მოსახლეობის 57 % -ს არ მოსწონს ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელიც დღეს პოლიტიკურ სპექტრშია
თვითმმართველობის არჩევნები- ხელისუფლების პოლიტიკური კრახი თუ ქვეყნის დემოკრატიის გაცილებით მაღალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობა , ამას "ჯორჯიან პრესთან" „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი , კახა კახიშვილი აფასებს:
-ბატონო კახი, ხელისუფლება თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საარჩევნო ბარიერის გადალახვას ტრაგედიად არ მიიჩნევს, იხტიბარს არ იტეხენ, ეს დემოკრატიულობის მაჩვენებელი შედეგიაო, თქვენც ასე ფიქრობთ?
- მეორე ტურის ჩატარება უნდა შევაფასოთ ორმხრივად, პირველი - რა მოიგო ან წააგო ქვეყანამ და მეორეს - რა მოიგო და წააგო "ქართულმა ოცნებამ, როგორც მმართველმა პარტიამ. იმით რომ მეორე ტური ტარდება 12- დან 8 ქალაქში ეს არ აზარალებს მოსახლეობას, მაგრამ მმართველმა გუნდს აღარ აქვს მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა, ეს ფაქტია. თუ შევადარებთ ხმათა რაოდენობით, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაკარგული აქვს 300 000 მეტი ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობამ ჩუმი პროტესტი გამოუცხადა სახელისუფლებო პარტიას. ამ არჩევნებმა ასევე გამოაჩინა, რომ ძალიან სერიოზული კრიზისი აქვს მართვის მმართველ ძალას, როგორც პარტიაში, ასე ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, პარტიის შტაბს რომ კარგად ემუშავა, ორგანიზებულად და დისციპლინურად სხვა შედეგი იქნებოდა. ჩვენ პარტიის დისციპლინური მუშაობა ამ შემთხვევაში გვაინტერესებს იმდენად, რამდენადაც დღეს "ოცნების" გუნდი მართავს ქვეყანას და თუ ისინი საკუთრ გუნდში ვერ ახერხებენ კოორდინაციას და შეთანხმებას, წარმოიდგინეთ რამხელა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა მართვის კუთხით. "ეს არჩევნები უნდა იყოს გაკვეთილი ღარიბაშვილისთვის, ელემენტარული იურიდიული ნორმების არცოდნამ დააყენა არაერთხელ ღარიბაშვილი უხერხულ მდგომარეობაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც ადამიანს, რომელსაც კანდიდატურის მოხსნის ვადა გასული ჰქონდა, მიმართა და უთხრა, რომ იქნებ რეგისტრაციიდან მოიხსნა თავიო, ეს სრული სიბეცეა. ან კიდევ, მაშინ კიდევ როდესაც მეორე ტური ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო რიგ რეგიონებში, შტაბში შამპანურებს ხსნიდნან და ტაშ-ფანდურისთვის ემზადებოდნენ, რადგან ნამდვილად დარწმუნებული იყო ღარიბაშვილი, ყველგან გამარჯვებაში. ეს ნიშნავს, რომ დამახინჯებული ინფორმაცია მივიდა მასთან. ანუ იმდენად არაორგანიზებული და არაკომპეტენტური ხალხია ღარიბაშვილის გარშემო, მათ არ შეუძლიათ სწორად სიტუაციის გაანალიზება, რეალურად კი თავად ვარდება უხერხულობაში ამის გამო. წარმოიდგინეთ რით შეიძლება დამთავრდეს მისი არაკომპეტენტური გარშემომყოფების გამო ქვეყნის მართვა და პირადად ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა.
-მაგრამ ხელისუფლება კვლავ ეიფორიაშია და საკუთარი გუნდის უძლეველობაში დარწმუნებული...
- ... და რატომღაც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს, არადა მათთვის ახლა საყურადღებო უნდა იყოს, იმის ანალიზი რატომ კარგავენ ხმებს ასე კატასტროფულად. თუ ასეთი პოლიტიკა გააგრძელეს, რასაც დღეს ახორციელებენნ, შესაძლოა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უბრალოდ უმრავლესობით ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად ნიშნავს იმას რომ, მოუწევთ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. რადგან მთავრობის ფორმირებას ახდენს საპარლამენტო უმრავლესობა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, რომ არ ნიშნავს გამარჯვებას ფაქტია.
ამიტომ თუ ხელისუფლება, იმ პროტესტს ადეკვატურად აღიქვამს, რომელიც გამოუცხადა მოსახლეობამ, 2 წელი საკმარისი არის იმისთვის რომ დაიბრუნოს დაკარგული ამომრჩეველი.
- კონკრეტულად რას გამოუცხადა მოსახლეობამ პროტესტი? საარჩევნო უბნებთან მისული მცირერიცხოვანი ამომრჩეველიც კი,როგორც ირკვევა კოორდინატორების ძალისხმევით მიიყვანეს...
- გახსოვთ თქვენ, რომ 2012 წლის არჩევნები იყო საპროტესტო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა მივიდა საარჩევნო უბნებთან პროტესტის დაფიქსირების მიზნით " ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მაშინ ავანსად გამოუცხადა მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობამ ნდობა " ქართულ ოცნებას", რადგან ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ერთადერთი ფორმულა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მმართველი გუნდის გასტუმრება, ეს იყო საპროტესტო მონაწილეობა და ერთი ძალისთვის ხმის მიცემა, რათა ხმები არ გახლეჩილიყო. 15 ივნისს გამოხატული პროტესტი კი იყო გაფრთხილება მთავრობისთვის, რომ ავანსად მიცემული ნდობა იწურება. რაც მთავრობის არაეფექტურმა მუშაობამ გამოიწვია ყველა კუთხით.
