რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებაში ახლადმოსულმა პოლიტიკურმა ძალამ საარჩევნო ბარიერის გადალახვა, რაზე მიუთითებს არჩევნების წინასწარი მონაცემები და რა ტაქტიკით უნდა იმოქმედოს სამომავლოდ კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" რათა მათი რეიტინგი უფრო არ დაეცეს ,,ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, ელოდით, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური იქნებოდა?
- უდავოდ ველოდი და ჩემს ყველა ინტერვიუში ვამბობდი, რომ საქართველოს ქალაქებსა და რაიონების უმეტესობაში მეორე ტური გარდაუვალი იყო, თუ ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებდა. მართლაც რეალურად დადგა ის შედეგი, რომელსაც არა თუ ვვარაუდობდი, არამედ დარწმუნებული ვიყავი. არჩევნების შედეგებს აქვს ერთმანეთისგან ორი რადიკალურად განსხვავებული მხარე: ერთი- ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გაუძლო გაყალბების ცდუნებას, რომელიც ძალიან დიდი იქნებოდა და ამით, ფაქტობრივად, ბოლო წლების განმავლობაში 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე შეუქცევადად აქცია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტრადიცია. მომავლის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ ეს ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი წვლილი იქნება. თუმცა მეორე მხარე, რომელმაც არჩევნების აღნიშნული შედეგები განაპირობა არის ის რომ ხელისუფლებამ მიიღო წელიწადნახევრიანი მოღვაწეობის საზღაური და შეფასება ყველა სფეროში. ხელისუფლებას ყველა მიმართულებით, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, განათლებაში, კულტურაზე საერთოდ საუბარი აღარ მაქვს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ყველგან ვარდნა აქვს. გარდა ამისა, ხელისუფლებას პრობლემები ჰქონდა ინსტიტუციონალური თვალსაზრისითაც: რეალურად მმართველმა ძალამ ვერ, თუ არ შეძლო ერთ გუნდად შეკვრა, საუბარი არ მაქვს ყბადაღებულ მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე, პარლამენტი ვერ იქცა იმ ორგანოდ, რომლის იმედიც გვქონდა. ასევე მთავრობის მენეჯმენტი და მართვის კულტურა ძალიან დაბალია. ამ ყველაფერმა ერთად ხელისუფლებას მოუტანა ის შედეგი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა როდესაც ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწადნახევარში ასეთი მკვეთრი ვარდნა ჰქონდეს მმართველი ძალის რეიტინგს, პოპულარობასა და მხარდაჭერას საზოგადოებაში და 2014 წლის არჩევნები ამ კუთხით პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, არჩევნების არსებულ შედეგებს ხელი შეუწყო იმანაც რომ ხელისუფლება საზოგადოებას მალევე გაუუცხოვდა, მალევე ჩაჯდა სირაქლემის პოზაში და შეიქმნა ვირტუალური რეალობა, რომლისაც მარტო თვითონ სჯეროდა. ამის თქმის საშუალებას მარტო მათი პრესკონფერენციები მაძლევს. ხელისუფლებამ თუ ასე გააგრძელა საპარლამენტო არჩევნებში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად საუკეთესო შემთხვევაში უმცირესობაში მოგვევლინებიან.
- რა უნდა გააკეთოს კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" რომ მათი რეიტინგი უფრო არ დაეცეს?
- უპირველეს ყოვლისა მათ სჭირდებათ რადიკალური საკადრო ცვლილებები, რადგან ამ რესურსითა და კადრებით ,, ქართული ოცნება" როგორც გითხარით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უმცირესობაში იქნება. ვფიქრობ, ამის სურვილი არ ექნებათ. ამიტომ საჭიროა რადიკალური საკადრო ცვლილებები. Gგარდა ამისა საზოგადოების კვალიფიციურ და პროფესიულ ჯგუფებთან მიდგომებშია ცვლილებები საჭირო. ზოგადად ხელისუფლებას ახასიათებს ავტორიტეტების, ცნობადი სახეების შიში და მიიღო ის შედეგი რაც დაიდო. მაინტერესებს, ვის ეგონა რომ ამდენი უცნობი, ურეიტინგო და საზოგადოებაში ყოველგვარ ნიადაგს მოკლებული სახეები რომ ჩამოარიგა კოალიციამ საკუთარ კანდიდატებად რაიონებში, სოფლებში რის იმედი ჰქონდა? რატომ იყვნენ დარწმუნებული რომ ამდენ ურეიტინგო და არაპოპულარულ ადამიანს საზოგადოება მხარს დაუჭერდა და ხელისუფლებაში მოიყვანდა, თუნდაც ადილობრივ დონზე. ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ და ამ თავდაჯერებულობამ დაღუპა. ასე რომ, საბოლოოდ ყველაფერი კადრებამდე მიდის,ამიტომ აუცილებელია რადიკალური საკადრო ცვლილებები.