"ხელისუფლების პიარსამსახურის შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს"

"ამომრჩევლის დაბალ აქტიურობას უფრო ჩვენი სიზარმაცით ავხსნიდი, ზოგ შემთხვევაში კი ნაკლები პასუხისმგებლობითა და მოქალაქეობრიობის არცთუ მაღალი შეგნებით. ძნელად დასაჯერებელია, რომ ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ ჰყავს პიარსამსახური. ნამდვილად შეიძლებოდა უკეთესი კამპანიის წარმოებაც და უფრო დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმაც, მაგრამ, როგორც ჩანს, უპირველესად საკუთარი თავი დაირწმუნეს, რომ ყველაფერს თვითონ მოიგებდნენ და ამომრჩევლის წინაშე თავის მოწონება მაინცდამაინც სავალდებულოდ არ მიიჩნიეს", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლების პიარსამსახურის შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს" / "ვფიქრობ, მეორე ტურზე ამომრჩეველი უფრო მოტივირებული იქნება, რათა არ დაუშვას იმ კანდიდატის გამარჯვება, რომელიც მისთვის მიუღებელია".

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების გარეშეც პიარის არარსებობა ვნებს ნებისმიერ ხელისუფლებას. თუ საქმე სახელმწიფოს ეხება, დუმილი და მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, როდესაც ოპონენტები ხან საფუძვლიანად და ხანაც სრულიად უსაფუძვლოდ, თავს გესხმიან, არასწორია. რასაკვირველია, გამობრძმედილი და მაღალი კლასის პოლიტიკოსების დეფიციტს ვხედავ. მაქვს საკმარისი საფუძველი იმის თქმისა, რომ ხელისუფლების პიარსამსახურის ეს შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს და მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები, ოღონდ ქართველი კოლეგების გარეშე უცხოელი გიგანტებიც ვერ ჩასწვდებიან ჩვენი თანამოქალაქეების ფსიქოლოგიას. კიდევ უფრო დასაფიქრებელია, უნდა იყოს თუ არა მთავრობის ხელმძღვანელი ამა თუ იმ საკითხზე ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო და უნდა გააკეთოს თუ არა კომენტარი ყოველ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"კმაყოფილებით ვიტყვი, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არ შედრკა და გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი ასე მაღლა ასწია. ამით აჩვენა, რომ არა მხოლოდ ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, არამედ მნიშვნელოვან ნაბიჯებსაც დგამენ. ვფიქრობ, მეორე ტურზე ამომრჩეველი უფრო მოტივირებული იქნება, რათა არ დაუშვას იმ კანდიდატის გამარჯვება, რომელიც მისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ნარმანიას, მჯობნს მჯობნი არ დაელევა. არსებულ კანდიდატურებს თუ გადავხედავთ, ბატონ ნარმანიას აქვს უპირატესობა, ის პროფესიონალი ეკონომისტი, თავმდაბალი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისა და მხარდაჭერისთვის. ქვეყნისთვის ბევრად მისაღებია ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არ ასოცირდება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან და აქვს უნარი და სურვილი, წარმოადგენდეს მთელ ქვეყანას და არა ერთ პარტიას. შესაბამისად, მარგველაშვილის პოლიტიკური წონა სულ უფრო იზრდება, თან სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც მის მიმართ გააქტიურებულია ნეგატიური პროცესი. თავიდათავი არსებული დაპირისპირებისა, ჩემი აზრით, არის ჩვენი მთავრობის დამოუკიდებლობის ძალიან დაბალი ხარისხი", - მიიჩნევს ექსპერტი

"როგორც ჩანს, მთავრობა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა. ეს შეიძლება ბუნებრივიც იყოს, მაგრამ როგორც კი დავატყობთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს, ამაზე დუმილი დანაშაულია. ისევე როგორც დანაშაულია ის, რომ უკვე კარგა ხნის არჩეულ პრეზიდენტს არა აქვს შესაძლებლობა, მოიწვიოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომა. ამდენი გამოწვევის წინაშე მდგომ ქვეყანაში უშიშროების საბჭოს სხდომის გაუმართაობა არის საშიშროება და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მეტიც, უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ კონსტიტუცია შეცვალონ და ეს ორგანო გადავიდეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში! ბატონებო, გაიაზრეთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ კონსტიტუციით, რომელიც თავისთვის შექმნა სააკაშვილმა, მაგრამ მასაც კი არ ეყო ფანტაზია, რომ სრულიად უფუნქციოდ დაეტოვებინა პრეზიდენტი", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ვიღებთ მშვენიერ შესაძლებლობებს, რომ ვიყოთ უფრო წარმატებული ქვეყანა და ვიცხოვროთ მართლაც დემოკრატიულ სამყაროში, მაგრამ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული - თუ ჩვენი მოსახლეობა ვერ ხედავს ამგვარი განვითარების მოტივაციას, მაშინ ეს ხელშეკრულებაც ფარატინა ქაღალდად დარჩება. თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, უნდა გააცნობიეროს თავისი ვალდებულება. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც სიდუხჭირეში ცხოვრობს. რასაკვირველია, უნდა ვიფიქროთ და ვიღვაწოთ ქვეყანაში ერთიანი განწყობის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება მოშიმშილე თანამემამულეებისა და პრემიებით გაბერილი სახელმწიფო მოხელეების გადამკიდე. ეს არ შეეხება მხოლოდ საგარეო კურსს, ვერავითარ წარმატებას ვერ მივაღწევთ საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ქვეყანაში ერთიანობა არ იქნა, თუმცა, დიდი სოციალური განსხვავებების გამო ეს ძალიან გაჭირდება. თვითონ უნდა შევქმნათ იმ შესაძლებლობების გამოყენების საშუალება, რასაც გვაძლევს ცივილიზებულ სამყაროსთან ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება, როგორიც ასოცირების ხელშეკრულებაა", - დაასკვნის ცისკარიშვილი.