შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მონიკა ლენჰარდი, საელჩოს პირველი მდივანი, კანცლერი მარტინა ქრისტოფერსონი, კრიზისებზე რეაგირების კონსულტანტი ინგო სერა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს თანამშრომელი კლაუს ბუხმილერი და გერმანიის კრიზისებზე რეაგირების ცენტრის თანამშრომელი იანა კირხი. სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და მისმა მოადგილეებმა - ლევან ბუიღლიშვილმა და თეიმურაზ კორძაიამ უმასპინძლეს. შეხვედრაზე სტუმრები დეტალურად გაეცნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს, ამოცანებს, სამომავლო გეგმებს, საკანონმდებლო სივრცეს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში კატასტროფების მართვა. დელეგაციის წევრებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს მოსაძებნად ჩატარებული ფართომასშტაბიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაუმჯობესებისთვის. გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზაობა სხვადასხვა პროექტის საშუალებით დახმარება გაუწიოს დეპარტამენტს.