საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთი საქართველოსთან ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით საკუთარ პირობების გადახედვას აპირებს - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირთან შეტანხმებას დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის ნეგატიური შედეგები ექნება, რუსეთი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის კანონებით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, რუსეთმა შესაძლოა სატარიფო პოლიტიკა გაზარდოს, თუმცა სავაჭრო ურთიერთობების ჩაკეტვა და საქართველოს მიმართ დემარში არ მოხდება", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველო რუსული "გაბრაზების" მოლოდინში.
"რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მას რუს კოლეგასთან შეხვედრა ექნება, რის შემდეგაც გაირკვევა, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით თუ რა იქნება მომავალში და რუსეთის მხრიდან რა ნაბიჯები გადაიდგმება. "შესაძლოა, რუსეთის მხრიდან იყო მცდელობა სავაჭრო ურთიერთობის პარამეტრები გადაიხედოს, მაგრამ მთლიანად ჩაკეტვის მოლოდინი არ მაქვს",- აცხადებს ზურაბ აბაშიძე და დასძენს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას რუსეთის ხელშემშლელი ფაქტორების გარეშე აწერს ხელს", - აღნიშნავს გამოცემა.
"რუსეთს ერთი მთავარი რესურსი აქვს - ეს არის სატარიფო პოლიტიკა: ის გაზრდის ტარიფებს და ჩვენი საქონელი რუსულ ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული გახდება. მაგალითად, თუ ახლა რუსეთში ჩვენი ღვინო 15 დოლარი ღირს, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მოგება რომ მოიტანოს, მისი ფასი 25 დოლარი გახდება, ამ ფასად კი რუსეთში ისეთ ფრანგულ ან ესპანურ ღვინოს იყიდი, რომ ჩვენი ღვინო მასთან ახლოს ვერ მივა. სავაჭრო ურთიერთობას რუსეთი არ ჩაკეტავს, ისინი სულელები არ არიან, მაგრამ ქართულ პროდუქციაზე იმხელა ფასი იქნება, რომ კონკურენტუნარიანი ვეღარ იქნება - ლავროვმა სწორედ ეს აღნიშნა, როცა რუსეთის ბაზრის დაცვაზე საუბრობდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცინცაძე.
"როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ლავროვის განცხადების კომენტირებისას თქვა, რუსეთს ყველაზე ნაკლები რესურსი საქართველოს წინააღმდეგ აქვს, ვინაიდან საქართველოს გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგად, პრაქტიკულად დისტანცირებული ვართ რუსეთისგან. "აქედნა გამომდინარე, არ ველოდები, რომ რუსეთს შეუძლია საქართველო სერიოზულად დააზარალოს. თუმცა, ბუნებრივია, ლავროვის განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთს წარმოდგენილი აქვს, თუ რა მოხდება ეკონომიკური მიმართულებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი შესაბამისი რესურსების გამოყენებას ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯებს მიხედვით განახორციელებს", - წერს სტატიის ავტორი.
"რუსეთი პოლიტიკა მკაფიო არაა მათ მიმართ, ვინც დასავლეთისკენაა მიმართული. ამის გამო მან უკრაინას ყირიმი წაართვა, მაგრამ მერე ხელმოწერის აქტის მოლოდინში მყოფი საქართველოსთვის განსაკუთრებული არარფერი მოუმოქმედებია. ერთიანი ლოგიკის გამოყვანა ძნელია, ამიტომ მაინც მგონია, რომ რუსეთი ეცდება ჯერ ჩამოყალიბდეს, შემდეგ კი დალაგებულ სიტუაციაზე გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს, უკრაინასთან გარკვეული უკუსვლაც გააკეთა, ეტყობა, დასავლეთმა იმოქმედა მასზე. ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინასთან შედარებით რუსეთზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული, მაგრა რუსეთმა საკმაოდ ემოციური გაბრაზება იცის და გაბრაზების შემთხვევაში ყველა იმ რესურსს გამოიყენებს, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებია", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ვფიქრობ, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ რამე ეკონომიკურ სანქციებს არ გამოიყენებს. რუსეთი საქართველოს ბაზარზე საკმაოდ სერიოზულადაა წარმოდგენილი - ეს გამოიხატება ენერგეტიკაში, ყოველდრიურ ვაწრობაში, სოფლის პროდუქტებშიც კი. ის საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტს ყიდის და მისთვის საქართველოს ბაზარი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე რუსეთს ემბარგოს ელემენტების გამოყენება არ სურს და თუ მისი ინტერესები არ დაზარალდება, არც გამოიყენებს, თუმცა ჩვენ ეს 10 წლის გადავიტანეთ...ლავროვის განცხადებაში ლაპარაკია დსწთ ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობაზე. საქართველოს და უკრაინას, საქართველოს და ყაზახეთს თავისუფალი ვაჭრობის ზონაში ორმხრივი ურთიერთობა აქვს. ლავროვმა რბილად თქვა, რომ თუ დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონა ნეგატიურად შეიცვლება, მაშინ თავდაცვით ზომებს მიიღებდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. ლავროვის განცხადებაში საგანგაშო არაფერია, ცხადია, რომ ისინი რამე დემარშის გაკეთებას არ აპირებენ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.