კალაძეს დეპრესიის დაძლევაში მეგობრები დაეხმარნენ

კალაძეს დეპრესიის დაძლევაში მეგობრები დაეხმარნენ

სწორედ დეპრესიის გამო ორი თამაში ვერ ითამაშა "მილანში", მაგრამ ახლა უკვე "როსენერის" მთავარი მწვრთნელი ქართველ მცველს ენდობა და ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს.

კახას მილანში შევეხმიანეთ და როგორც გუნდზე, ასევე ნაკრებზეც ვესაუბრეთ. როგორც "ჯვაროსანთა" კაპიტანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ნაკრების წარმატებაზე ზედმეტია საუბარი, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი ცუდ დღეშია.

იტალიასთან მატჩის შემდეგ თუ გამოხვედი სტრესიდან?

- დეპრესიიდან უკვე გამოვედი. ძალიან განვიცადე, იმ საღამოს სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ რას ვიზამ, ეს ფეხბურთია და ფეხბურთში ყველაფერი ხდება. სამწუხაროა, რომ ეს მე შემემთხვა საკუთარ სტადიონზე ქართველი გულშემატკივრის წინაშე, სადაც დიდი ფეხბურთის თამაში დავიწყე. ის, რაც მოხდა, შეცდომასაც ვერ დავარქმევ, ეს იყო ის, რაც ხდება მილიონში ერთხელ - შეიძლება, არც მოხდეს კიდეც.

სწორედ ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ, მილანში რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოგიწია...

- ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ, ფსიქოლოგიურად მართლაც ძალიან ცუდად ვიყავი და ამის გამო ორი თამაში გამოვტოვე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დამიდგა და გამამხნევა.

თბილისში თამაშის შემდეგ გასახდელიდან გამოსულმა ახალგაზრდა გულშემატკივრის ჯგუფმა ტაშით და გამამხნევებელი ძახილებით გამომიშვა - ეს ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო იყო. თუმცა ვიცი, რამდენად გულდაწყვეტილები იყვნენ ის ახალგაზრდები. მაგრამ ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ, იმიტომ, რომ მოხდა ის, რაც ძალიან ძალიან იშვიათად ხდება ფეხბურთში.

გუნდში რა გითხრეს ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ?

- რა თქმა უნდა, გუნდში გამამხნევეს და გვერდში დამიდგნენ. ამისთვის მადლობას ვუხდი ბიჭებს და კლუბის ხელმძღვანელობას.

6 ტურის შემდეგ "მილანი" მე-11 ადგილზე იმყოფება, ასეთი ცუდი სტარტის მიზეზი რა არის?

- ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო "მილანის" ასეთ პოზიციაში ხილვა. თუმცა ყველაფერი გამოსწორდება, რადგან წინ მთელი სეზონია კიდევ.

"მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ბოლო წლებში გუნდი ამ ტურნირზე არც თუ წარმატებულად გამოდიოდა...

გასულ წელს უეფას თასზე ვასპარეზობდით, თუმცა ჩვენთვის წარმატებული სეზონი არ ყოფილა. ბოლო წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ ლიგის თასი, ორჯერ სუპერთასი და საკონტინენტო თასი მოვიპოვეთ. ჩემი აზრით ეს სერიოზული მაჩვენებელია იმის, რომ "მილანი" ერთ- ერთი საუკეთესო გუნდი იყო.

ნაკრებზეც შეგეკითხები, გუნდი ბულგარეთს და ჩერნიგორიას დაუპირისპირდება, რამდენი ქულის აღებას შეძლებს გუნდი ამ ორ თამაშში?

- ძნელია იმაზე საუბარი, თუ როგორ დაასრულებს ნაკრები ამ ორ შეხვედრას და რამდენ ქულას აიღებს. დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ძნელია წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება შეხვედრა.

რატომ მოხდა, რომ ნაკრებმა თავის ისტორიაში ასეთი ცუდი შედეგი აჩვენა?

- არასწორად მიმაჩნია დასმული კითხვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირს საქართველოს ნაკრებს. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა ხდება ქართულ ფეხბურთში, რა მდგომარეობაშია საქართველოს გუნდები და საერთოდ ჩემპიონატის დონე. ძნელია ისაუბრო ნაკრების წარმატებაზე, როდესაც ასეთი ცუდი მდგომარეობა გვაქვს საქართველოს ჩემპიონატში. დასავლეთ საკართველოში, კერძოდ, სამეგრელოსა და აჭარაში ფეხბურთი აღარ არსებობს.

ინფრასტრუქტურა არ არის, რომ ახალგაზრდა თაობა წამოვიდეს და გაიზარდონ, რათა ერთ პოზიციაზე 3-4 ძლიერი ფეხბურთელი გვყავდეს, რომ კონკურენცია იყოს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

არ უნდა გარბოდნენ 15-16 წლის ბიჭები რუსეთის, უკრაინის ან სხვა ქვეყნების მე-2 და მე-3 ლიგის გუნდებში იმის გამო, რომ იქ უფრო უკეთესი პირობებია. ამის გამო იკარგებიან ნიჭიერი ფეხბურთელები. თუმცა მათ ვერ გავამტყუნებ, რადგან მათ ოჯახები ჰყავთ და რაღაცით ხომ უნდა იცხოვრონ.

რას იტყვი ჯანო ანანიძეზე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ?

- ჯანოს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რათა ვარსკვლავი გახდეს - მხედველობაში მაქვს ევროპული დონის ფეხბურთელობა, ამისთვის მას ყველაფერი გააჩნია. მთავარია თავდაუზოგავი შრომა. ის ჯერ სულ 16 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს.

დეკემბერში კუპერს კონტრაქტი უმთავრდება, როგორ ფიქრობ, უნდა დარჩეს თუ არა?

- კუპერი ძალიან კარგი მწვრთნელია და მან ეს დაამტკიცა საკლუბო გუნდებში მუშაობისას. მას იანვრამდე აქვს კონტრაქტი და გაგრძელება-არ გაგრძელება ეს ფედერაციის პრეროგატივაა.

კრების ცუდი შედეგის გამო გადადგა ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი...

- მარტო ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომით ქართულ ფეხბურთში არაფერი არ შეიცვლება. აქ უფრო ღრმად უნდა ჩავიდეთ, თუ გვინდა, რომ საქართველოში ფეხბურთი იყოს ისეთ დონეზე, როგორც ქართველ გულშემატკივარს უნდა. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რათა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, არა მარტო თბილიში, არამედ საერთოდ საქართველოს მასშტაბით.

თანხები უნდა გამოიყოს, იმისთვის რომ მიეხედოს ეროვნულ ჩემპიონატს და ბავშვთა ფეხბურთს. თუ არა და ვიქნებით სულ ასე პრეზიდენტების და მწვრთნელების ცვლილებებით.