წინასაარჩევნო ,,ბოლი' და მერობის კანდიდატთა ,,ბლეფი' დაპირებები

წინასაარჩევნო ,,ბოლი' და მერობის კანდიდატთა ,,ბლეფი' დაპირებები

რატომ ვერ შეძლებდა მელია მგზავრობის გადასახადის შემცირებას, ლორთქიფანიძე ბიზნესის ხელშეწყობას, კუკავა ბიზნესსესხების გაცემას, ინაშვილი კი ბინების უფასოდ დარიგებას

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უმუშევრობა და ახალი სამუშაო ადგილები - ეს თბილისის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ძირითადი მიმართულებებია. ზოგადად, ნებისმიერ არჩევნებზე კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი სავსეა არარეალური დაპირებებით. ეს განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც ცალკეული კანდიდატის ეკონომიკური მესიჯები თბილისის მერისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა. ამ სტატიის მომზადება წინასაარჩევნო პერიოდში გადავწყვიტეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ამომრჩეველზე ზეწოლაში ბრალი არ დაედოთ, დროებით გადავდეთ. ახლა, როდესაც არჩევნების პირველი ტური დასრულდა, სადაც ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, ვფიქრობთ, დროა, თბილისის მერობის ძირითად კანდიდატთა პროგრამების ეკონომიკური ნაწილი გავაანალიზოთ და ვნახოთ, რა იყო მათ შორის რეალური ან ირეალური. შეფასებებისა და კანდიდატთა პროგრამების გასაანალიზებლად, თითქმის ყველა ცნობილ ეკონომიკის ექსპერტსა და რამდენიმე მარკეტოლოგსაც დავუკავშირდით, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა მიზეზით, რომ ჯერ შედეგები საბოლოოდ ცნობილი არ არის და წინ არჩევნების მეორე ტურია. ვფიქრობთ, სწორედ მეორე ტურის წინ უნდა შევაფასოთ რეალობა, რათა ამომრჩეველი აღარ მოტყუვდეს. ერთადერთი ექსპერტი, რომელმაც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე უარი არ განაცხადა და რომელსაც ,,ვერსია’‘, მისი კოლეგების დახმარებით დაუკავშირდა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ზურაბ გარაყანიძე გახლავთ      

