ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა" "ჰაერიდან მოტანილი არ არის".
"მე ვფიქრობ, რომ კოალიციას და მთავრობას აქვს ბევრი თემა გადასაწყვეტი, მათ შორის მათი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან - მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი იქნება თუ არა გაგრძელებული და იქნება თუ არა კოალიცია იმ შინაარსით როგორიც დღეს არის, რადგან, შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჯერ კიდევ ცოცხალია. ვფიქრობ, ღარიბაშვილს, ალბათ უნდა მინისტრების შეცვლა. მეც მის ადგილზე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მსმენია, თავად "ქართული ოცნებიდან" ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომელიც ჩემს ირგვლივ შექმნილ ფონს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის, არ ვიცი პრემიერ-მინისტრის თავში რა ხდება, მაგრამ, ის რომ მთავრობა არ არის ეფექტური, ესეც ფაქტია", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესაძლებელი მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები დალაგდეს, ყოფილი მრჩევლის თქმით, ის ამ კუთხით გიორგი მარგველაშვილს წარმატებებს უსურვებს.
"თემაა ისიც, როგორ დალაგდება ურთიერთობა პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, რომელმაც სცადა ჩარეულიყო ამ ურთიერთობის დალაგებაში, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო... სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა და მე ამას ვწუხვარ. ვფიქრობ, რომ მიდგომა ძალიან ვიწროპარტიულ, ვიწროპიროვნულ, ვიწროპოლიტიკურ ჭრილშია აღებული, არამგონია მარგველაშვილს ვინმესთვის მიეცეს საბაბი, რომ არასახელწმიფოებრივად გააკეთა რამე", - აღნიშნა პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა და იქვე დასძინა, რომ მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის არსებული არასახარბიელო დამოკიდებულების მიუხედავად პრემიერი პრეზიდენტში კონკურენტს არ ხედავს და "აქაა ბიძინას ფაქტორი".
ამასთან, ვანო მაჭავარიანი შექმნილი ვითარების მიუხედავად გიორგი მარგველაშვილის მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებასაც გამორიცხავს და განმარტავს, რომ "მარგველაშვილი არაა მოსული იმისთვის, რომ განსაკუთრებელი პრობლემები შექმნას ამ მიმართულებით".