენლად ველი. პროცესი დაწყებულია, მაგრამ მისი დასრულება არც ისე სწრაფი და იოლი აღმოჩნდა. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სამართლიანობა სამართლიანად უნდა აღადგინო. თორემ შეგვეძლო, უცებ ყველა ნაციონალისთვის ალყა შემოგვერტყა, ყველანი იმავე დღეს ციხეში აღმოჩნდებოდნენ, მეორე დილას ყველას აღიარებითი ჩვენება გვექნებოდა და ზოგის ჯიბეში ნარკოტიკი აღმოჩნდებოდა, ზოგისაში - იარაღი. რეალურად, ნაცებს ,,თბილები’‘ უკვე შეკრული აქვთ და ჩემი ღრმა რწმენით, ზოგიერთი გისოსებსმიღმა აღმოჩნდება, ზოგიც საზღვარგარეთ. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვერავინ გაძვრება და არავის არაფერი ეპატიება. ახლაც ბევრია გამზადებული კანონის წინაშე პასუხის საგებად. მეც მაქვს კითხვები პროკურატურასთან: გია ბარამიძე რომ გაიძახის, დამკითხეთ, დამკითხეთ ზურაბ ჟვანიასა და აფრასიძეების საქმეზეო და ეს კაცი დღემდე დაკითხული არ არის, რა თქმა უნდა, კითხვა მეც მიჩნდება, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოუთმენელია. ყველას მოვუწოდებ - უკანონო გზით ,,აბაროტის’‘ აღება მიუღებელია! მეორე მხრივ, პროკურატურაც უნდა გააქტიურდეს, როგორც კი მორატორიუმი დასრულდება. უბრალოდ, საჭიროა წყალგაუმტარი ფაქტები და დროც ამიტომ იწელება.                            

- ანუ აღიარებთ, რომ ბრალს ვერ უმტკიცებთ?                    

- არა! უბრალოდ, ბრალის დამტკიცებაც გართულდა, რადგან პროკურატურა და სასამართლო ძველი მეთოდებით აღარ მუშაობს. გვინდა, სასამართლო ბოლომდე დამოუკიდებელი იყოს, ეს კი ღირს მოთმენად და მსხვერპლზე წასვლად.                        

- მსხვერპლი ხალხია და, როცა ისევ მათ სთხოვთ მსხვერპლზე წასვლას, არ გეშინიათ, ეს აგრესია ,,ოცნებაზე’‘ გადმოინთხეს?                       

- ხალხსაც აქვს კითხვები ჩვენს მიმართ. ამ ნაციონალებს ამდენს რატომ ალაპარაკებთო, რომ ამბობენ, ვპასუხობ, რომ ცვლილებები მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს. ამის შანსი თბილისის არჩევნებზე გვქონდა, სადაც ხალხის დიდი პროცენტი თუნდაც იმიტომ უნდა გამოსულიყო, რომ მეორე ტურში ისევ ნაციონალი მელია არ გვეხილა. ასე რომ მომხდარიყო, ხალხს სალაპარაკო აღარც ეგ ექნებოდა. სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.                        

- ახლა არ მითხრათ, რომ მეორე ტურიც ხალხის ბრალია!                        

- გამორიცხულია, ხალხს რამე დავაბრალო. ჭიქა რომ გადაბრუნდება და წყალი დაიღვრება, ამაზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი! პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის მეორე ტური მოულოდნელი და მიუღებელი იყო. ამის საფუძველს არც ამომრჩეველთან შეხვედრები იძლეოდა. ხალხის ეს პასიურობა ჩვენთვისაც დამაფიქრებელია და ამ მიზეზების კვლევაა საჭირო. ხალხის ნაწილი ჩვენზე გაბრაზებულია, ნაწილი გაგვებუტა და ესეც ბუნებრივია. ახლაც მხვდებიან და მეუბნებიან, ხმა განგებ არ მოგეცითო. ზოგი ამბობს, პირველ ტურზე არ ვიყავი, მაგრამ მეორეზე მოვალო. ცოტა ტრაგიკომიკური და კურიოზულია, რომ ნაციონალების კანდიდატის მეორე ტურში გასვლა სწორედ ამ პასიურობამ განაპირობა. ეს არჩევნები ნაციონალების მოშორების მესამე რაუნდი უნდა ყოფილიყო. ამ პარტიისთვის წერტილი უნდა დაგვესვა და როგორც ჩანს, მრავალწერტილი დავუსვით. ეს ჩვენი ბრალიცაა - ხალხს კითხვები უჩნდება.                          

