„მამები“ და შვილები“ თანამშრომლობას იწყებენ

„მამები“ და შვილები“ თანამშრომლობას იწყებენ

[რუსიკო მუმლაძე]

16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები პოლიტიკურ კლუბს ქმნიან. მათი მიზანი აპოლიტიკური „შვილების თაობაში“ პოლიტიკური კულტურის ამაღლებაა.  ისინი „მამების თაობასაც“ სთხოვენ თანამშრომლობას.

„დღევანდელი ახალგაზრდების მთავარი პრობლემა დაბალი დონის პოლიტიკური აზროვნებაა. არ არსებობს პოლიტიკური დებატების კულტურა. დამკვიდრებულია აზრი, რომ ვინც ხმამაღლა ყვირის, ის გამარჯვებულია. არცერთი პოლიტიკური პარტია არ ზრუნავს მათ პოლიტიკურ განათლებაზე. ცოტას თუ ესმის დღეს, ლიბერალიზმის ნამდვილი აზრი. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ვითანამშრომლებთ უფროს თაობასთან და სწორედ ამიტომ ექსპერტთა კლუბთან“ გავაფორმებთ „თაობათა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს“, -  თქვა „ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის“ ლიდერმა, გიორგი თოფურიამ.

„ექსპერტთა კლუბის“ წევრი მამუკა არეშიძე: „ძალიან სასარგებლოა ასეთი ტიპის კლუბის შექმნა. სამწუხაროდ, უფროს თაობაშიც არ არის პოლიტიკური კულტურა. ერთობლივად უნდა გავიაროთ ეს გზა“. როგორც ახალი კლუბის პრეზენტაციაზე ითქვა, მამებისა და შვილების ურთიერთანამშრომლობის ინიციატივა, ახალი თაობის წარმომადგენლებისგან წამოვიდა და „ექსპერტთა კლუბმაც“ მხარი აუბა მათ.

სოსო ცისკარიშვილი: „ბევრი ახალგაზრდული კლუბის შექმნის მომსწრე ვყოფილვარ. ვფიქრობ, ამ კლუბის შექმნა უკიდურესად დროულია. საჭოთა კავშირის დროს, რომ არა ახალგაზრდები, დღეს ჩვენი სახელმწიფო ენა რუსული იქნებოდა. აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებში ძირითადი საპროტესტო მუხტის მატარებელი სწორედ ახალგაზრდობაა. ყველაზე ხანდაზმული პროტესტანტები ტუნისში იყვნენ. მათი საშუალო ასაკი 30 წელი იყო. იემენში კი -18 წელიც კი არ არის საშუალო ასაკი. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ამ კლუბის საქმიანობაში ჩაერთონ“.

ამავე კლუბის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა კი ახალგაზრდებს პირდაპირ უთხრა: „თუ არ იაქტიურებთ, თქვენი პრეზენტაცია პრეზენტაციად დარჩება. იაქტიურეთ“.

„ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის“ წევრი გიორგი კეპაშვილი: “ევროპული ლიბერალიზმის ქართულ ტრადიციებთან შერწყმა და ქართველი ახალგაზრდების სახეული ცვლილება უნდა მოხდეს“. პრესაგე.ტვ-ს კითხვაზე, გააზრებული აქვთ თუ არა ახალგაზრდებს, როგორ უნდა მოახდინონ ლიბერალური ღირებულების შერწყმა ქართულ ტრადიციებთან, კეპაშვილმა და თოფურიამ ერთიდა იგივე პასუხი გაგვცეს: „არ გვინდა, ვინმემ ეს გაიგოს, როგორც ახალგაზრდობის გარყვნილობა. დღესდღეობით, ბევრს ასე ჰგონია. ამბობენ, აი, ლიბერალები მოვლენ, საყურეებით ივლიან და განსხვავებული ორიენტაციის იქნებიან. ჩვენ ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება გვინდა და დასავლეთიდან ჩვენ თავისუფლება მოგვაქვს, რაც ქართულ ტრადიციებს უნდა მოვარგოთ“.

