რა დრო რჩება

რა დრო რჩება "ნაციონალების" აგენტურის ამოქმედებამდე?

"ნაცებს" ბერკეტები გამოეცალათ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მით უმეტეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოდიოზური ფიგურები - მერაბიშვილი, ახლაია, უგულავა ბრალდებულები არიან კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში. პარტიის საქმე ნამდვილად არ არისსახარბიელო და ამ ფონზე ამჟამად მათთვის მნიშვნელოვანია ჩანერგილი აგენტურის ამუშავება. ეს ჩანერგილები ძირითადად თავმოყრილია ძალოვან სტრუქტურებში, იგივე შეიარაღებულ ძალებში...", - აცხადებს უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა დრო რჩება "ნაციონალების" აგენტურის ამოქმედებამდე?

"სხვათა შორის ჩანერგილები არიან ევროატლანტიკური მიმართულებითაც - იგივე ევროატლანტიკურ სამიტშიც ყოფილი "ნაცისტები" არიან. კონკრეტულად, დათო სიხარულიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც არის ევროატლანტიკური საკითხების სამინისტროს მრჩეველთა ჯგუფში - ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ მინისტრის მრჩეველია. მსგავსი ჩანერგილების მონაწილეობა სახელისუფლებო სტრუქტურებში ცოტაა? ან იმ ჯალათების ყოფნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სტრუქტურებში, ვინც ადამიანების დასჯას ემსახურებოდნენ - ეს ხალხი დღესაც თავის ადგილზეა. მაგალითად, `ამერიკის ვეტერანთა ასოციაციამ~, რომელიც არის უძლიერესი და გავლენიანი ორგანიზაცია, პირდაპირ გამოაქვეყნა კონკრეტული მასალა ვალერი ზუმბაძეზე, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ზუმბაძემ მოახდინა ლაფანყურის საქმეში მონაწილე და გადარჩენილი ისლამისტების გადაყვანა თურქეთში. სწორედ ზუმბაძემ უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, და უშუალოდ მონაწილეობდა ტერორიზმის მხარდამჭერ აქციაში. დღეს კი ეს ვალერი ზუმბაძე არის ლაფანყურის ოპერაციის გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელი - ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"ამერიკის ვეტერანთა ასოციაციის" წევრები არიან რეიგანის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ამერიკის საზღვაო და ქვეითი ჯარების სარდლები, დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე... ეს ხალხი აზანზარებს ამერიკის საგარეო საქმეებს და ეს წერილი კი დევს მათ საიტზე. დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტს რომ დაწერთ, რეაგირება მაინც არ იქნება. თან ამერიკელების მიერ მთელი მარშრუტია აღწერილი, კონკრეტულად რომელი სოფლიდან მოხდა გადასვლა და ამით მიანიშნეს, ეს თქვენ გყავთ ასეთი ადამიანიო. ამაზე მეტი აგენტურა რაღა გინდათ? აგენტურას წარმოადგენს "სამართლიანობის ლიგა", ირაკლი ფირცხალავა, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის მკვლელობებში რომ არის გარეული. ამ აგენტურამ ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოს ანუ ძალოვანი უზრუნველყოფაა. მათ შეუძლიათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და შესაბამისად, გარკვეული ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც შეიძლება წინ აღუდგნენ მათ მიერ მომზადებული გადატრიალების მცდელობას, შეუძლიათ უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი აგენტურისა და ძალების ქუჩაში გამოყვანა, მთლიანი საბოტაჟი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამ აგენტურას შეუძლია კლასიკური სამხედრო გადატრიალება - სწორედ ასე განახორციელეს ბოლშევიკებმა ცნობილი გადატრიალება. ვიმეორებ, "ნაცისტები" შეიძლება წავიდნენ ამ ზომაზე, რადგანაც მათ დაკარგეს ძალაუფლება და მათ სხვა გასაქანი არ აქვთ! მით უმეტეს, თუ გახმიანდა, რომ შემოდგომაზე აპირებენ დიდი არეულობის მოწყობას. ბოლშევიკები ტყუილად არ ვახსენე - ძალზე ახლოსაა ჩვენი დღევანდელი სიტუაცია ბოლშევიკების ოქტომბრის გადატრიალებასთან, რომლებმაც ხელისუფლების ბერკეტები 1917 წლის აგვისტოში დაკარგეს, იმ ბოლშევიკებსსაც ჰყავდათ ჩანერგილი აგენტურა არმიასა და პოლიციაში და კრიტიკულ სიტუაციაში როგორც გამოიყვანეს კრიტიკულად განწყობილი ხალხი, ისე გამოიყვანენ ესენიც", - დასძენს კოტე მაისაია და შეკითხვას - "შესაძლოა სიტუაცია ასე ტრაგიკულიც არ იყოს, რადგანაც ხალხი ისე ჰყავთ გამწარებული, "ნაციონალების" ხელახალი მოსვლა გამორიცხულს ჰგავს" - პასუხობს:

"ვიზიარებ თქვენს აზრს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მათ ბოლო ბასტიონი ექცევათ, სადაც ფედერალურ დონეზე სრულად ჰქონდათ ბერკეტები, ძალოვნებს აკონტროლებდნენ, საკანონმდებლო ხელისუფლებაში დაკარგეს ძალაუფლება, მაგრამ რჩებათ სასამართლო, მათი იყო უშიშროების საბჭო, სპეციალური დაცვის სამსახური, გენშტაბიც მათი იყო. ბოლო ბერკეტი იყო ადგილობრივი თვითმმართველობები და აქვე უნდა გითხრათ, რომ არჩევნებში აღებული 22%-დან 7% სწორედ ადმინისტრაციული რესურსის წყალობით აქვთ აღებული... ახლა გაკოტრებულები არიან და მეტად საშიშნი და ამაზე დაფიქრება გვმართებს".