- თქვენ არ გიჩნდებათ კითხვები საკუთარ ხელისუფლებასთან?                         

- მიჩნდება: რაღაც გადაწყვეტილებებს ძალიან ვაგვიანებთ, რაღაცებს მეტისმეტად სწრაფად ვიღებთ. მაგალითად, ნაადრევად ვენდეთ ,,იმედის’‘ ეგზიტპოლებს და ნაადრევად გავხსენით შამპანური. ეს კარგი არ იყო, არადა, სხვა ეგზიტპოლების ნახვისას კითხვა გამიჩნდა, ხომ არ ვჩქარობთ- მეთქი.                      

- განათლებისა და კულტურის კომიტეტის მუშაობაც შემიფასეთ: ცოტა ხნის წინ თეატრების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღეთ, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია. ამდენი მსახიობი და რეჟისორია პარლამენტში და ზაზა პაპუაშვილის ამ ინიციატივას მარტო თქვენ რატომ დაუპირისპირდით?                       

- ზოგადად, შიში მოხსნილია და თეატრალურ საზოგადოებაში ე.წ. შავი სიები აღარ არსებობს. პრობლემა, ძირითადად, საარსებო თანხებია - თეატრსაც და კულტურასაც დამატებითი ფული სჭირდება. ვითომ გვგონია, რომ კულტურა მოითმენს, მაგრამ ამის შედეგს მერე ყველაფერში ვგრძნობთ ხოლმე. რაც შეეხება კანონს თეატრის შესახებ - ერთ-ერთმა დეპუტატმა პირადი მოტივის გამო ეს კანონპროექტი შემოიტანა. ეს კანონი ჩვენი სადღაც ძალიან უკან, წინა საუკუნის 20-იან წლებში გადასროლაა. კერძო თეატრებში გადაწყვეტილებებს ყველგან დამფუძნებელი იღებს. სახელმწიფო თეატრებშიც დასი კონტრაქტით ყალიბდება. კანონის მიხედვით კი რეჟისორი თავად დასმა უნდა აირჩიოს. ალოგიკურია, დასმა აირჩიოს რეჟისორი, რომელმაც მერე ამ დასს აქეთ უნდა დაუდოს კონტრაქტი. ეს იგივეა, ფეხბურთელებმა მწვრთნელი აირჩიონ და მერე მწვრთნელებმა - მსაჯი. კომიტეტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ ამას თეატრალურ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. რეჟისორებმა პროტესტი წერილობითაც გამოხატეს. ეს კანონი არ უნდა გავიდეს და იმედია, ავტორიც უკან გაიწვევს. შესაძლოა, მომავალში რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ცვლილება უკეთესობისა და არა არეულობისკენ.                    

- ასოცირების ხელშეკრულების აღსანიშნავ კონცერტზეც გკითხავთ - არ ვამბობ, რომ არ უნდა გაიმართოს, უბრალოდ, თქვენი ფრაზები მახსენდება, როცა ნაციონალების მიერ მოწყობილ ყველა ღონისძიებას ,,ტაში- ტუშში’‘ ფულის ხარჯვას უწოდებდით. ეს კონცერტიც ,,ტაში- ტუშია’‘?                  

