ღარიბაშვილის დილემა

ღარიბაშვილის დილემა

"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაცდელშია - მართალია, მისმა მშობლიურმა რაიონმა რეკორდი მოხსნა და "ოცნებამ" დედოფლისწყაროში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტი აჩვენა, მაგრამ ადგილობრივები მიანიშნებენ - ნახევარი რაიონი "ნაცია" და ერთი გაგვაგებინა, "ოცნებამ" როგორ გაიმარჯვაო, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი "ოცნებამ" დედოფლისწყარო წააგო და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალი" ზაზა კედელაშვილი გახდა, რომელმაც ღარიბაშვილის ცოლისძმა ლექსო თამაზაშვილი დაამარცხა. თამაზაშვილი პარლამენტში მაინც შევიდა, ოღონდა პარტიული სიით და როგორც "ნაციონალები" ამტკიცებენ, ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ლამის 1 წელია, სტუდენტია..." - წერს გაზეთი "პრემიერი" სტატიაში სათაურით ღარიბაშვილის დილემა / ვის ვერ აკონტროლებენ "რესპუბლიკელები" კოალიციაში.

"ღარიბაშვილი თუ ფიქრობს, რომ დედოფლისწყაროს შედეგი მთელ საქართველოზე ვრცელდება და "ოცნების" უძლეველობაში ამიტომ არის დარწმუნებული, მაშინ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ - ეგ პრემიერობასაც მალე დაკარგავს... გაიძახიან, არჩევნებში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და "ოცნებას" მეორე ტური იმიტომ დასჭირდა, რომ აქტივობა არ იყოო. თუ აქტივობა არ იყო, დღის 2 საათიდან, როცა ამომრჩევლის 20%-ზე ოდნავ მეტი იყო მისული, საღამოს 8 საათამდე ეს ციფრი 40%-ს როგორ გადასცდა? დოკუმენტურად ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამომრჩევლის რაოდენობის გაზრდა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით იმიტომ მოხდა, რომ მეორე ადგილზე "ნაცმოძრაობა" გასულიყო. სიმართლე ვთქვათ, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციაში და კურსი დასავლეთოსკენ აქვს აღებული, "ნაციონალური მოძრაობაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქართული პოლიტიკის კულუარებში კარგად გარკვეული ინკოგნიტო წყარო.

"სხვათა შორის, ღარიბაშვილს ამდენი არც პოლიტიკური ალღო აქვს და არც გამოცდილება იცოდეს, რომ დასავლური მსოფლმხედველობის ოპოზიცია აუცილებელია. სამაგიეროდ, როგორც ვიცი, ივანიშვილს უთხრეს ამერიკელებმა - თუ ბურჯანაძე და კიდევ რამდენიმე ახალი პარტია, რომელიც აშკარად კრემლისტურია, გაძლიერდება, მაშინ "ქართული ოცნება" მხოლოდ ხელისუფლებიდან კი არა, პოლიტიკური ველიდანაც გაქრება. ასევე ვიცი, რომ "ნაციონალებსა" და "ოცნების" დასავლურ ფრთას შორის შედგა ფარული მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც 27 ივნისის შემდეგ"ნაცმოძრაობის" რებრენდიგი დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ოდიუზურ "ნაციონალს" დაიჭერენ. ასევე, მაქვს ისნოფმაცია, რომ დავიტ კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე უფრო სერიოზული მუხლებით აღიძვრება და მტკიცებულებებსაც დაუდებენ. მთლიანად მოხდება "ნაცმოძრაობის" ე.წ. ჟვანიას გუნდისგან გაწმენდა - საუბარია მიხეილ მაჭავარიანსა და ხათუნა გოგორიშვილზე", -განაგრძობს რესპონდენტი.

"ორი ადამიანი, ვისაც "რესპუბლიკელები" კოალიციაში ვერ აკონტროლებენ - ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძეა. კალაძეს, საერთოს, თავისის "ბრიაჟკა" აქვს, რომლის ინტერესში მხოლოდ ენერგობიზნესი შედის. ამბობენ, რომ ამ "ბრიაჟკის" მთავარი "მოტორი" ზურაბ ნიღაიდელია. გარედან ისე ჩანს, რომ ღარიბაშვილი და კალაძე თითქოს ერთად არიან, მაგრამ შიგნით ყველაფერი სხვანაირადაა. მართალია, ღარიბაშვილი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა ბიძინა ივანიშვილთან მოხვდა და მან კარგი ცხოვრება ანახა, მაგრამ ერთია, როცა მილიარდერის "სეკრეტარად" მუშაობ და მეორე - ქვეყნის, პრინციპში, პირველკაცობა. ამ სიტუაციაში, კალაძე, უბრალოდ, ზედმეტი თავის ტკივილია, მით უმეტეს, რომ მას ივანიშვილთან ნათელ-მირონობა აკავშირებს. ანუ ოლიგარქი არჩევანის წინაშე რომ დადგეს, შეიძლება კალაძისკენ გადაიხაროს. ღარიბაშვილი, უფრო სწორად მისი გარემოცვა ალბათ ფიქრობს, რაღა ბიძინას ჭკუაზე ვიაროთ, ეს ქვეყანა ხელში ჩავიგდეთ და იმას გავაკეთებთ, რაც გვინდაო. დიახ, ღარიბაშვილი ძალაუფლების ხიბლში ჩავარდა და გულშემატკივარიც არავინ ჰყავს, რომ ამის შესახებ უთხრას და სწორ გზაზე დააყენოს", - აღნიშნავს ინკოგნიტო წყარო.

"როგორც ვიცი, ყველაზე მეტად ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ენდობა, რომელიც "ნაციონალების" დროს ძალოვან უწყებაში მუშაობდა. არ ვიცი, ეს ქალბატონი პრემიერთან როგორ მოხვდა, მაგრამ კულუარებში ისიც გავიგე, რომ შეიძლება რომელიმე მინისტრის სავარძელი დაიკავოს. ადრე თქვეს, რომ გურამ ოდიშარიას შეცვლიდა, მაგრმა ამას კულტურის მუშაკები აღუშფოთებია და როგორც ვიცი, ნინო კობახიძის კულტურის მინისტრად დანიშვნა აღარ მოხდება", - დასძენს რესპონდენტი.