მილიონი ხე თბილისში
,,ქართული ოცნების’‘ მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას ჯერ ,,არათბილისელობა’‘ დაუწუნეს, მერე მკვეთრად გამოხატული მეგრული აქცენტი და ბოლოს ,,ტარზანიც’‘ კი უწოდეს იმის გამო, რომ თბილისსა და მის შემოგარენში მილიონი ხის დარგვას დაგვპირდა. თუ ნარმანია მეორე ტურში გაიმარჯვებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 800 000 000 ლარზე მეტს დახარჯავს. ნარმანია პროფესიონალი ეკონომისტი და საკმაოდ ძლიერი მენეჯერია და ალბათ, ესაა მიზეზი, რომ მისი პროგრამის ეკონომიკური ნაწილი საკმაოდ რეალისტურია. საარჩევნო პროგრამის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებს. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მიუსაფარი ადამიანების დახმარება, დევნილთა პრობლემები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და ქალაქის გამწვანება - დავით ნარმანიას პროგრამის პრიორიტეტებია. ,,ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე, ამიტომ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ 1 000 000 ხეს. თბილისის მერია არც ერთ სამშენებლო პროექტს არ დაამტკიცებს, თუ მასში გამწვანებისა და პარკირების კომპონენტები არ იქნება გათვალისწინებული’‘, - ამბობდა ნარმანია და სწორედ მილიონი ხის დარგვაა ის თემა, რომელიც კითხვისნიშნებს აჩენს. საინტერესოა, როგორ ან რა სახსრებით აპირებს ბატონი დავითი თბილისში მილიონი ხის დარგვასა და დედაქალაქის უღრან ტყედ გადაქცევას. რა თქმა უნდა, საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი ეკონომისტი არ დაუშვებს, მილიონი ხის ნერგის შესაძენად, თბილისის ბიუჯეტში სხვა, რომელიმე პრიორიტეტული სფეროს დაფინანსება შეამციროს. მოკლედ, ნარმანია ნიკო ფიროსმანი არ არის, რომელიც მთელ ქონებას მილიონ ვარდში დაახურდავებს, მაგრამ თუ თბილისის მთავრობის ან საკრებულოს წევრებს არაადეკვატურად მაღალ ხელფასსა და პრემიას არ გამოუწერს, მილიონს თუ არა, ნახევარ მილიონ ხეს უეჭველად დარგავს. ზურაბ გარაყანიძე: ,,ნარმანიას არ უთქვამს, რომ მილიონ ხეს ქალაქის ცენტრში დარგავს, თბილისის შემოგარენს რომ გახედოთ, ცუდი არ იქნება, თუკი ვინმე მის გამწვანებაზე იზრუნებს. ზოგადად, ეს ცუდი იდეა არ არის, მაგრამ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა სახსრებით აპირებს ქალაქის შემოგარენის გამწვანებას. თუ მაგალითად, საკრებულოს ზედმეტ ხარჯს მოაკლებს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. დავით ნარმანიას პროგრამაში ყველაზე მეტად საინტერესო, პროგრამული და მიზნობრივი ბიუჯეტის შექმნის კონცეფციაა თბილისში, რაც საკმაოდ პროგრესული ნაბიჯია. ევროპის ყველა მოწინავე ქვეყანაში, სადაც თვითმმართველობებია განვითარებული, ბიუჯეტის შედგენის საფეხურები პროგრამული და მიზნობრივი ამოცანების გადაწყვეტას ეყრდნობა’‘.   
            
,,არაო, არაო, მელამატყუარაო, არწამოვალთ, არაო’‘...
ბიზნესის განვითარება, დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობის შემცირება და ყველა მოქალაქის ოჯახში კეთილდღეობის შეტანა, - ეს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილია. ,,გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრიასა’‘ და ,,ოცნებები არ სრულდებას’‘ შემქნელებისგან ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში ისეთი აბსურდული დაპირებები მოვისმინეთ, ამას ისევ შევარდნაძისდროინდელი მილიონი სამუშაო ადგილის ბლეფი სჯობდა. დედაქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის, ნიკა მელია გადასახადების შემცირებას, საწვავსა და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმებას, საგადასახადო ამნისტიასა და ახალ რეგულაციებზე მორატორიუმის დაწესებას აპირებდა. პროფესიონალი, გამოცდილი და მენეჯერული თვისებებით დაჯილდოებული, ძლიერი ეკონომისტების სიმცირეს ნაციონალური მოძრაობა აშკარად არ უნდა უჩიოდეს და ნუთუ, თვალთახედვის არედან გამორჩათ, რომ გადასახადების შემცირება, მით უმეტეს აქციზის გადასახადის გაუქმება, თბილისის მერის კი არა, საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა?! მეტიც, ნიკა მელია თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის საფასურის 20 თეთრამდე გაიაფებასაც გვპირდებოდა, მაგრამ დალოცვილო, ოთხიოდე წლის წინ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში არ ჩატარდა ყვითელი მიკროავტობუსების ავადსახსენებელი და სკანდალური ტენდერი? განა, ამ ტენდერში, სააკაშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, მეხინკლე ძმებმა შარანგიებმა არ გაიმარჯვეს და მერე, როგორ? ტენდერამდე, რამდენიმე საათით ადრე, დააფუძნეს ოთხი კომპანია, რომლებიც ზუსტად იგივე მისამართზე დაარეგისტრირეს, რომელზეც რესტორანი ,,შემოიხედე გენაცვალეა’‘ რეგისტრირებული და გიგი უგულავას დახმარებით, ,,მარშუტკების’‘ ტენდერი მოიგეს. მგზავრობის საფასური კი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაზარდეს და თბილისელები დაარწმუნეს, რომ კონდიცირებული, კომფორტული სამარშრუტო ტაქსების შენახვა ძვირი სიამოვნება იყო? უკაცრავად, ბატონო ნიკა, მაგრამ ,,თქვენი მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია, მოვიცვალეთ’‘ და თქვენდა სამწუხაროდ, ამ სისულელეების აღარ გვჯერა! ნიკა მელიას წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის რეალური დაპირებები სოციალურ სფეროს ეხება, რომლის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისა და პედაგოგებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნებოდა. მისი პრიორიტეტებია ავტოპარკის სრული განახლება და ქალაქის თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. გამარჯვების შემთხვევაში, მელია მეტროპოლიტენის ქსელის განვითარებასა და თანამედროვე ტრამვაის პროექტის განხორციელებასაც აპირებს, რაც საკმაოდ რეალისტურია. ზურაბ გარაყანიძე: ,,რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ეს დაპირება სრული აბსურდია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 91-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან გადასახადისგან გათავისუფლება, საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. შესაბამისად, ნიკა მელიას ეს დაპირება წინასაარჩევნო ლოზუნგს უფრო ჰგავს’‘.  
                        
