კურსის დასრულების ცერემონიალი (ვიდეო)

კურსის დასრულების ცერემონიალი (ვიდეო)

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში  სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. საზეიმო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) ფარგლებში გამართული სწავლება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნა აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 23-მა მსმენელმა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 20-მა იუნკერმა გაიარა.

საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის განმავლობაში ამერიკელმა და ქართველმა მომავალმა ოფიცრებმა,  ინსტრუქტორების დახმარებით, თავდაპირველად  სამთო-ტექნიკური ამოცანები შეასრულეს. სწავლების მესამე კვირა კი მთლიანად პრაქტიკულ ვარჯიშებს დაეთმო. კურსის განმავლობაში მსმენელებმა მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპები, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა, ასევე  პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები შეისწავლეს.  დასკვნით ეტაპზე კი მონაწილეებმა სპეციალური ტესტები ჩააბარეს.

კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი  შალვა ბაჯელიძე, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე პოკლოვნიკი მეთიუ დიმიკი, თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლობა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე დაესწრნენ.