"როიტერის" ინფორმაციით, უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემით შემოიფარგლება. აღნიშნულის შესახებ "როიტერი" ნატო-ს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობასაც სააგენტო ანონიმურად ტოვებს.
"ნატო-ს დიპლომატების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალიანსის ქვეყნებმა რუსეთის გადამტერების თავიდან ასაცილებლად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, საქართველოს მისცეს პირველი ფორმალური ნაბიჯი ალიანსში შესასვლელად სექტემბრის სამიტზე. ნატო-რუსეთს შორის დაძაბულობის მატებისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, რაც მას ნატო-ს წევრობის მიზანთან დაახლოებს, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მოკავშირე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP -ის მინიჭებას, შიშობენ რა, რომ ამას რუსეთის შურისძიება მოჰყვება, სხვები კი ამბობენ, რომ MAP-ის მიუნიჭებლობა გამოჩნდება ისე, თითქოს ნატო ამით თავს უხრის რუსეთის ზეგავლენას. ნატო-ს ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ალიანსი 50:50-ზეა გაყოფილი და შესაბამისად, შორსაა სასურველი კონსენსუსისგან.
მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა, ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროთი არის წარმოდგენილი უკრაინის საზღვართან, ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა საქართველოსთვის MAP -ის ახლა მინიჭება. "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი MAP-ს მიიღებენ", - განაცხადა ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით და განმარტა, რომ ნატო-მ არ უნდა გამოიჩინოს სისუსტე, მაგრამ, ასევე არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც "გააღიზიანებს რუსეთს და თან ეს არაფერს მოუტანს ალიანსს". სხვა ქვეყნის დიპლომატის თქმით, "რუსეთის გამო საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე უარის თქმა არასწორი საქციელია", - წერს "როიტერი".
ამასთან, "როიტერის" ინფორმაციით, კიდევ ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ნატო-ს 28 წევრიდან 12-მდე წევრი თავს იკავებს საქართველოსთვის MAP -ის მინიჭებაზე. შესაბამისად, მისივე პროგნოზით, ალიანსი ვერ შეძლებს, აუცილებელ კონსენსუსს მიაღწიოს.
"სავარაუდოა, რომ ნატო შეჩერდება კომპრომისზე, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემას, რაც MAP- ისკენ მიმავალი ნაბიჯია. ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორებიცაა უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში.
"აშშ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ალიანსის მთლიანობის შენარჩუნებას, მაშინ როდესაც ნატო რუსეთთან უკრაინის თემის გამო კონფრონტაციაშია.
საფრანგეთი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად ახლა არასწორი დროა. ასევე წინააღმდეგია გერმანიაც,", – აცხადებენ დიპლომატები.
"ასევე ზოგიერთი მოკავშირე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ნატო, რომლის შეზღუდული სამხედრო განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის კრიზისის შედეგად გამოვლინდა, შეძლებს თავისი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის "ზურგგამაგრებული", - აღნიშნავს "როიტერი".