რატომ არ მივიდა ივანიშვილი არჩევნების დღეს

რატომ არ მივიდა ივანიშვილი არჩევნების დღეს "ოცნების" ოფისში?

"ქართული ოცნება" იხტიბარს არ იტეხს, თუმცა ცხადია, ასეთი შედეგის მოლოდინი ნამდვილად არ ჰქონია. ეს იყო "ოცნების" კრახი, იმ ნდობის პირობებში, რომელიც მათ ჰქონდათ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში. საზოგადოებამ გამოხატა ჩუმი, მაგრამ ძალიან სერიოზული პროტესტი, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. ამით ამომრჩეველმა მმართველ გუნდს მიანიშნა, რომ ავანსად გაცემული ნდობის მანდატი, რომელიც ორი წლის წინ გასცა, იწურება. ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუკი ის გააგრძელებს სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, ხალხის მოთხოვნების მიმართ იგნორის დაფიქსირებას, თუკი არ იფიქრებს საზოგადოებასთან შეწყვეტილი კომუნიკაციის აღდგენაზე და საუბარს გააგრძელებს მხოლოდ "ნაცმოძრაობასთან", მაშინ ძალიან ძვირი დაუჯდება ამგვარი პოლიტიკა. ასევე, თუ მმართველი გუნდი დაკავებული იქნება პრემიების აღებით, მანქანებისა და ტელეფონების ყიდვით და რაც ყველაზე მთავარია, არაპოპულარული კანდიდატების წარდგენით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო ცუდი შედეგით დასრულდება "ქართული ოცნებისთვის". შეიძლება მათ ისევ თქვან, რომ მათი დაბალი რეიტინგი არის დემოკრატიის გამარჯვება, თუმცა გარწმუნებთ, ეს დემოკრატიის გამარჯვება არ იქნება", - აცხადებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, კახა კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით რატომ არ მივიდა ივანიშვილი არჩევნების დღეს "ოცნების" ოფისში?

"თუ რატომ არ მივიდა ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, მგონი, თავად ბიძინა ივანიშვილიც დარწმუნდა, რომ, სამწუხაროდ, მართვის პრობლემა არის სახეზე. რეალურად, ამას შეიძლება ჰქონდეს უფრო რთული შედეგები, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ერთადერთი პროექტი, რაც ნამდვილად კარგად გამოუვიდა "ქართულ ოცნებას" და წარმატებით განახორციელა, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმირება და გადარჩენა. ამიტომ დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ის წარმომადგენლები, რომლებმაც მანდატი მოიპოვეს, იფიქრებენ, როგორ შეუწყონ ხელი საკრებულოს მუშაობას, რომ ქვეყანა განვითარდეს, ძალიან ცდებიან. ეს ადამიანები მუდმივად იქნებიან დაკავებული იმით, რომ შექმნან პრობლემები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.

"მეორე ტურში ნამდვილად ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ "ნსცუონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვოს. ახლა "ოცნებას" ძალიან ბევრი ხმა წაართვეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ეს ხმები, ბუნებრივია, "ქართული ოცნებისკენ" წავა. რაც შეეხება იმას, რა უნდა გააკეთონ, უნდა გააკეთონ ის, რაც არ გააკეთეს. "ქართულმა ოცნებამ" დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ხალხთან კომუნიკაცია გაწყვიტა, ხალხის ძირითად პრობლემებზე იგნორირების რეჟიმში გადავიდა. ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით იგნორი, "ნაცმოძრაობის" სტილის გაგრძელება პრემიების აღებაში, ხელფასების გაზრდასა და მანქანების ყიდვაში, ეს არის ის, რაც ძალიან მოქმედებს ხალხზე, ვინც თვიდან თვემდე ფიქრობს, ხელფასი ან სოციალური დახმარება როგორ გაანაწილოს პურისთვის. 2016 წლამდე დიდი დრო აქვს "ოცნებას", რომ საკუთარი შესაძლებლობები გადააფასოს და თუ გონს მოეგებიან, კარგ შედეგს მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ "უარეს დემოკრატიას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირი ფორმიღთ ვერ მობრუნდება, თუმცა ალბათობა იმისა, რომ რებრენდინგი მოხდეს მათი და შემდეგ უკვე მობრუნდნენ ის ადამიანები, ვის მიმართაც არ არის აგრსია, არის ძალიან მაღალი. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ არაგამაღიზიანებელი ხალხის უკან იქნებიან ის დამნაშავე ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას წლების განმავლობაში? "ნაცმოძრაობა" დღეს იქცევა ისე, როგორც იქცეოდა 2000-დან 2003 წლამდე, როცა ახდენდნენ ძალის დემონსტრირებას და ქვეყანაში უსამართლობის განცდის შექმნით იყვნენ დაკავებულები. იგივეს აკეთებენ ახლაც, მუდმივად საუბრობენ კრიმინალის გაზრდაზე, შეხედეთ, რა ხდება სასამართლო სისტემაში, სადაც ისევ ისე იღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს. ამიტომ თუ გონს არ მოეგება "ქართული ოცნება" და არ მოუსმენს საკუთარ ხალხს, გამოვა, რომ ისეთ საქმეს გაუკეთებს "ნაციონალურ მოძრაობას", რაც არავის გაუკეთებია, ამით კი ქვეყანა დაზარალდება", - დასძენს კახა კახიშვილი.