ავტორიტარული რეჟიმისგან გათავისუფლებისა და ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, უკრაინა სისტემური რეფორმების განხორციელებაზე გადადის.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ”დელოვაია სტოლიცა” ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტმა პოროშენკომ თავის გუნდში უკვე მიიწვია „ქართული სასწაულის“ ავტორები და იმედი აქვს, რომ მათ გამოცდილებას საკუთარი ქვეყნისთვის გამოიყენებს.
როგორც ”დელოვაია სტოლიცა” იუწყება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის გატარებაც უკრაინაში იგეგმება - საგადასახადო რევოლუციაა.
”საგადასახადო რეფორმამ ქართველებს შესაძლებლობა მისცა, ეკონომიკა ჩრდილიდან გამოეყვანათ და ინვესტიციები მოეზიდათ. დაიწყო საგადასახადო ამნისტიით და ფისკალური სამსახურის საკადრო წმენდით. შემდეგ დაბეგვრის სისტემას მიხედეს: გადასახადების რაოდენობა 22-დან 7-მდე შემცირდა. მოგების გადასახადმა დაიკლო 15%-მდე. უკრაინაში კი დღემდე მოქმედებს გადასახადების „კონვერტებით“ გაცემა. რაც შეეხება ამნისტიას, ის უკრაინაში მხოლოდ საწარმოებისთვის იგეგმება და მის სანაცვლოდ მოითხოვება გადაუხდელი მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის 15%”- წერს უკრაინული გამოცემა.
”დელოვაია სტოლიცა” საქართველოში გატარებულ კიდევ ერთ წარმატებულ რეფორმად საგარეო ვაჭრობის გაფართოებას მიიჩნევს: საქართველომ ამ სფეროს რეფორმა დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ხელმოწერით თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორთან. თუმცა, უკრაინის შემთხვევაში ამ პრინციპის სრულად გამოყენება შეუძლებელია რუსეთთან რთული ურთიერთობების გამო, რომელზეც ადგილობრივი ექსპორტის 25% მოდის.
„დელოვაია სტოლიცა“ წერს, რომ უკრაინა უნდა წავიდეს ყველა სატრანზიტო გადასახადის, კვოტისა და სხვა ბარიერის გაუქმებაზე საავტომობილო საქონლის გადაზიდვისას, მისსავე ტერიტორიაზე. ეს აუცილებელია უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის.
საგადასახადო რევოლუციისა და საგარეო ვაჭრობის გაფართოების გარდა, უკრაინაში კიდევ სამი ”ქართული რეფორმის” განხორციელება იგეგმება. პოროშენკო საკუთარ ქვეყანაში მილიციის ”გადატვირთვას”, სახელმწიფო სექტორის განახლებასა და სასამართლო ლუსტრაციას აპირებს.