- არა, ამას ,,ტაში- ტუშს’‘ ვერ დავარქმევ. ასეთი ღირსშესანიშნავი მოვლენის ისე გატარება, ვითომ არაფერი მომხდარა, არ შეიძლება. როცა რიგით ,,ტაში- ტუშზეა’‘ საუბარი, სხვა საქმეა. თან ყველაფერს აქვს ზომა- წონა. არა მგონია, 27-ში საღამოს ბოლომდე გავიყვლიფოთ და მერე ვიშიმშილოთ. თავს ამის უფლებას არ მივცემთ, მაგრამ ამ მოვლენას სულ ისეც ვერ გავატარებთ. თუმცა არ მინდა, ხალხს ეგონოს, რომ 28 ივნისის დილიდან რძე და თაფლი მდინარეებად წამოვა. ასეთივე არაჯანსაღი მოლოდინი იყო - ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდოდა, ვერტმფრენებიდან დოლარებს გადმოყრიდა.                        

- მოკლედ, რადარიდან ვერ გააქრეთ ნაციონალები, შემოდგომით ოპოზიცია თქვენი გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებს, ხალხსაც კითხვები უგროვდება - თქვენ რას ელით ახალ პოლიტიკურ სეზონზე?                     

- დღეს რეალური ალტერნატივა არ გვყავს. ყველამ კარგად იცის და მათ შორის, ოპოზიციურმა ძალებმაც, რომ ისინი ჩვენი ალტერნატივა არ არიან. ეს აბსოლუტური ზღაპარია. არც ის დაგავიწყდეთ, რომ აქამდე არჩევნებში ახალი კვალიფიციური სუბიექტის, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’‘ გამოჩენა არც კი მოგველანდებოდა. თანაც, ჩვენ ხომ ის ხელისუფლება არ ვართ, რომელიც წასვლას არასდროს აპირებს და აქციებითაა მოსარყევი?! მაშინ ოპოზიციურმა ძალებმა ჩვენზე უკეთესი პროგრამა უნდა დადონ, ხალხს ალტერნატივა უნდა შესთავაზონ. მიკვირს, ზოგიერთი ლიდერის ექსტრემისტული განცხადება, ხელისუფლება არჩევნებით აღარ უნდა შეიცვალოსო - ვინმეს ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს, არჩევნები აღარ გვინდაო. ეს საკუთარი ქვეყნის გადახაზვას ნიშნავს! არა მგონია, მსგავს განცხადებებს ქართველი ხალხი აყვეს. ხალხი ამდენი არჩევნებითა და დაძაბული მდგომარეობითაც მაგრად გადაიღალა. ვადამდელი არჩევნები აღარავის სჭირდება, პირადად ნინო ბურჯანაძის გარდა. კიდევ ორი წელი დაგვრჩა და ვადა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუ არადა, მაშინ პარლამენტი არჩევიდან 3 თვეში უნდა დაგვეშალა და მაშინვე ჩაგვეტარებინა ხელახალი არჩევნები. ჩვენთან იგივე მეთოდებით ბრძოლა საკუთარი თავის კომიკურ მდგომარეობაში ჩაყენების ტოლფასია. ამდენი ალღო მგონი, პარლამენტსგარეთ მყოფ ნებისმიერ ლიდერს აქვს, რომ თავი დასაცინად არ გაიხადოს. ლაპარაკით ყველაფერი მოსულა. სიტყვის გამო არავის იჭერენ, მაგრამ თუ ვინმე კანონსმიღმა აღმოჩნდება და საკუთარი მოქმედებით ხელს არეულობას შეუწყობს, ბუნებრივია, დაუსჯელი არ დარჩება. არა მგონია, ვინმემ საქმე დასაჭერად გაიხადოს, მაგრამ კანონს ვინც დაარღვევს, ნუკრი ქანთარია იქნება, თუ ნინო ბურჯანაძე, მას აუცილებლად დაიჭერენ!