სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის

სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის

”ეკონომიკის სამინისტრო გვპირდებოდა, რომ სიღნაღი ტურისტულ ზონაში უნდა შესულიყო, მაგრამ რატომღაც არ შევიდა”...


მას შემდეგ, რაც სიღნაღში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და ქალაქის იერსახე მნიშვნელოვნად გალამაზდა, "სიყვარულის ქალაქი” არა მარტო უცხოელი ტურისტებისთვის, ადგილობრივი ვიზიტორებისთვისაც მიმზიდველ ადგილად იქცა. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ, ქვეყნის ხელისუფლება და ტურიზმის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული სიღნაღის პოპულარიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. ფაქტია, რომ მაშინ მცდელობამ აშკარად გაამართლა, რისი უტყუარი მაჩვენებელი ტურისტების საგრძნობი მატება იყო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 5 თვის განმავლობაში სიღნაღში 1639 სტუმარი ჩავიდა, რაც 600 ვიზიტორით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად ამისა, bpn-თან საუბრისას სიღნაღის მაცხოვრებლები, მცირე მეწარმეები და სასტუმროს მენეჯერები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მნიშვნელოვან კლებაზე საუბრობენ.

მზია ელიზბარაშვილი სიღნაღში თექის ხელნაკეთი ნივთებით დაახლოებით 7 წელია ვაჭრობს. როგორც მან bpn-თან საუბრისას აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით ქალაქს გაცილებით ცოტა მნახველი სტუმრობს:

"შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით ცოტა ტურისტი მოდის. უკრაინელების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, რაც ალბათ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. აქტიური სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. შარშან ამ პერიოდში ყოველი თვის ბოლოს 300 ლარის ნავაჭრი მაინც მქონდა, ახლა თვის ბოლოს 100 ლარიც არ მრჩება”.

სიღნაღელ მეფაეტონეს საკუთარი ბიზნესიდან მოგება თითქმის აღარ რჩება. გიორგი ოტიაშვილს ცხენების შენახვა მიღებულ შემოსავალზე მეტი უჯდება. თუ წინა წლებში ფაეტონი მხოლოდ შაბათ-კვირას გამოჰყავდა ქალაქის ქუჩებში, წელს ყოველ დღე მუშაობს, მაგრამ შემოსავალი ხარჯებს მანც ვერ აჭარბებს.

ადგილობრივების თქმით, გასულ წლებთან შედარებით გაცილებით შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან და უკრაინიდან, რასაც, სავარაუდოდ, უკრაინაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას მიაწერენ. ადგილობრივებისთვის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი ქონების მაღალი გადასახადია:

,,უზარმაზარი ქონების გადასახადი გვაკისრია. ეკონომიკის სამინისტრო გვპირდებოდა, რომ სიღნაღი ტურისტულ ზონაში უნდა შესულიყო, მაგრამ რატომღაც არ შევიდა. ძირითადად ვიზიტორები სკოლიდან ექსკურსიაზე წამოსული ბავშვები არიან. ყველა თავისი პურით და ყველით მოდის, რესტორანში ასეთი ნაკადი როგორც წესი, არც ისადილებს და არც ივახშმებს.

წინა წლების ტურისტულ სეზონზე თითქმის არ გვქონია შემთხვევა, რომ სასტუმროს ნომრები ცარიელი დაგვრჩენოდა. დღეში 800 ადამიანს მაინც ვემსახურებოდით. ბოლო დროს 30-35%-ით შემცირდა ტურისტების რიცხვი. ადრე, როგორც წესი, კვირის დასაწყისში ან კვირის ბოლოს გვირეკავდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან და ინტერესდებოდნენ არსებული ვითარებით. ახლა ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული”,- განაცხადა სასტუმრო ,,სოლომონი 1805-ის” მენეჯერმა, ზურა მატიაშვილმა.

ოფიციალური სტატისტიკით, სიღნაღში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. როგორც სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელმა, ნანა კორაშვილმა bpn-ს აცნობა, ვინაიდან კახეთი ღვინის რეგიონია, რთველის სეზონი კი სექტემბერ-ოქტომბერშია, წელს ტურისტების რაოდენობის მატებას სწორედ ამ პერიოდში ელოდებიან.