- თუმცა ალტერნატიული ძალა, რომელსაც მოსახლეობა ენდობა ჯერ-ჯერით არ ჩანს, არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს,როგორც ჩანს კვლავ " ნაციონალებზე " დაბალი რეიტინგი აქვთ...
- სხვათაშორის ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმით რომ უპრეცედენტო რაოდენობის გაბათილებული ბიულეტენები იყო, როდესაც 2 საარჩევნო სუბიექტია შემოხაზული, ძირითადად იმ ბიულეტენებზე სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებია შემოხაზული, ეს სერიოზულ ეჭვს იწვევს. მე ასეთი სიგნალი მივიღე, როგორც კახა კუკავასგან, ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძისგან, სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც საუბრობენ, რომ ძალიან ბევრია ბათილად ცნობილი ბიულეტენები , სწორედ ამ მიზეზით. რა თქმა უნდა, ძალიან გასაკვირი იყო კუკავას ასეთი დაბალი პროცენტი. 2 სუბიექტის შემოხაზვა კი ძველი ტექნოლოგიაა გაყალბების და ეს იყო გაყალბება თუ ამომრჩევლის შეცდომა გასარკვევია. იმედს ვიტოვებ სარჩევნო ადმინისტრაცია მოახდენს რეაგირებას ასეთ ფაქტებზე და მიიღეს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ახლა რაც შეეხება, რატომ ვერ მოიზიდეს ოპოზიციურმა სუბიექტებმა ქართული ოცნების საპროტესტო ხმები . ავანსად მიცემულ ნდობაზე როცა ვსაუბრობ, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ნდობა იწურება, მაგრამ მაინც არის. ხოლო იმ პოლიტიკოსებმა, ვინც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში, ვერ შექმნეს განცდა მოსახლეობაში, რომ მათ შეუძლიათ პრობლემების გადაწყვეტა. ამიტომ როდესაც ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე ცხადდება სულ 43 %, ეს ნიშნავს, რომ 57 % -ს არ მოსწონს ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელიც დღეს პოლიტიკურ სპექტრშია წარმოდგენილი , რაც ნიშნავს იმას, რომ სავსებით შესაძლებელია ახალ ძალას დაუჭირონ მხარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
მაგრამ იმავდროულად ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ვინაიდან ის ფინანსები, რომელსაც აქვს საშუალება, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს, ანუ დააფინანსოს რომელიმე პოლიტიკური ძალა, ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა .
-თუმცა სამომავლოდ კოალიციის რომელიმე სუბიექტის გააქტიურებას გამორიცხავთ? მუდმივად მიდის აპელირება მმართველიგუნდის დაშლაზე....
-კოალიციაში შემავალი ძალები წარმოდგენილი არიან არა სიძლიერით, არამედ ისინი ყველა შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა ცალკე სუბიექტად არის აბსურდი, აქედან გამომდინარე დღეს ისინი კვლავ რჩებიან ხელისუფლებაში არა ერთი იდეის გარშემო, არამედ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილით. თითოეულ მათგანს ძალიან კარგად ესმის, რომ კოალიციიდან რომ გამოვიდეს, არა მხოლოდ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, არამედ შესაძლოა იმდენი ხმაც ვერ მიიღონ, რომ წარმომადგენლობით ოპოზიციაში იყვნენ, აქედან გამომდინარე, დღეს კოალიციის დაშლა არამგონია დღის წესრიგში იდგეს, კოალიციაში ყველა პოლიტიკური სუბიექტი იქნება მანამ, სანამ ექნებათ განცდა, რომ ხელისუფლებაში იქნებიან. როგორც კი იქნება იმის განცდა, რომ კოალიციას ნდობა აღარ აქვს ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაშინ მასში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, რა თქმა უნდა იფიქრებს, ძლიერი პარტნიორის მოძებნაზე.
-წინ გვაქვს მეორე ტური, მიუხედავად იმისა, რომ " ნაციონალთა " " რადარებიდან გაქრობა" არაერთხელ დაანონსდა , თბილისშიდა რამდენიმე ქალაქში ნაციონალები მერობისთვის ბრძოლას აგრძელებენ, რაშია საქმე?
- მე მიკვირს " ქართული ოცნების" საუბარი, რომ " ნაცმოძრაობა " რადარებიდან გაქრა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებს თუ შევადარებთ " ნაცმოძრაობამ " მიიღო 30 000 ხმით ნაკლები, მაშინ როცა " ოცნებას" ანალოგიური არჩევნების შემდეგ 300 000 ხმა აქვს დანაკლისი. რაც შეეხება მეორე ტურში " ნაციონალთა " გამარჯვებას, ამის შანსი ფაქტურად არ არსებობს, ვინაიდან მათ რა რესურსიც ჰქონდეთ და რა ამომრჩეველიც ჰყავდათ, ის უკვე მიიყვანეს არჩევნებზე. თბილისის შემთხვევაში პროცენტულად საკმაო განსხვავებაა და საუბარი არაა ერთ და ორ პროცენტზე, ამიტომ 99 % -იანი ალბათობით, თბილისშიც და იმ ქალაქებშიც, სადაც " ნაცმოძრაობის " კანდიდატია მეორე ტურში გასული, გაიმარჯვებს " ოცნება", მაგრამ სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატია მეორე ტურში და სხვაობა მასსა და " ოცნების" კანდიდატს შორის არის პატარა, მაშინ შეიძლება მოხდეს პოლიტიკური ვაჭრობა და შესაძლოა კონკრეტულ ოლქში " ნაცმოძრაობამ " აღუთქვას მხარდაჭერა, ოპოზიციას სხვა ოლქის სანაცვლოდ.