როგორ იუბილეებს იხდიდნენ

როგორ იუბილეებს იხდიდნენ "ნაციონალები" და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე?!

სახელმწიფო უზრუნველყოფის  სამსახური საქართველოში კომუნისტების დროს დაარსდა. ამ სამსახურის მოვალეობა სახელმწიფოს პირველი პირისა და სხვა დიდჩინოსანთა, მათი ოჯახების კომფორტული ცხოვრების უზრუნველყოფა იყო. მაღალი თანამდებობის პირები, ვიდრე ამ პოსტებზე მუშაობდნენ, ოჯახებითურთ ამ უწყების კმაყოფაზე იყვნენ. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც, ცხადია, ეს სამსახური შენარჩუნდა და მისი სიკეთით ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე, მათი მინისტრები და სხვა დიდმოხელენი სარგებლობდნენ. თუმცა, არც ერთ მათგანს ამ სამსახურით ბოროტად არ უსარგებლია, მისი ბიუჯეტი საკუთარ ჯიბის ფულად არ უქცევია. ყოველ შემთხვევაში, არც გამსახურდიას და არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ამ სამსახურის ხარჯების უყაირათოდ ხარჯვის ფაქტები არ გახმაურებულა. ამგვარი რამ რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ, შევარდნაძის მთავრობა სიამოვნებით აუფრიალებდა ზვიად გამსახურდიას (ორი დაჯავშნილი "მერსედესი" ამოაშხამეს გამსახურდიას და ამგვარ ფაქტებს დამალავდნენ?). მიხეილ სააკაშვილიც სიამოვნებით გადმოუყრიდა ამგვარ კომპრომატებს შევარდნაძეს, მაგრამ არც გამსახურდია, არც შევარდნაძე და არც მათი ჩინოვნიკები არ დახარბებიან ბიუჯეტს, ამ სამსახურიდან იმაზე მეტი არ მიუღიათ, რაც კანონით  ეკუთვნოდათ მათ და მათ ოჯახებს. 

მიხეილ სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერებმა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სიკეთით ისარგებლეს კი არა, მეძუძური გოჭებივით დაეწაფნენ და პირს არ აშორებდნენ. იმდენად ამაზრზენად ექცეოდნენ მის ბიუჯეტს, ამის ანალოგი აფრიკისა და შუა აზიის ავტოკრატიულ ქვეყნებში თუ მოიძებნება. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, ბიუჯეტის ხარჯზე, ღრეობებს არ აწყობენ. "ქრონიკა" ექსკლუზიურად გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს, როგორ უნამუსოდ მოიხმარდნენ საბიუჯეტო სახსრებს ყოფილი ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკები. 

2004 წელს ეს სამსახური სააგენტოდ გადაკეთდა, მაგრამ ფუნქცია იგივე დარჩა. სააგენტო პრეზიდენტის, მინისტრების, პარლამენტის სპიკერატის წევრების, უშიშროების საბჭოს მდივნისა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის ოჯახს ყოველმხრივ უზრუნველყოფდა. "ქრონიკა" შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას, რა განცხრომაში ცხოვრობდნენ ჩვენი ყოფილი მმართველები, რა და რა სახის მომსახურება ჰქონდათ მათ ოჯახებს ბიუჯეტიდან. ამჯერად კი წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში მათ მიერ გამართულ წვეულებებზე მოგახსენებთ. ცხადია, ყველა მათგანი სახელმწიფო მომსახურების სააგენტომ დააფინანსა და თანაც უშურველად. 