შეხვედრაზე საინტერესო დებატები გაიმართა პოეტ დავით მაღარძესა და ახალ თაობის წარმომადგენლებს შორის. კლუბის წევრი, „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე: „ეს არის მშვენიერი იდეა, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთთან აზრთა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა გვქონდეს... ჩვენ ვიბრძვით უნივერსიტეტის პოლიტიკისგან გაწმენდისთვის... ჩვენ იდეალური უთიერთობა გვაქვს სტუდენტურ თვითმმართელობასთან“. 

პრესაგე.ტვ: კონკრეტულად, რა პროექტი განახორციელეთ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად?

კობაიძე: „მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივად ვეწევით აგიტაციას, რომ, როცა სტუდენტი მოდის სასწავლებელში, არ დაყაროს ნაგავი“.

დავით მაღრაძეს გაეცინა და თქვა: „დიდი სამუშაოა... უფრო მეტი პრობლემაა სასწავლო დაწესებულებებში...“.

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთი „შენიშვნა“ მიიღო დარბაზიდან: „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ჟანდარმერიას დაემსგავსა. როგორ თანამშრომლობთ მათთან?“.

„ისინიც ჩვენნაირი სტუდენტები არიან. იქაც არის საღი აზრი. არჩევანის გაკეთებას ვერავის დავაძალებთ“, - იყო კობაიძის პასუხი.

დავით მაღარძე:  „ ვინც გმტრობთ, იმათთან ერთად ნაგვის გატანის პროექტი რატომ უნდა შეიმუშაოთ?“

„ისინიც ხომ ახალგგაზრდები არიან? თანამშრომლობა აუცილებელია. გვესმის, რომ ეს შიდა პრობლემაა, მაგრამ ხომ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს?“, - შეეპასუხნენ ახალგაზრდები მაღრაძეს. მანაც უპასუხა: „მაგათაც ეგ უნდათ, ნაგვის გატანაზე ითანამშრომლოთ. ამით, თქვენი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დისკრედიტაცია მოხდება“.

მოკლედ, ექსპერტების თქმისა არ იყოს, კარგია, როცა ახალგაზრდები იმისთვის იბრძვიან, რომ პოლიტიკური კულტურა და მუხტი ამაღლდეს ახალ თაობაში. თანაც მაშინ, როცა ნაციონალური მანქანა, როგორც შეხვედრაზევე ითქვა, სერიოზულად მუშაობს, რომ ეს მუხტი ახალგაზრდობაში „ჩაახშონ“, რადგან მმართველებს ყველაზე კარგად ესმით მისი ძალა. ალბათ, ამ ახალგაზრდებს, ბევრი ექნებათ სასწავლი. თუმცა, ფაქტია, მათში ნამდვილად არის მზადყოფნა, უფროსი თაობის გამოცდილება გაიზიარონ.

დავით მაღარძე: „ჩემთვის, უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თაობრივი კონფლიქტი დასრულდეს საქართველოში. ეს კოფლიქტი, სამწუხაროდ, არის, ინერციით მიდის და ბევრი ათეული წელია გრძელდება. ყველა თაობა, რატომღაც წინა თაობის „მორალურ მოსამართლედ“ თვლის თავს და წინა გენერაციის მიმართ ზნეობრივ სასამართლოებს აწყობს. ასაკობრივი დაყოფა, საერთოდ, არანორმალურია და არასწორია. არ შეიძლება, თაობა იყოს რამეში დამნაშავე. შეცდომებიც და სასარგებლო საქმეებიც ყველა თაობაშია. ეს არ არის რომელიმე ასაკის ექსკლუზივი. დანაშაულის ადრესატი არ შეიძლება თაობა იყოს. 3-4 კაცს მაინც იპოვნი ყველა თაობაში, რომელიც მთელ წუთისოფლად ღირს“.