20 ივნისს სააგენტო «როიტერმა» გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის «გაძლიერებული თანამშრომლობის» პაკეტის მიცემით შემოიფარგლება. ამ ინფორმაციას «როიტერი» არცელებს ნატოს დიპლომატებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობასაც სააგენტო ანონიმურად ტოვებს.
ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაცავტორიტეტული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ანონიმური წყაროსგან,უფრო სწორად, წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს. ამგვარი ინფორმაციის «გაჟონვა», როგორც წესი, სრულიად მიზანმიმართულად ხდება ხოლმე, როცა პოლიტიკური ინტერესების გამო ანონიმურობას არჩევენ; ასეპასუხისმგებლობა არ წარმოიშობა, ხოლო რეალური სურათი საცნაური ხდება,ოღონდ - ისევ პოლიტიკურ მრუდე სარკეში არეკლილი. თვალში საცემია, რომნატოს ხელმძღვანელობაში არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი პიროვნება არაღმოჩნდა, რომელიც ამ განცხადებებს საკუთარ თავზე აიღებდა.
თუმცა ჯერ თვითონ «როიტერის» ინფორმაციას მივუბრუნდეთ: «ნატოს დიპლომატების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალიანსის ქვეყნებმა, რუსეთის გადამტერების თავიდან ასაცილებლად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს მისცეს პირველი ფორმალური ნაბიჯი ალიანსში შესასვლელად სექტემბრის სამიტზე. ნატო-რუსეთს შორის დაძაბულობის მატებისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი, რაც მას ნატოს წევრობის მიზანთან დაახლოებს, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მოკავშირე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, შიშობენ რა, რომ ამას რუსეთის შურისძიება მოჰყვება, სხვები კი ამბობენ, რომ მაპის მიუნიჭებლობა გამოჩნდება ისე, თითქოს ნატო ამით თავს უხრის რუსეთის ზეგავლენას. ნატოს ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ალიანსი 50/50-ზეა გაყოფილი და, შესაბამისად, შორსაა სასურველი კონსენსუსისგან».
რა არის ამ ციტატაში ჩვენთვის ახალი? არც არაფერი! უბრალოდ, მიუხედავად ნატოსმაღალი წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა, რომ საქართველოს არათუნატოში არ (ვერ) მიიღებენ, არამედ არც რუსეთს გადაიმტერებენ, «ნაცმოძრაობისგან» წაქეზებული ახალი ხელისუფლება კვლავაც ჯიუტად იმეორებს, რომ «ამ გზას არ გადაუხვევს და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი». ახლა ნატო ამ ფორმით კიდევ ერთხელ ატყობინებს საქართველოს, რომ ფუჭი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა რუსეთისფაქტორის ავტორიზებულად ხაზგასმა ნატოში არ უნდათ და შეფარვით, «როიტერის» პირით გვეუბნებიან.
«მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა, ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროთი არის წარმოდგენილი უკრაინის საზღვართან, ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა საქართველოსთვის მაპის ახლა მინიჭება. «ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მაპს მიიღებენ», _ განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით და განმარტა, რომ ნატომ არ უნდა გამოიჩინოს სისუსტე, მაგრამ, ასევე არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც «გააღიზიანებს რუსეთს და თან ეს არაფერს მოუტანს ალიანსს». სხვა ქვეყნის დიპლომატის თქმით, «რუსეთის გამო საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმა არასწორი საქციელია», _ წერს «როიტერი».
ამასთანავე, «როიტერის» ინფორმაციით, კიდევ ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ნატოს 28 წევრიდან 12-მდე წევრი თავს იკავებს საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე. შესაბამისად, მისივე პროგნოზით,ალიანსი ვერ შეძლებს, აუცილებელ კონსენსუსს მიაღწიოს».
არც ამ ციტატაშია რამე ახალი ჩვენთვის. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მაპი და«მაპზე უკეთესი» იმდენი ხანია, შიდაპოლიტიკური (და არა მხოლოდ)სპეკულაციების საგანია, რომ ნატო შეგნებულად «აჟონინებს» ამ ინფორმაციას,რუსეთთან დამატებითი დაძაბულობის წყარო რომ არ შექმნას. როგორც ჩანს, ნატოს ადმინისტრაციამ სერიოზულად იმუშავა ამ საკითხზე და სრულიად ახალი, ხმამაღალი, მაგრამ არაფრის დამავალდებულებელი ფორმულირება მოიფიქრა:
«სავარაუდოა, რომ ნატო შეჩერდება კომპრომისზე, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის «გაძლიერებული თანამშრომლობის» პაკეტის მიცემას, რაც მაპისკენ მიმავალი ნაბიჯია. ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორებიცაა უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში».
