როგორ თეთრდება ფული საქართველოში? რა სქემებით მუშაობენ დღემდე "ნაციონალები" ამ კუთხით? როგორ შოულობდა ფულს მიხეილ სააკაშვილი, ვინ აფინანსებდა "თავისუფლების ინსტიტუტს" და რა მოხდა აზერბაიჯანში ერთი კვირის წინ?
"ალიას" საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ესაუბრება:
- მე პროფესიული გამოცდილების გარდა სხვა სამწუხარო გამოცდილებაც მაქვს ფულის გადმოტანასთან დაკავშირებით. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების წინა პერიოდია. ღვთის წყალობით, სამართალდამცავებში ჯერ კიდევ შემომრჩნენ მეგობრები და მოსკოვში მომაწვდინეს ხმა, თითქოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მე და თემურ შაშიაშვილი ერთად ვეზიდებოდით მილიონებს ბადრი პატარკაციშვილისთვის მოსკოვიდან. მე და თემურს დღეს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მაშინ დიდი მეგობრული ურთიერთობა არ გვქონდა, ერთი-ორჯერ სიტყვიერადაც "წავეხმალავეთ" ერთმანეთს. გარდა ამისა, ამათ ბადრისთან ჩემი ურთიერთობის შესახებაც უნდა სცოდნოდათ. როდესაც ოპერატიული ინფორმაცია მოგდის, ამას სჭირდება შეფასება, ანალიზი და შემდეგ მოქმედების დაგეგმვა. ამათ პირდაპირ დაგეგმეს. ალბათ, გახსოვთ, მაშინ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა არ იყო, ერევანში ჩავფრინდი და იქიდან წამოვედი მანქანით საქართველოში. გამაჩერეს საზღვარზე, ცოტა ზრდილობიანად მომმართეს და მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთ, შერჩევით ყველას ვჩხრეკთო. მე ვუთხარი, ჩემი შერჩევა არ შეიძლება, შემთხვევითი იყოს, მაშინ უნდა მითხრათ, რაზე გაქვთ ეჭვი-მეთქი. იქ ერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა, კაცი აიწურა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. გახსნეს ჩანთა, მთლიანად არ გამაშიშვლეს, მაგრამ არც არაფერი დააკლდა. მანქანა მთლიანად შეამოწმეს, ქვემოდან სარკეებით, სულ გადმოატრიალეს ყველაფერი. ერთი წიგნი მქონდა - "საქართველოს ისტორია", რომელსაც სათითაოდ დაუწყეს ფურცვლა. მე ვუთხარი: ამიხსენით, რამდენი ათასი დოლარი შეიძლება დაეტიოს ამ წიგნში, რაღაცას რომ გავალებენ, ხომ უნდა გააკეთოთ აზრიანად და ჭკვიანურად-მეთქი? ისე იქცეოდნენ, ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, საკუთარ თავს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მოკლედ, საზღვარზე გამაჩერეს 3 საათი. როცა ვერაფერი აღმომიჩინეს, 3 ტელეფონი მქონდა, ახლა იმაზე დაიწყეს, უნდა განაბაჟოო. ჯერ ერთი, მანქანაში სამნი ვიყავით და მეორეც - ფასების მიხედვით განბაჟება არ ეხებოდა, ბავშვებისთვის მომქონდა საჩუქრად. ამ ფაქტის გახსენებით იმის თქმა მინდა, რომ "ნაციონალები" რაზეც ფიქრობენ, რაც თავად აპრობირებული აქვთ, იმას აბრალებენ ხოლმე სხვასაც. "ქეში" ფულის მოძრაობის სქემები მათ დიდი ხანია დამუშავებული აქვთ და სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილსაც კი წამოსცდა, 2008 წლის ომის პერიოდში ხეთაგური გავაგზავნე აზერბაიჯანში საწვავის გადმოსატანად, ხოლო კობა სუბელიანი გავაგზავნე სადღაც, ფული რომ წამოეღო "ქეშადო".
- როგორც ჩანს, "ნაციონალებს" აზერბაიჯანის მიმართულებით მაგარი ტრასა აქვთ გაჭრილი.