ეკონომიკური ,,სადღეგრძელოები’‘ დიმიტრილორთქიფანიძისგან
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის’‘ თბილისის მერობის კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებდა, მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმა - „თბილისის კონსტიტუცია“ შეიქმნებოდა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, პოლიტიკური არასტაბილურობა და მაღალი გადასახადები აფერხებს, ნაციონალი ნიკა მელიას მსგავსად, დიმიტრი ლორთქიფანიძესაც ,,დაავიწყდა’‘, რომ მაღალი გადასახადების შემცირება პარლამენტის ფუნქციაა. დიმიტრი ლორთქიფანიძე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეც აკეთებდა აქცენტს, მაგრამ როგორ, რა პრინციპით ან რა მექანიზმით, არ დაუკონკრეტებია. ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის დაძლევა ყველა კანდიდატის დაპირებების ლაიტმოტივი იყო, რაც ქვეყანაში შექმნილი სოციალურეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. მერად არჩევის შემთხვევაში, დიმიტრი ლორთქიფანიძე პენსიონერებისა და უმწეოებისთვის აუცილებელი მედიკამენტებისათვის, თვეში 25-ლარიანი დანამატის გადაცემას ადგილობრივი ბიუჯეტიდან აპირებდა, რაც საკმაოდ დამაჯერებელი და რეალური იყო. ზურაბ გარაყანიძე: ,,ლორთქიფანიძეს ერთ რამეში აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ, რადგან დედაქალაქს განვითარების გენერალური გეგმა უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, კონკრეტული ბერკეტები თუ არ გამოჩნდება, ამ დაპირების შესრულება გაძნელდება. სხვათა შორის, არასაპარლამენტო ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრად უფრო მოიგებდა, თუკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, კონკრეტულ ბერკეტებსა და წინადადებებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას’‘.      
            