დააკვირდით, თუ ბუდაპეშტის სამიტზე «მაპზე უკეთესი» უკვე მივიღეთ, ახლა, სექტემბერში, უელსის სამიტზე მხოლოდ «მაპისკენ მიმავალ ნაბიჯს» ვდგამთ!სხვა დროს და სხვა საკითხზე პროლეტარიატის ბელადს, ლენინს, კიდევ უფროსხარტი ფორმულირება ჰქონდა ნაპოვნი: «ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან!» მაინც რა არის ეს «გაძლიერებული თანამშრომლობა»? ნატომ «როიტერის» პირით შემოგვითვალა, რომ ეს იქნება «უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა,საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში». ბოლოდან დავიწყოთ: ნაკლებ სავარაუდოა, რომელიმე ახალი თენგიზ გოგოტიშვილის ან ნანუკა ჟორჟოლიანის ოფისის უკეთ დაფინანსება, საქართველოს უსაფრთხოებას აძლიერებდეს, ხოლო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა საქართველომ ნატოს წევრობა მიიღოს რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე? _ ნათლად აქვს ნათქვამი:
- თეორიულად კი შესაძლებელია ნატოში შესვლა ამ საკითხის მოგვარების გარეშე. მთავარია, საქართველომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების სტატუსის შესახებ. ცალკეული პირები სახელმწიფოში ამ შესაძლებლობაზე უკვე ლაპარაკობენ. შესაძლებელია, იყო ნატოს წევრი და აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები არ ხვდებოდეს მე-5 მუხლის დაცვის ქვეშ (მეხუთე მუხლი ეხება ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს და ნატოს წევრი ქვეყნების კოლექტიურ დაცვას) და ეს ზონები მუხლის გარეთ დარჩეს. საქართველოს მთლიანად შეუძლია ნატოს წევრი იყოს, მაგრამ ეს ტერიტორიები აღნიშნული მე-5 მუხლის დაცვის გარეთ რჩებოდეს. ამჟამად ამის შესახებ ფიქრობენ და ლაპარაკობენ.
- ვინ არიან ისინი?
ეს არიან თქვენი ქვეყნის სხვადასხვა მოქალაქეები».
როგორც ვხედავთ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიც ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა. «სხვადასხვა მოქალაქეები», რომელთაც ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე შესვლა ეჩქარებათ, საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობენ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიც სწორედ ამიტომ არ ასახელებს მათ.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საქართველოს მთლიანობას ნატო საკუთარ მთლიანობას არ გადააყოლებს. ამას «როიტერიც» ადასტურებს თავის ინფორმაციაში:
«აშშ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ალიანსის მთლიანობის შენარჩუნებას, მაშინ, როდესაც ნატო რუსეთთან უკრაინის თემის გამო კონფრონტაციაშია.
საფრანგეთი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მაპის მისანიჭებლად ახლა შეუფერებელი დროა. ასევე წინააღმდეგია გერმანიაც», - აცხადებენ დიპლომატები.
«ასევე ზოგიერთი მოკავშირე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ნატო, რომლის შეზღუდული სამხედრო განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის კრიზისის შედეგად გამოვლინდა, შეძლებს თავისი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის «ზურგგამაგრებული», - აღნიშნავს «როიტერი».
უკვე მერამდენედ ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ისეთი ალიანსის წევრობა, რომელიც უსაფრთხოების ვერანაირ გარანტიას ვერ გვაძლევს და გვირჩევს, ისეთი სტატუსი მოვუფიქროთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რომ მათზე კოლექტიური თავდაცვის მუხლი არ ვრცელდებოდეს? პასუხი ნათელია, მაგრამ ახალი ხელისუფლება წინას რიტორიკას განაგრძობს და თავი კვლავაც ნატოს «ღია კართან» წარმოუდგენია.საქართველოში კარგად იციან, რას ნიშნავს, სტუმარს ზღურბლზე, ღია კართან რომ გააჩერებ და შინ არ შეუშვებ. ეს არ იცის მხოლოდ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელსაც ღირსებასა და უსაფრთხოებაზე ერთობ უცნაური წარმოდგენა აქვს. ღირსება მათ ბრიუსელის კრემლის დერეფნებში სიარული ჰგონიათ, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენიათ.
ერთი სიტყვით, ნატოს «როიტერის» პირით ჩვენთვის ახალი არაფერი უთქვამს. ყოველივე ეს, დიდი ხანია, ცნობილია. ბრიუსელში ახლა ნატოს ორდღიანი მინისტერიალი იმართება, რომელზეც იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა აისახოს უელსის სამიტზე «ფორმალურად საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, საქართველოს პროგრესი იმ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველომ აიღო ნატო-საქართველოს ურთიერთობაში და ასევე, ის ძალისხმევა, ის კონტრიბუცია, რომელიც საქართველომ გაწია, როგორც ალიანსის პარტნიორმა ქვეყანამ და ალიანსის კანდიდატმა ქვეყანამ. ნამდვილად, სპეკულაციებს უნდა მოვერიდოთ, რამეთუ ჩვენი პარტნიორები სერიოზულად ფიქრობენ, რა იქნება შესაბამისი ფორმატი, როგორ ჩამოყალიბდება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები», - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
ჩვენი კონტრიბუციის გამო ნატოს ოპერაციებში, ანუ ადამიანურად რომ ვთქვათ,ჩვენი იაფი ჯარისკაცების გაგზავნის გამო მსოფლიოს ყველაზე ცხელწერტილებში ნატოს მესვეურები მადლობას კიდევ ერთხელ გვეტყვიან, ხოლოჩვენი მთავრობის კმაყოფილი წევრები წლის ბოლოს კვლავაც ათეულობით ათასლარიან პრემიებს გამოიწერენ. იქნებ ამას ეწოდება «გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი»?
დასასრულ - ნატოს კართან უშედეგო დგომას (არ გაგვიცივდნენ ორპირში!), ჩვენმა მთავრობამ იქნებ საკუთარ ხალხზე ფიქრი ამჯობინოს, თორემ არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია შორს და «მდუმარე პროტესტი», შესაძლოა, მონაგონი აღმოჩნდეს!