- დეპუტატებს დიპლომატიური პასპორტები აქვთ და, წესით, არ უნდა ჩხრეკდნენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, დიპლომატიური პასპორტი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. სხვათა შორის, ჩვენი საელჩოს სისუსტეა, რომ ზუსტად ვერ დაადგინეს, რა მოხდა. იყო, არ იყო, ბოლოს საქმე ქილიკობამდეც მივიდა, მაგრამ მე ვიცნობ რა, "ნაციონალების" ცხოვრების წესს, შესაძლებელია, თანხა ნამდვილად გადმოჰქონდათ და ეტყობა, ყველაზე გამოუცდელი ჯგუფი ჩავარდა. თუ გადახედავენ მაგათი დეპუტატების მოძრაობას, ვინ რამდენჯერ მიფრინავდა აზერბაიჯანში, ადვილად მიხვდებიან, რასთან გვაქვს საქმე.
- ზოგი ვერსიით, "ნაციონალი" დეპუტატების ჯგუფი ერთად კი ჩავიდა ბაქოში, მაგრამ მერე იქ გაიყვნენ და ცალ-ცალკე წამოვიდნენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ჩავარდნენ, ხოლო დანარჩენებმა ფული გადმოიტანეს?
- მე ვფიქრობ, ყველამ გადმოიტანა, ფული დაანაწილეს, რომ ერთ კალათში არ ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე გამოუცდელი ჯგუფი ჩავარდა. სამწუხაროდ, ამას ვერ ამტკიცებენ, ინფორმაცია ძალიან მწირია. ამას ვამბობ მე, ვისაც ფულის გათეთრებასთან და უკანონო მიმოქცევასთან პროფესიული შეხება მქონია.
- შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, როცა თქვენ უშიშროების მინისტრი იყავით და სააკაშვილის საძმოს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი გაუჩნდა, მათ დიდი ფული გაუჩნდათ. გქონდათ, ინფორმაცია, საიდან იკვებებოდნენ?
- სააკაშვილის ჯგუფს თავიდან ჰქონდა მწირი შესაძლებლობები, ფულს დასაწყისში შოულობდნენ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვით. მაგალითად, სააკაშვილს 2003 წლის არჩევნებში გაყიდული ჰქონდა 2 ადგილი, ამისი ინფორმაცია მაქვს, ერთი გამსვლელი ადგილი ღირდა 250 ათასი დოლარი. ასე რომ, სანამ "ნაციონალები" კორუფციაზე ლაპარაკს დაიწყებენ, ჯერ თავიანთ წარსულსა და დღევანდელი ცხოვრების წესს გადახედონ.
დასაწყისში მიშას დიდ ფულს არავინ არ აძლევდა, ცოტ-ცოტას იძლეოდნენ. მაშინ მილიონები არ ტრიალებდა. "თავისუფლების ინსტიტუტს" აფინანსებდა "ეი-ი-ეს თელასი", იმ პერიოდში ეს ორგანიზაცია ამერიკელების ხელში იყო და სქოულს თავი მოაბეზრეს ლევან რამიშვილმა და გივი თარგამაძემ. ერთი პერიოდი ბადრი პატარკაციშვილიც აფინანსებდა "ნაცმოძრაობას", იყო გარედან დაფინანსებაც. თუნდაც გავიხსენოთ ის დაჯავშნილი მანქანა, რომელიც სააკაშვილს რუსეთიდან ჩამოუყვანეს.
- ეგ ის მანქანაა, იგორ გიორგაძემ რომ აჩუქა?
- ამ შემთხვევაში პასუხს თავს ავარიდებ, რაღაც ინფორმაციები მქონდა, მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, რომ ეგ მანქანა შავმა სამყარომ აჩუქა. საერთოდ, ჩვენ დროს ფინანსებთან დაკავშირებით ასეთი მკაცრი რეგულაციები არ იყო. როგორც ვხედავთ, სახელისუფლებო პარტიაც კი არღვევს ამ კანონს - "ქართულ ოცნებას" ხომ გადმოურიცხეს წინასაარჩევნოდ რუსეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა?
- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, არ ვიცით, ფულს ვინ რიცხავს ჩვენს ანგარიშზეო და თანხები უკან დააბრუნეს.