,,ბანკირი’‘ კუკავას სესხები მცირე ბიზნესისთვის
არასაპარლამენტო ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას ერთ-ერთი ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის სესხების გაცემა და ადგილობრივი მცირე მეწარმეების მაქსიმალურად ხელის შეწყობა იყო. კუკავა მიკროავტობუსების სფეროში, ახალი ტენდერის ჩატარებასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე, მათი რაოდენობის გაზრდასაც გვპირდებოდა. კუკავა ამბობდა, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის შეღავათებს შეინარჩუნებდა, რაც საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა. ერთი შეხედვით, ეს ზუსტად ის მესიჯებია, რისი მოსმენაც ამომრჩეველს აშკარად გულზე მალამოდ მოედება, მაგრამ მცირე ბიზნესისთვის სესხების გაცემა კომერციული ბანკების ფუნქციაა და არა მერიის. დავუშვათ, თბილისის მერიამ კომერციული ბანკები დაარწმუნა, რომ მცირე ბიზნესისთვის სესხები შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით გასცეს, მაგრამ ამ პროცენტის გარკვეული ნაწილი ხომ მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ბიუჯეტიდან უნდა დააფინანსოს? განა, რამდენს გაწვდება თბილისის ბიუჯეტი, ან აიტანს დამატებით ხარჯებს? დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთი რამ გაიგონ, გაიაზრონ და ცხოვრების წესად დაიმკვიდრონ, რომ, როდესაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრობენ, მათდაუნებურად, პოლიტიკის ჩარჩოებს არ გასცდნენ და ეკონომიკურ სივრცეში არ გადაიჭრან. სახელმწიფო, კომერციული სტრუქტურა ან კერძო ბიზნესი არ არის, შესაბამისად, ვერც ცენტრალური და ვერც ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს, რომელი სფეროა პრიორიტეტული ბიზნესში. მეტიც, სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, უმუშევრობის პრობლემებსაც ბიზნესი აგვარებს და ამას ვერცერთი პოლიტიკოსი გადაჭრის! ბიზნესის ხელშეწყობა გსურთ? შეღავათიანი საგადასახადო გარემო შექმენით, კანონები დახვეწეთ და ზედმეტი რეგულაციებისგან გაათავისუფლეთ. სხვა, დანარჩენი თქვენი, პოლიტიკოსების საქმე არ არის, ბაზარი გადაწყვეტს, ბიზნესის რომელი სფეროა პრიორიტეტული! ზურაბ გარაყანიძე: ,,მცირე სესხების გაცემა კომერციული ბანკების ფუნქციაა, მაგრამ მეორე კუთხით შევხედავთ, არსებობს მექანიზმი, რომლითაც თბილისის მერიას, ქალაქის მუნიციპალიტეტს, კერძო ბანკებთან ხელშეკრულებების საშუალებით შეუძლია დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს. ამ შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირებას ვგულისხმობ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ თბილისის ბიუჯეტში რეზერვები გამოინახოს’‘. 
                  
საარჩევნო კონტექსტიდან ამოვარდნილი ლეიბორისტები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 16 ივნისს, თბილისის ცენტრში გაშლილი სუფრა და ქეიფი გაურკვეველი ვადით გადაიდო... ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, მსახიობ ასმათ ტყაბლაძის დედაქალაქის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ხედვის ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და ხალხის დასაქმება იყო. ასმათ ტყაბლაძის მთავარი საბიუჯეტო პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკოლოგია და რეკრეაციული ზონების შენარჩუნება- გაზრდა და დასუფთავება გახლდათ. ტყაბლაძე ამბობდა, რომ უსახლკარო თბილისელებისთვის მუნიციპალური თავშესაფრები და სახლები აშენდებოდა, ქალაქს ნაგვის ურნები დაემატებოდა და უფრო ორგანიზებული გახდებოდა ქუჩების, ეზოებისა და პარკების დასუფთავება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ლეიბორისტული პარტია კონტექსტიდან ამოვარდა. სამწუხაროდ, მემარცხენე იდეოლოგიური შეძახილები და შალვა ნათელაშვილის რიხიანი ტონი ამ პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს აშკარად მოაკლდა. როგორც ჩანს, ნაგვის ურნების დამატებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის იდეამ ამომრჩეველზე არ იმუშავა, რაც საბოლოოდ, არც ისე სახარბიელო შედეგებზეც აისახა. ზურაბ გარაყანიძე: ,,ყველა პარტიას თავისი სოციალური ბაზა უნდა ჰქონდეს. ლეიბორისტების სოციალური ბაზა კი მშრომელები არიან, რადგან ეს შრომის პარტიაა, რომელიც მშრომელთა ფართო მასების მოთხოვნებს უნდა ეყრდნობოდეს. ცოტა უცნაური იყო, რომ ლეიბორისტებმა ხეების დარგვასა და ურნების დადგმაზე დაიწყეს საუბარი. მთავარი აქცენტი შრომის კოდექსში არსებულ საფრთხეებზე უნდა გაეკეთებინათ და ვფიქრობ, გაცილებით უკეთეს შედეგსაც მიიღებდნენ’‘.      
             