2008 წლის 22 სექტემბერს, დავით კეზერაშვილმა წყნეთში დიდი დაბადების დღე გადაიხადა. სააგენტომ თავდაცვის მინისტრის ოჯახში გამართული წვეულებისთვის 17 000 ლარი გამოყო. ეს ფული მარტო ხორაგში არ დახარჯულა, 2500 ლარი "პიროტექნიკური საშუალებებისთვის", ანუ მაშხალებისთვის არის გამოყოფილი. ეგეთი რა ისროლეს, რომ ამხელა თანხა დაჯდა? ჯანდაბას, ჭამდნენ და თქვლეფდნენ ამ სახელმწიფო ბიუჯეტს, ეს ისედაც ვიცით და ბევრს, შესაძლოა, არც კეზერაშვილის დღეობისთვის გამოყოფილი ეს 17 000 ლარი გაუკვირდეს, მაგრამ აქ ორი რამ არის მართლა აღმაშფოთებელი. ერთი, რომ დავით კეზერაშვილი იმ დროს უზარმაზარ ბიზნესს აკონტროლებდა, ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უკვე იყო. 17 000 ლარი მისთვის ერთი სადილის ფული გახლდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, სააგენტოს ბიუჯეტს დაეხარბა და საკუთარ დაბადების დღეზე გასასროლი მაშხალების ფულიც კი ბიუჯეტს გამოღლიტა. მეორე და მართლა უდიდესი უზნეობა ის არის, რომ დავით კეზერაშვილი ამ დაბადების დღეს 2008 წლის 22 სექტემბერს იხდის. ვინმე მეტყვის, როცა დაიბადა, დაბადების დღესაც იმ დღეს გადაიხდიდა, ამაში რა არის გასაკვირი, აბა, დეკემბერში ხომ არ გადაიტანდაო? იმ დღეს, როცა კეზერაშვილმა წყნეთში ეს ღრეობა  მოაწყო, რუსეთ-საქართველოს ომი თვე-ნახევრის დამთავრებული იყო. თუმცა, სამეგრელოს რაიონებიდან და შიდა ქართლის რეგიონიდან რუსი ჯარისკაცები ჯერ კიდევ არ იყვნენ გასულნი, ათეულათასობით დევნილი კარვებში ცხოვრობდა, საქართველოს ევროკავშირი და ამერიკა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდა, ცხინვალში, ტყვე ქართველი ჯარისკაცები დილეგებში ეყარნენ, ომში დახოცილი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე ლპებოდა. ამ დროს, თავდაცვის მინისტრი წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში დიდ დაბადების დღეს იხდის და მაშხალებსაც ისვრის, - რა კარგია, ამქვეყნად რომ გავჩნდიო. სხვა სფეროსა და რანგის ჩინოვნიკს ეს რომ გაეკეთებინა, რაღაც გამართლება იქნებ გამოეძებნა კაცს, მაგრამ ამას აკეთებს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ომი წააგო და რომლის ქვეყანაც იმ დროს უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. ანდა გაჭირვება რა სახსენებელია, ქვეყანამ კატასტროფა განიცადა - ტერიტორიების 20% დაკარგა და 115 ათასი კაცი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ცინიზმი, საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება ამაზე შორს ვეღარ წავა. ამის შემდეგ ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ხარჯებში, დავით კეზერაშვილისა და "ნაციონალთა" სხვა ჩინოვნიკებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერებისთვის გამოყოფილ თანხებსაც წავაწყდე სადმე. 

2008 წლის 21 ნოემბერს, იმავე სააგენტომ, 8500 ლარი გამოყო ყოფილი განერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად. დღეობა ისევ წყნეთში გაიმართა, მაშხალები არც ამჯერად დავიწყებიათ - ამისთვის 800 ლარია გამოყოფილი. მაია მესხიშვილის საიუბილეო ტორტი კი ბიუჯეტს 300 ლარი დასჯდომია. ადეიშვილი ქვეყანაში პირველი რეკეტიორი იყო. მას ევალებოდა ბიზნესმენთა დაწიოკება და "ნაციონალთა" საბანკო ანგარიშის შევსება. თუმცა, ეს თანხები მიზერია იმასთან შედარებით, ადეიშვილის მიერ დაშინებულ და დამონებულ ბიზნესმენებს "ნაციონალთა" "შავ სალაროში" რომ შეჰქონდათ  ქეშად. ეს ფული თავად ადეიშვილთან მიდიოდა - "ნაციონალთა" "ობშიაკი" მას ებარა. გარდა ამისა, რამდენიმე მსხვილ ბიზნესმენს დავალებული ჰქონდა, გენერალური პროკურორისა და მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი ახირება დაეფინანსებინა. მათი ფულით დაგრიალებდა ადეიშვილის ცოლ-შვილი უცხოეთში - პრესტიჟულ კურორტებზე ისვენებდნენ, მილანსა და პარიზში შოპინგობდნენ, რომელ მანქანასაც ისურვებდნენ, კონკრეტული ბიზნესმენი ცინცხალს ჩამოუყვანდა საზღვარგარეთიდან, საკრედიტო ბარათებზე ფულს ურიცხავდნენ... ამის მიუხედავად, ეს მართლა წურბელა, ადგა და ბიუჯეტს მიეძალა და ცოლის დაბადების დღე სააგენტოს შეუკვეთა. 

აბა, გენერალური პროკურორის ცოლს შინაგან საქმეთა მინისტრის  ცოლი როგორ ჩამორჩებოდა? ამ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილი ხომ ყველაფრის დე ფაქტო მინისტრი იყო და ვინ ეტყოდა უარს, საკუთარი მეუღლე გაენებივრებინა ბიუჯეტის ხარჯზე? ვერც ვერავინ! 2011 წლის 24 მაისს თაკო სალაყაია-მერაბიშვილისა 30 წლისა გახდა. ქვეყნის პირველი მინისტრის ცოლის იუბილეს აღნიშვნა სააგენტოს 19 600 ლარი დაუჯდა. ცხადია, არც აქ დავიწყებიათ მაშხალების ფულის გამოყოფა - 4000 ლარი. თუ ფასის მიხედვით ვიმსჯელებთ, მერაბიშვილის ცოლის საიუბილეო ტორტი, ადეიშვილის ცოლის ტორტს, სავარაუდოდ, ბევრად სჯობდა, რადგანაც სააგენტოს ის 700 ლარი დაუჯდა. 

