"ყოფილი პარლამენტარი თემურ ჩარკვიანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე საკუთარ სახლში იარაღით მოიკლა თავი. 2004 წლამდე ის მშენებლობის მინისტრი იყო. როგორც კი მიხეილ სააკაშვილის ბანდა მოვიდა ხელისუფლებაში, თანამდებობა დატოვა და კერძო ბიზნესში გადაინაცვლა. ბევრს გაუკვირდა, როცა ის თავისი ბიზნესით სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამას იძულებით აკეთებდა. თემურ ჩარკვიანის ახლობლები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ბანკის ვალები გახდა - მან მთელი ქონება დაკარგა და ეს ქონება მილიონებად იყო შეფასებული", - წერს გაზეთი "ქრონიკა"სტატიაში სათაურით რატომ მოიკლა თავი ყოფილმა პარლამენტარმა.
"ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ იძულებით ჩაადებინეს თანხა სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაში - სიღნაღში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. ის იყო სამშენებლო კომპანია "თბილისის" დამფუძნებელი. 2008 წელს თემურ ჩარკვიანი "ნაციონალებმა" პარლამენტშიც შეიყვანეს - სააკაშვილის მეთოდი იყო, ვისაც წველიდა, ახლოს უნდა ჰყოლოდა. მან იგივე მეთოდი გამოიყენა მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ, როცა ეს უკანასკნელი პარლამენტში შეაბრძანა და "ცენტრპოინტი" ბოლომდე გააკოტრა. ალბათ გახსოვთ, როგორ ტრაბახობდა სააკაშვილი სიღნაღის მშენებლობით. მან თემუტ ჩარკვიანს ტენდერი კი მოაგებინა, მაგრამ ათჯერ მეტი ფული დააყრევინა და სამშენებლო კომპანია "თბილისისგან" 2009 წელს აღარაფერი დარჩა. არადა ეს კომპანია იყო ჩართული გრანდიოზულ პროექტებში - სამების ტაძრისა თუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა. ცნობილია ისიც, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ჩარკვიანს შეასრულებინა უამრავი პროექტი ბათუმსა და ქობულეთში და როგორც ამბობენ, მას ხარჯები არ აუნაზღაურა ანუ "გადააგდო" - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე ამბობს, თემურ ჩარკვიანი მისი რძლის ახლო ნათესავი იყო და კარგად იცის, როგორც ჩაითრიეს ბინძურ პოლიტიკაში - "თემურ ჩარკვიანი ბათუმელი იყო და ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. ის პარლამენტში ნებით არ შესულა, პოლიტიკა არასოდეს არ აინტერესებდა. ლევან ვარშალომიძისა და მიხეილ სააკაშვილის თხოვნით თუ დაძალებით დათანხმდა და ასე გახდა ბათუმის მაჟორიტარი "ნაცმოძრაობიდან". მას ჰქონდა კარგი შემოსავალი და არაფერში სჭირდებოდა პოლიტიკა, მაგრამ ალბათ გახსოვთ, 2008 წელს "ნაციონალებს" ჰქონდათ პრობლემები, სააკაშვილს სჭირდებოდა ავტორიტეტული ფიგურებში და ამავე დროს სჭირდებოდა ბევრი ფული. მე ბათუმში არავინ მინახავს ამ ადამიანზე აუგის მთქმელი ან განაწყენებული. ნამდვილად ვიცი, რომ ოჯახშიც არანაირი პრობლემა არ ჰქონია. "ნაცმოძრაობამ" ის კაცი გამოიყენა, კარგად წველა, დაიყვანა ნულზე და შემდეგ მოიქნია. მას ბათუმში იმდენი ბიზნესი არ ჰქონდა, რამდენიც აღმოსავლეთ საქართველოსა და ქართლში. კაცი, რომელიც იყო წარმატებული ბიზნესმენი ყელამდე ვალებში დატოვა მიხეილ სააკაშვილმა", - ამბობს ბაკურიძე, რომლის თქმით, "ძალიან ბევრს უკვირს, რადგან ჩარკვიანი არ იყო ის ადამიანი, რომ ასე ხელაღებით თავი მოეკლა", - დასძენს გამოცემა.
"ერთ-ერთი ახლობლის თქმით, "სიღნაღი რომ გააკეთებინეს, მაშინ დაედო ვალები - ბანკების გარდა, კერძო ვალებიც ჰქონდა. მერე გაადეპუტატეს, ეგონა, ადეიშვილი დაუბრუნებდა, რაღაც ტენდერები მოაგებინეს და მერე ისევ გაწეწეს, როგორც იცოდნენ. შარშან შევხვდი - ისეთ რაღაცებს მომიყვა, ფული რომ მქონოდა, მივცემდი". ძნელია, გარდაცვლილს რამე უსაყვედურო, მაგრამ სწორედ ამაზეა ნათქვამი - მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალებმა" სამარის კარტან მიმიყვანესო. ეს ის სააკაშვილი გახლავთ, რომელიც დღეს დემოკრატიასა და პატიოსნებაზე გველაპარაკება შორიდან. თან დაგვცინის, უკრაინაში ჩასასვლელ ფულს ძლივს ვშოულობო..."ქრონიკა" მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს თემურ ჩარკვიანის ოჯახს", - წერს სტატიის ავტორი.