"ჩვენი საქმე ნამდვილად ცუდადაა, როგორც იტყვიან, ორივე მხარემ "გვასახელა"

"ბაქოს ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაცია და ურთიერთბრალდებები ნამდვილად არ წარმოადგენს კანონიერი და საღი აზრის შემოქმედების პროდუქტს", - აცხადებს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი რომელსაც "რეზონანსი""ბაქოს სკანდალის" სამართლებრივ ასპექტებზე ესაუბრა.

"რა მოხდა ბაქოს აეროპორტში? თუ "ქართული ოცნების" ვერსიას გავიზიარებთ, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრები შეაჩერეს ბაქოს აეროპორტში საბაჟო კონტროლის გფასვლისას აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, ვინაიდან დეპუტატებს თითქოსდა გადმოჰქონდათ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მილიონი აშშ დოლარი და ელექტროშოკური მოწყობილობა. თუ ასეა, მაშინ რამდენიმე სამართალდარღვევაა, რომელზედაც რეაგირება უნდა გაეკეთებინა აზერბაიჯანულ მხარეს. კეროდ, თანხა 30 ათასი აშშ დოლარის ზემოთ მოითხოვს ყველა შემთხვევაში შესაბამისი დეკლარაციის შევსებას და შესაბამისი პროცედურების გავლას. რაც შეეხება ელექტროშოკურ მოწყობილობას, ასეთი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები დღეს თავისუფლად იყიდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგრამ პოლიციის ნებართვის პირობებში. მათი გადაადგილება საჰაერო ტრანსპორტით სათანადო ნებართვის გარეშე აკრძალულია და იწვევს პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში თანხა და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალება უნდა ჩამორთმეოდა მფლობელებს და გადარიცხულიყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში. დეპუტატები კი უნდა დაეჯარიმებინათ სოლიდური თანხით", - აცხადებს გია მეფარიშვილი.

"რაც შეეხება კითხვას, ვრცელდება თუ არა პარლამენტის წევრებზე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელშეუხლობა, აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოა და მის ტერიტორიაზე მოქმედებს აზერბაიჯანული კანონმდებლობა, რომელიც სპეციალური ხელშეუხებლობის იმუნიტეტით აღჭურვავს მხოლოდ აზერბაიჯანის მეჯლისის წევრებს და სხვა სპეციალური იმუნიტეტის მქონე პირებს. რაც შეეხება ქართველი დეპუტატების იმუნიტეტს, კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ამით ვერ ისარგებლებდნენ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრები პირადი საკითხების გასარკვევად იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში და არა ოფიციალური ვიზიტით. ე.ი. მათზე არ გავრცელდებოდა საერთაშორისო სამართლით აღიარებული ხელშეუხებლობის სტატუსი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია მეფარიშვილი.

"ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რა თანხაზეა საუბარი, რა ელექტროშოკურ მოწყობილობებზე და საერთოდ რა მოხდა ბაქოში, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს. ვერც იმას მოგახსენებთ, რამდენად სწორია ამ საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჩარევა. ეს ჩემს კომპეტენციას აშკარად სცდება. მაგრამ, ვერაფრით გავიგე, "ქართული ოცნება" რატომ ავრცელებს ინფორმაციას, რომ გადმოსატანად გამზადებული ფული წარმოადგენდა დანაშაულებრივი ხელყოფის საგანს და იგი უნდა მოხმარებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ეს სერიოზული ბრალდებაა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის წევრები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აშკარად გასცდნენ თავისი კომპეტენციის ფარგლებს, უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში დარღვევით გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. უეთესად არც მეორე მხარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოიყურება. დააკვირდით მათ მიერ გაკეთებულ ისტერიულ განცხადებებს და ურთიერთბრალდების მთელ კასკადს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საკითხი ნამდვილად არ წარმოადგენს კანონიერი და საღი აზრის შემოქმედების პროდუქტს. ჩემი აზრით, ჩვენი საქმე ნამდვილად ცუდადაა, როგორც იტყვიან, ორივე მხარემ "გვასახელა", - დასძენს გია მეფარიშვილი.