თავად ვანო მერაბიშვილის დაბადების დღისთვისაც გაისარჯა სახელმწიფო. აბა, ამხელა მინისტრის დაბადების დღის აღნიშვნას ჩვენ, გადასახადების გადამხდელები, რომ არ შევწეოდით, როგორ შეიძლებოდა? 2010 წლის 15 აპრილს, მერაბიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, სააგენტომ 29 000 ლარი გამოყო. ტორტისა და მაშხალების თანხა არ არის მითითებული, მაგრამ სამაგიეროდ, ამ ფულიდან 6000 ლარი "მუსიკოსების მომსახურებისთვის" არის გამოყოფილი. დაკონკრეტებული არ არის, რომელ მუსიკოსებსა და მომღერლებს გადაუხადეს ჰონორარი ვანოს დღეობის გალამაზებისთვის, მაგრამ ამას დიდი მიხვედრა არც უნდა. ყველამ ვიცით, "ნაცმოძრაობას" საკუთარი "მუზიკანტების დასტა" რომ ჰყავდა და სადაც სუფრას გაშლიდნენ, ამ ხალხსაც იქ ეძახდნენ, ამღერებდნენ, ისიამოვნებდნენ და ჰონორარს ბიუჯეტიდან უხდიდნენ. ჰო, ვანო მერაბიშვილმაც და თაკო სალაყაიამაც დაბადების დღეები წყნეთში აღნიშნეს. 

გია ბარამიძე გამოდის დღეს და სხვას აკრიტიკებს ბიუჯეტის არაყაირათიანად ხარჯვასა და გაფლანგვაში. არადა, 2004 წლიდან მოყოლებული, ვიდრე "ნაცმოძრაობა" თავიდან არ მოიცილა ხალხმა, ისიც და მისი ოჯახიც ბიუჯეტის კმაყოფაზე იყვნენ. ქართულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაციები, რომ ევროპაში მივლინებისას, ბარამიძის ბარებში სიარულსა და ქალების მომსახურების ხარჯებსაც კი ბიუჯეტი იხდიდა. კი, ნამეტანი უყვარს გია ბარამიძეს ბიუჯეტის ხარჯზე გრიალი და აბა, დაბადების დღის აღსანიშნავ ფულს თავად ხომ არ გაიღებდა? 2010 წლის 5 იანვარს, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის დღეობა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს 11 000 ლარი დაუჯდა. არა, ეს მაშხალები რომ არ ესროლათ ყველა დღეობაზე, არ შეიძლებოდა? ეს რა უბედურებაა? ისე, ეტყობა, ბარამიძეს დიდად არ უყვარს მაშხალები და მათ შესაძენად, სხვებთან შედარებით, მოკრძალებული თანხაა გამოყოფილი - 500 ლარი. არც მუსიკოსებისა და მომღერლების ხარჯია მითითებული - ეტყობა, სტუმრებთან ერთად თავად მღეროდა. 

აი, ასე "გულაობდნენ" ბიუჯეტის ხარჯზე "ნაციონალთა" ლიდერები. ცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამნადო, - სწორედ ამათ საქციელზეა ნათქვამი. თავად მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ხუშტურებისთვისაც უზარმაზარი თანხები აქვს გადახდილი სააგენტოს, ამის შესახებ "ქრონიკა" შარშანაც წერდა. მიშას საკუთარ დაბადების დღეებიც გადაუხდია ბიუჯეტის ხარჯზე და ოჯახის წევრებისაც. მეტიც, მიშას საყვარლებისთვის საჩუქრების ფულსაც სააგენტო იხდიდა. თუმცა, რაღა სააგენტო?! ჩვენ ვიხდიდით, საქართველოს თითოეული მოქალაქე. 

მიხეილ სააკაშვილმაც და მისი ხელისუფლების ლიდერებმაც კარგად იცოდნენ ამ სააგენტოს ფასი, უყვარდათ სახელმწიფოს ხარჯზე კომფორტი და სიამოვნება. ეს რომ ასეა, მიხეილ სააკაშვილის ერთ მეტად კურიოზულ ბრძანებას გაგაცნობთ. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს "ნაცმოძრაობამ" საპარლამენტო არჩევნები წააგო "ქართულ ოცნებასთან". ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა. 1 თვეზე ცოტა მეტი იყო გასული არჩევნებიდან და 2012 წლის 8 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის ძალითაც, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა. მიშამ იფიქრა, ბიძინა ივანიშვილმა ბაირამობის ეს საშუალება, სააგენტო არ წამართვას, ეს წყარო არ გადამიკეტოსო და პრეზიდენტს დაქვემდებარებულ სამთავრობო დაცვის სამსახურს გადასცა. ამ დროს, საკუთარი პარტია და ხელისუფლება, რაც დარჩა არჩევნების შემდეგ, თავზე ემხობოდა, მაგრამ ეს კაცი მაინც ბიუჯეტის ხარჯზე ნებივრობაზე ფიქრობდა. აი, ეგეთი პატარა და ხარბი კაცია მიშა. ჰოდა, დედაც იმიტომ ეტირა! 
მიშასა და "ნაციონალთა" თავგადაკლული ფანები თუ წაიკითხავენ ამ წერილს, კარგი იქნება - იქნებ ცოტა თვალში გამოიხედონ.