"ევროკავშირში გაწევრებას ვერ შემოგთავაზებთ" (ექსკლუზივი)

"ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ეს თქვენი ხელისუფლების გადასაწყვეტია"

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი რანგის მოხელეები სტუმრობენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპუის ვიზიტის შემდეგ თბილისს ევროკომისიის თავკაცი, ჟოზე მანუელ დურაო ბაროზოც ეწვია. "კვირის პალიტრა" ევროკავშირის ერთ-ერთ პირველ პირს საქართველოს ევროპულ მომავალზე ექსკლუზიურად ესაუბრა:

- რა არის თქვენი ვიზიტის მთავარი გზავნილი?
- ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. მაგრამ ჩემი ძირითადი გზავნილი უცვლელია: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და ერთიან საქართველოს.

- საქართველოში ახლახან გაიმართა პოლიტიკური დებატები, რაც ბევრმა აღიქვა, როგორც ქარიშხალი ჭიქაში. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვერ თანხმდებოდნენ, ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებისათვის.  ევროკავშირის გადმოსახედიდან აქვს თუ არა მნიშვნელობა ვინ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს?

- თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ეს თქვენი ხელისუფლების გადასაწყვეტია. მე ბევრად მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ახალ თავს გადაშლის ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაში. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო ხელშეკრულება. ასოცირების ხელშეკრულება მოასწავებს რეფორმებს, რაც საქართველოს უფრო დაამსგავსებს ევროკავშირის წევრ ქვეყანას - ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად. ეს ხელშეკრულება ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში გაამყარებს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს: ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობას. ეს შეთანხმება არის ერთგვარი სამომავლო ინვესტიცია, რომელიც, ჩვენი რწმენით, დიდ მოგებას მოიტანს.

ეკონომიკის მხრივ ეს ნიშნავს ყველა საიმპორტო და საექსპორტო გადასახადის გაუქმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური წინადადებაა ვაჭრობის ლიბერალიზაციის მხრივ იმ შეთანხმებებს შორის, რაც ევროკავშირს ოდესმე დაუდვია რომელიმე პარტნიორთან.

ამ ხელშეკრულების წყალობით, იმპორტიორები როგორც ევროკავშირიდან, ისე საქართველოდან წლიურად დაახლოებით 90 მილიონ ევროს დაზოგავენ. ბაზრის ლიბერალიზაცია და რეფორმები საქართველოს ექსპორტს, სავარაუდოდ, 12%-ით გაზრდის, მშპ-ს კი მთელი 4,3%-ით".

- "საქართველოს სუვერენული უფლებაა, ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, მაგრამ მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ შესაძლო შედეგები", - განაცხადა რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა. საქართველოში შიშობენ, რომ ეს შესაძლო შედეგები შეიძლება მოასწავებდეს ეკონომიკურ ემბარგოს, დეპორტაციას ან სამხედრო აქტივობას. თუ ეს შიში გამართლდა, რა დახმარებას უნდა ველოდოთ ევროკავშირისაგან?
- ევროკავშირი არ უქმნის საფრთხეს რუსეთის ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს მის მეზობლებთან.   აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიზანია სამეზობლოში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამკვიდრება. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი მეზობლების დამოუკიდებლობისა და მათი თავისუფალი არჩევნის პატივისცემის პირობებში.
მივიჩნევთ, რომ ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს აღმოსავლეთპარტნიორობის წევრი ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს. მათ მიმართ არ უნდა გატარდეს რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიებები.

- მაკედონია, სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა უკვე ადგანან ევროკავშირის წევრობისაკენ გზას, თქვენ კი სულ ახლახან განაცხადეთ, რომ საქართველოსთვის ""ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი". ამ ქვეყნებთან შედარებით, როგორი მდგომარეობაა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების მხრივ და რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის შემდგომი განვითარებისთვის გეოგრაფიული სიახლოვის ფაქტორი?
- მართალია, ახლა ევროკავშირში გაწევრებას ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ახლოს.
წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების გეგმა მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს, თურქეთსა და ისლანდიას. ამ ქვეყნებს ჩვენ ინდივიდუალურად ვაფასებთ. ასე რომ, შედარებებზე საუბარი ზედმეტია.
საქართველომ კი ახლა კონცენტრირება უნდა მოახდინოს ასოცირების შეთანხმებაზე.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან ჩვენი მომავალი ურთიერთობა მხოლოდ ამით განისაზღვრება. როგორც ეს უკვე განვუცხადეთ უკრაინას, ეს შეთანხმება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი."

- როგორც ვიცით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სამართლებრივ პროცესებს, რომლებშიც ფიგურირებენ წინა მთავრობის წევრები. ყოფილი მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ ეს პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია და აცხადებენ, რომ დასავლეთი მათ პოზიციას იზიარებს. მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას დასაკითხად დაიბარებენ, განაცხადა, "- როგორც ჟოზე მანუელ ბაროზომ მითხრა, თუკი მე დამაკავებენ, იგი დარწმუნდება, რომ ეს არის პუტინის მიერ მართული რეჟიმი და დამპირდა, რომ ის იქნება პირველი, ვინც წამოსწევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შეჩერების საკითხსო."..

- გამოძიებები უნდა იყოს გამჭვირვალე, ჯდებოდეს საპროცესო ნორმებში, თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისაგან და მიუკერძოებლად აღიარებდეს კანონის უზენაესობას. ეს ეხება ასევე იმ საქმეებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პერსონები.
მე იმავეს ვეტყოდი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ ყველა ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორს, ვისაც სურს ევროკავშირთან დაახლოება. ამ მხრივ ჩვენ აუცილებლად გამოვიჩენთ სიფხიზლეს.