- ეგ არის სრული აბსურდი, ამ კანონს ყველა არღვევს. ჩვენთან საერთოდ გადასახედია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი. ბიუჯეტიდან ფინანსდებიან პარტიები, რომლებიც გადალახავენ ბარიერს და ეს არის ერთგვარი კორუფციული სქემა. მიდის ვაჭრობა, ვინ რამდენი პროცენტი უნდა მიიღოს, ვინ რამდენი მიიღო და ასე შემდეგ.
- ეს არის 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოფის გარანტია. გაუგებარია, რატომ უნდა მივცეთ წელიწადში 150-200 ათასი ლარი 2-კაციან პარტიას?
- მე ვფიქრობ, უნდა დაიწყოს ამ კუთხით მოძრაობა და პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან აღარ უნდა დაფინანსდნენ. მე არ მსურს, ჩემი გადასახადებით ვარჩინო, მაგალითად, პაატა დავითაია, ვითომ "ევროპელი დემოკრატი" რომ გახლავთ. მაგას ერჩივნა, ისევ "ჩვენ თვითონ" ყოფილიყო. თუ პარტიას არ ჰყავს რეალური წევრები, რომლებიც საწევროს იხდიან, ის პარტია უნდა გაუქმდეს, საერთოდ რეგისტრაციაც ვერ უნდა გაიაროს. ამათ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩააგდეს და პოლიტიკა აქციეს ბიზნესად, რომელიც დამოკიდებულია ბიუჯეტზე. ასევე დაამახინჯეს პრემიების საკითხიც, კომუნისტების დროს წელიწადში ერთხელ იყო მე-13 ხელფასი. ახლა პრემია ათჯერ აღემატება ხელფასს, ეს სადაური წესია? თუმცა ეს წესი შემოიღო "ნაცმოძრაობამ", რაც იყო ადმინისტრაციული კორუფცია. სხვათა შორის, მსგავსი რაღაცები ამერიკელების დანერგილია საქართველოში. მაგალითად, თავის დროზე ჩემს სამინისტროში, წახალისების მიზნით, და რაღაც სამუშაოს სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხებს აძლევდნენ რამდენიმე თანამშრომელს. ერთს მისცეს 80 ათასი დოლარი. ეს მაშინ, როცა მე ხელფასი მქონდა 220 ლარი.
- ვერ გავიგე, ამხელა თანხებს თქვენი გვერდის ავლით აძლევდნენ?
- მე ვიცოდი, რომ ზოგიერთს წახალისებას უპირებდნენ, მაგრამ თანხები გადასცეს ჩემი ერთ-ერთი მოადგილის საშუალებით. მე საქმის კურსში არ ვიყავი, მერე გავიგე.
- ანუ ამ შემთხვევაში საქმე რასთან გვაქვს, მოსყიდვასთან?
- როდესაც ხელფასზე მეტი პრემია გეწერება, ორიენტირებული ხარ, შეასრულო რაღაც ისეთი სამუშაო. პრემიას ძირითადად რაში იძლევიან? "ორი გვამი მჭირდება, პრემია იქნება დიდი!" აი, ამაში იძლევიან, და არა სამსახურებრივი საქმიანობისთვის.
- გამოდის, ამერიკელები თქვენს თანამშრომლებს რაღაც ისეთს აკეთებინებდნენ და უხდიდნენ კიდეც.
- რა თქმა უნდა. ამაზე უარესიც ხდებოდა... ჩემამდე რუსებიც აკეთებდნენ ასეთ რაღაცებს. კანონით, ამას ადრე ერქვა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და გასამრჯელოს მიღება, რაც საკმაოდ მკაცრად დასჯადი იყო. სამწუხაროდ, ამერიკელების მუშაობის სტილი ასეთი იყო საქართველოში, ბევრი ჩინოვნიკი აკეთებდა ფულს ასეთი მეთოდით.
- ეს მეთოდი, ალბათ, ახლაც მუშაობს.
- რა თქმა უნდა, ახლაც იქნება... ამიტომ ვამბობ, "ნაციონალებს" სხვაზე სალაპარაკო არაფერი აქვთ, ათასნაირი კორუფციული თუ ფულის გათეთრების სქემა მათი მოგონილი და დანერგილია. მე სულაც არ მიკვირს, რასაც ეგენი აკეთებენ.