"2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებს თუ შევადარებთ, დავინახავთ ტენდენციას, რომ ორი მთავარი პოლიტიკური ძალა - "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - არამარტო პროცენტული მაჩვენებლით კარგავენ მხარდაჭერას, არამედ აბსოლუტური რიცხვებითაც. კერძოდ, მე-8 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები იყო, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა. ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჯამში 2 215 661 ამომრჩეველმა, საიდანაც ხმების 54.97%, ანუ 1 181 862 ხმა "ქართულ ოცნებას" ერგო. "ნაცმოძრაობამ" კი მაშინ 867 432 ხმა მიიღო, ანუ 40.34%. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლის თავზე, 2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოში რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ჯამში 1 596 654 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით 2 წელში "ოცნებამ" მხარდამჭერთა 39% დაკარგა, "ნაცმოძრაობამ" – 63%.
"რაც შეეხება 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ არჩევნებზე 16 ათასზე მეტი მარტო კანდიდატი იყო რეგისტრირებული და ქვეყანა პირველად პირდაპირი წესით თვითმმართველი ქალაქების მერებს, გამგებლებს და საკრებულოს წევრებს ირჩევდა, ჯამში საარჩევნო ყუთებთან 1 485 372 ამომრჩეველი მივიდა, რაც ხმის უფლების მქონეთა მხოლოდ 43.31%-ს შეადგენდა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით "ოცნებამ" ჯამში 719 416 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე კი 317 223 ხმით "ნაციონალური მოძრაობა" გავიდა, მესამეზე - 145 027 ხმით "ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია".ანუ, აბსოლუტურ რიცხვებში თუ დავიანგარიშებთ, 2012 წლის საპარლამენტოდან 2013-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "ოცნებამ" (ან მისმა კანდიდატმა/კანდიდატებმა) დაკარგეს 170 ათასი ხმა (14%), ხოლო 2013-დან 2014-ის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 293 ათასი ხმა, ანუ 29%" - აღნიშნავს გამოცემა.
"2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 15 ივნისამდე, სულ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა 463 ათასით, ანუ 39%-ით. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", 2012-იდან 2013 წლის ოქტობრისთვის მან დაკარგა 513 ათასი ხმა, ანუ 59%; 2013-დან 2014 წლის 15 ივნისამდე კი კლების ტემპმა იკლო და პარტიამ დაკარგა მხოლოდ 37 ათასი ხმა, ანუ დაახლოებით 10%. ანუ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 15 ივნისამდე, სულ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა 550 ათასით, ანუ 63%-ით. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის პარტიის რეიტინგს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან მიიღო 166 ათასი ხმა, ხოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკმა, სადაც მთავარ ძალას ბურჯანაძის პარტია წარმოადგენდა, დაახლ. 21 ათასი ხმა დაკარგა, ანუ დაახლ. 12,7%" - წერს სტატიის ავტორი.
"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თვისებრივად სხვადასხვა არჩევნების შედარება ანალიზის გაკეთების ზუსტ საშუალებას არ იძლევა, თუმცა დაბალ აქტივობას რამდენიმე ვერსიით ხსნის. "თუ ნებას მომცემთ, არჩევნებს ფეხბურთის მატჩს შევადარებ. დაბალი დასწრება იმ შემთხვევაში გვაქვს, თუკი მაყურებლისთვის შედეგი ცხადია, ანუ მაშინ როცა ერთი ძალიან ძლიერია და მეორე ძალიან სუსტი. ასევე მაშინაც, თუ მას არცერთი მეტოქე არ აღელვებს და ორივეს მიმართ ინდიფერენტულია. ყველაზე მეტი კი მაშინ მიდის, როდესაც მეტოქეები თავის შესაძლებლობებში თანაბრები არიან. ჩვენს შემთხვევაში დაბალი აქტივობის მიზეზი ამ სამი კლიშედან ჩემი აზრით არის ის, რომ ამომრჩეველი ფიქრობს, რომ "ოცნება" მაინც გავა და წასვლას აზრი არ აქვს. ამ მიზეზით ამომრჩევლის გაპასიურება ხშირად ხდება. ასევე შეიძლება იყოს შანსების თანაბრობის ნაკლებობაც. ამ შედარებებით ანალიზის გაკეთება ცოტა რთულია, რადგანაც ეს არჩევნები თვისებრივად განსხვავდება, თუმცა ამასთანავე ვერც წინა საპრეზიდენტოს შევადარებთ 2013 წლის არჩევნებთან და ვერც ამ არჩევნებს წინა თვითმმართველობისას, რადგანც მაშინ სხვა რეალობა იყო. ამიტომ მარტო ამ კონტექსტში აღებულმა ციფრებმა შეიძლება მოგვატყუოს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვფიქრობ, სხვანაირი შედეგი იქნება. 2012 წლის არჩევნებზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ "ოცნების" მიმართ, არამედ "ნაციონალების" მიმართ დამოკიდებულებასაც. მაშინ ომი იყო და მოსახლეობა ამ ომში თავისუფლების მოპოვებისთვის იბრძოდა. დღეს კი სხვა რეალობაა. იმ სურათით, რაც დღეს გვაქვს, ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, თუმცა არა იმ სხვაობით, რაც 2012-ში იყო," - უთხრა "რეზონანსს" რამაზ საყვარელიძემ.
"პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე კი ამბობს, რომ ამომრჩევლის ინერტულობა სრულიად ნორმალურია, რადგანაც ადგილობრივი არჩევნების მიმართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამ ტიპის არჩევნები ტარდება, საზოგადოების ნაკლები ინტერესი ვლინდება-ხოლმე. თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ საზოგადოების გარკვეულ იმედგაცრუებას აღიარებს. "როდესაც საუბრობენ "ქართულმა ოცნებამ" იმედი გაგვიცრუაო, მიკვირს, რადგანაც ხალხმა რეალურად ხმა მისცა "ნაციონალური მოძრაობის" წასვლას. "ქართული ოცნება" კი ამ შემთხვევაში იარაღი იყო. ამიტომაც მათი რეიტინგის კლების მიზეზებს შორის ესეც უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ სასწაულებრივად მოახერხა ყველა სფეროში უკან წასვლა. თუმცა მიუხედავად ამისა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი მე არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ამისთვის არცერთი პოლიტიკური ძალა და არც საზოგადოება მზად არ არის. რაც შეეხება ბოლო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" პროცენტებს, თუ ამას ამომრჩევლის საერთო მასაზე გადავიანგარიშებთ, ეს რეიტინგი 10-15%-მდე დავა, ბუნებრივია პროპორციულად შენცირდება მმართველი გუნდის რეიტინგიც. ამიტომაც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბოლო 20-წლიან პერიოდში ეს არის არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერა ასეთი სწრაფი ტემპით დაკარგა," - აცხადებს ლაგაზიძე.
"ხელისუფლებას ავტორიტეტული პიროვნებების შიში აქვს, თუ ამ წელიწადნახევრიან მმართველობას თვალს გადავავლებთ, ვერცერთ ცნობად სახეს ვერ ვნახავთ, რომელიც მათ პარტიაში, ან სიებში შეიყვანეს. პრაქტიკულად ამით ხელისუფლებამ ავტორიტეტულ ჯგუფებთან კომუნიკაცია შეწყვიტა და ამით ამ ადამიანებს უპერსპექტივობის განცდა შეუქმნა. ძალიან მოკლე დროში "ქართული ოცნება" ჩაკეტილ კლანად იქცა. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ის, რომ მან ამ პოზიციების შენარჩუნება შეძლო, ხელისუფლების დამსახურებაცაა. ისინი "ნაციონალების" ფონზე თავს კომფორტულად გრძნობდნენ. მათ მიერ წამოწეულ თემებს მაშინაც კი არაფრად აგდებდნენ, როცა ეს ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო, შედეგად ის ხალხმაც არაფრად ჩააგდო. თავის მხრივ, "ნაცმოძრაობა" ძალიან სიცოცხლისუნარიანია. ის არის ერთადერთი პარტია ქვეყანაში, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული სტრუქტურები აქვს. აქვს დისციპლინა, იდეოლოგია და ჰყავს მის გარშემო შემოკრებილი მომხრეები. დასავლეთის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერაც აქვს. გარდა ამისა სარგებლობენ სიმპათიით მედიის საკმაოდ დიდ ნაწილში. ყველაფერმა ამან კი მისი გადარჩენა განაპირობა", - დასძენს რესპონდენტი.