„ივანიშვილი სააკაშვილს პატარკაციშვილთან ბრძოლაში ეხმარებოდა“

„ივანიშვილი სააკაშვილს პატარკაციშვილთან ბრძოლაში ეხმარებოდა“

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს ბადრი პატარკაციშვილთან დაპირისპირების პერიოდს ახსენებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის ადგილას პატარკაციშვილის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას მოერიდებოდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ივანიშვილი იყო ის კაცი, ვინც მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ტელეკომპანია "იმედის" ჩასაძირად და პატარკაციშვილის გასანადგურებლად.

თარგამაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბადრის ნებისმიერი ინიციატივა ან გამონათქვამი ქართულ საზოგადოებაში და ბიზნესწრეებში მხარდაჭერილი არ ყოფილიყო.

გიორგი თარგამაძემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც ბიზნესფედერაციაში ბადრი პატარკაციშვილმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და ბრალდებები წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის პრობლემა, რომელიც "თურმე ივანიშვილისთვის ახლა გახდა მნიშვნელოვანი და გულის ამაჩუყებელი".

თარგამაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც მაშინ ხმა არ ამოუღია და მისი ტელეკომპანია "მე-9 არხი" "ტელეიმედთან" ერთად მედიასივრცეში ბალანსის შექმნის ნაცვლად არა მხოლოდ მედიასივრციდან გაიყვანა, არამედ მთელი აპარატურა და შესაძლებლობები მიხეილ სააკაშვილს და ეროსი კიწმარიშვილს გადასცა.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მაშინაც და წლების განმავლობაში, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიციები ქვეყანაში გაძლიერებულიყო. ამიტომ გიორგი თარგამაძე თვლის, რომ ის მოერიდებოდა ბადრი პატარკაციშვილის სახელის ხსენებას ნებისმიერ კონტექსტში.

გიორგი თარგამაძისთვის დასანანია, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი ფიგურის გამოჩენის ნაცვლად საზოგადოებამ ნახა მხოლოდ დიდი ფულის მქონე მეწვრილმანე, რომელსაც არანაირი დიადი მიზნების მიღწევა და ოცნებების ასრულება საქართველოსთვის არ შეუძლია.

თარგამაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც 24 საათი უყურებს ტელეგადაცემებს და ამ გადაცემებში ადამიანების მიერ გამოთქმული მოსაზრებების დეტალური ანალიზით, შეფასებით და სუბიექტური დამოკიდებულებების გამოვლენით არის დაკავებული.

"აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ სინანული გამოვთქვა იმ მოლოდინების გაცრუების გამო, რომელიც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა და მათ შორის მეც", - დასძინა გიორგი თარგამაძემ.