უფასო ბინები და ტანსაცმელი უსახლკაროებს!
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დედაქალაქის მერობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის პრიორიტეტი მუნიციპალური ბინათმშენებლობის პროექტია, რომლის მიხედვითაც პირველადი შენატანისა და გირაოების გარეშე, დაინტერესებული პირები 20-წლიანი განვადებით მიიღებდნენ ბინებს. 200 უსახლკაროს კი ბინებს სრულიად უფასოდ გადასცემდა. ირმა ინაშვილის პროგრამის მიხედვით, დამწყები ბიზნესმენებისთვის 10 000-დან 15 000 ლარის სესხებსაც გამოყოფდნენ. თუმცა, მის დაპირებებში ყველაზე საინტერესო სასადილოების ქსელისა და ტანსაცმლის ატელიეების შექმნის იდეა იყო, რომელიც სოციალურად დაუცველებს სრულიად უფასოდ მოემსახურებოდა. ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’‘ ეკონომიკური დაპირებები ზედმეტად კომუნისტურად ჟღერდა. უფასო ბინები, რასაც ინაშვილმა უსახლკაროების უფასო შემოსვაც დაუმატა, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ყრილობაზე წარმოთქმულ ხუთწლედის გეგმას უფრო ჰგავდა, რასაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან საერთო არაფერი აქვს. ერთადერთი, რეალური დაპირება, რაც ირმა ინაშვილის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს ახლდა, დედაქალაქში მუნიციპალური საავადმყოფოსა და 25 პოლიკლინიკის შექმნის იდეა იყო. სოციალისტური დაპირებების მიუხედავად, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა’‘ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოიპოვა და საარჩევნო ბარიერიც გადალახა. ზურაბ გარაყანიძე: ,,ამ პარტიას ასეთ მაღალ შედეგსა და რეიტინგს არავინ უწინასწარმეტყველებდა, რაც იმან განაპირობა, რომ ირმა ინაშვილს რადიკალურად განწყობილმა ელექტორატმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ბინების უფასოდ დარიგებას, ამაზე ძველი გამონათქვამი მახსენდება: ,,უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია’‘. ამ ტიპის სოციალური დაპირებების შესრულება ისეთ ქვეყნებსაც კი უჭირთ, როგორიცაა შვედეთი და ნორვეგია, რომლებიც სოციალურად ორიენტირებული, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებია. ჩვენ ჯერ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბინები უფასოდ დავარიგოთ და უფასო ატელიეები ავაშენოთ’‘.           
P.s. თბილისის მერობის კანდიდატთა პროგრამების ეკონომიკურ ნაწილში გაცემულმა ირეალურმა დაპირებებმა საღად მოაზროვნე ამომრჩეველი ისე დააფიქრა, არჩევნებზე წასვლა გადაიფიქრა. დაბალი აქტივობის გამო, 8 თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტური გველის. კარგი იქნება, თუკი მერობის კანდიდატები ამ შენიშვნებს გაითვალისწინებენ და ამომრჩეველს უფრო რეალურ მესიჯებს შესთავაზებენ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული დაბალი აქტივობა კი ხალხში გაჩენილი ნიჰილიზმის შედეგია. შესაბამისად, ეს არჩევნები ხელისუფლებისთვის გაკვეთილად უნდა იქცეს, რათა მომავალში იგივე შეცდომები აღარ დაუშვას, ქამრები კარგად შემოიჭიროს და არაადეკვატურად მაღალ ხელფასებზე, პრემიებსა თუ ძვირადღირებულ ავტომობილებზე უარი თქვას!