"გიორგი მარგველაშვილმა აქამდე ყურად არ იღო ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, რომელიც ვანო მაჭავარიანს შეეხებოდა. მართლაც არ შეიძლება, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და წარმოადგენ ერთ პოლიტიკურ ძალას, შენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური მრჩეველი იყოს ადამიანი, რომელიც `ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრია. ჩემთვის ცხადია, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ ცდილობდა გიორგი მარგველაშვილის გადაბირებას. არ ვიცი, იყო თუ არა ბატონი ვანო მაჭავარიანი ამაში ჩართული, მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ამ თემაზე დაგროვილი კითხვებისთვის პასუხის გასაცემად, ბოლოს და ბოლოს, სრულიად სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მარგველაშვილმა დასკვნები ივანიშვილის კრიტიკიდან გამოიტანა" / "ცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა გიორგი მარგველაშვილის გადაბირებას" / "ნოდარ ლადარიასაც და ზურაბ ჭიაბერაშვილსაც და მათნაირ ადამიანებს ალბათ ცემა კიდევ არ ასცდებათ..."
"არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ამ გადაწყვეტილების მიღებით, პრეზიდენტმა არაპირდაპირ, დიპლომატიური ხერხებით აჩვენა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. ასევე, ვფიქრობ, ალბათ რაღაც მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გიორგი მარგველაშვილის ზურგს უკან მიმდინარეობდა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილის საკადრო გადაწყვეტილებები მას არ უნდა დაუკავშირდეს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილმა დასკვნები სწორედ ივანიშვილის კრიტიკიდან გამოიტანა და ამის შედეგად გაათავისუფლა ვანო მაჭავარიანი. ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ ზეწოლა არავისზე მოუხდენია და თქვა თავის დროზე ის, რაც თქვა", - აღნიშნავს გამოცვემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
"ბიძინა ივანიშვილს არც ამჯერად გაუკრიტიკებია მთავრობა, თუმცა არც არავინ შეუქია და თქვა, რომ ბევრია გასაკეთებელი. მისი განცხადებაც, რომ "ქართული ოცნების" შტაბს დისციპლინა აკლია, ვფიქრობ, სწორი ანალიზის შედეგია. ეს კოალიცია ეკლექტიკური წარმონაქმნია, შიგნით არის ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური ძალა, ასეთ კონგლომერატში დისციპლინა მოიკოჭლებს ხოლმე, რაზეც უნდა იფიქროს პრემიერმა და კოალიციის ამჟამინდელმა ლიდერმა. იმაში რომ, ეს არჩევნები გარდამტეხი არ იქნება, ბიძინა ივანიშვილი იმას გულისხმობდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც კოალიცია იქნება და აქამდე არსებული პოლიტიკა გაგრძელდება. ვთქვათ სიმართლე, რომ რეალური დემოკრატია დადგება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, დღეს ჩვენ ვართ დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩემი აზრით, შემდგომი საარჩევნო ციკლი უკვე ისეთი იქნება, როგორიც ჩვეულებრივ, ევროპულ ქვეყანაში, ყოველგვარი ძალადობისა და გართულებების გარეშე", - თვლის ექსპერტი.
"რაც შეეხება დღევანდელ მტკივნეულ საკითხებს - კადრების საკითხი რჩება კვლავაც დიდ პრობლემად. ის, სკანდალი, რაც აჭარაში მოხდა - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატსა და ჟურნალისტს შორის დაპირისპირებას ვგულისხმობ, მართლაც აღმაშფოთებელია. მედეა ვასაძის მსგავსი დეპუტატები მხოლოდ ხელისუფლების კი არა, მთელი საზოგადოების პრობლემაა. საქმე ისაა, რომ კადრების შერჩევა სახელისუფლებო უწყებებში ხდება პარტიული ნიშნით და არა პროფესიონალიზმით. ეს პრობლემა იყო წინა ხელისუფლებების დროსაც იყო და დღესაც გრძელდება. საჭიროა მთელი მიდგომის შეცვლა, მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა ამ ზოგად პრობლემას ვერ უშველის", - ამბობს რესპონდენტი.
"ასოცირების ხელშეკრულება, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს საფრთხეს არ უქმნის, ეს თქვა ღარიბაშვილმაც. უფრო მძიმე იქნება სექტემბერი, როცა ნატოს უელსის სამიტი გაიმართება და მაპ-ზე იქნება ლაპარაკი. ეს უფრო აშფოთებს რუსეთს და პუტინის ადმინისტრაციის მიერ ეს სიტუაცია სხვაგვარად იქნება განხილული. დასავლელი პარტნიორები მაპ-ზე სიფრთხილით ლაპარაკობენ და რუსეთთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩემი აზრით, მოგვიწევს, ამ ეტაპზე მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით შემოვიფარგლოთ და ამ რეალობიდან წარვმართოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
"ცხადად ჩანს, რომ აფხაზეთში რაც ხდება, რუსეთის მიერაა ინსპირირებული. ჩემი აზრით, პასპორტების ლეგიტიმაციის გაუქმება მიანიშნებს, რომ არ გამოირიცხება რაღაც სახის რეფერენდუმის ჩატარება, რომელზეც რუსეთთან ასოცირების საკითხი იქნება დაყენებული და ამ პროცესში ქართველების მონაწილეობა მათთვის არახელსაყრელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება ჩვენი ნატოსთან ურთიერთობები. თუ საქართველო ნატოს დაუახლოვდა, ალბათ ჩაატარებენ ამ რეფერენდუმს და აფხაზეთი გადაწყვეტს რუსეთთან მიერთებას, თუ ასე არ მოხდა, ეს რეფერენდუმი არ ჩატარდება. მეჩვენება, რომ რუსეთი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. ამ მიმართულებით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც მან ოსებს და აფხაზებს ასოცირების ხელშეკრულებით სარგებლობა შესთავაზა. ეს მისასალმებელია, რადგან ასეთი განცხადებები სახალხო დიპლომატიის იერსახეს იღებს", - დაასკვნის ექსპერტი.
"მგონია, ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ზაფხულის განმავლობაში. რუსეთის მხრიდან აფხაზეთში გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი ტერიტორიების მიერთების საფრთხე არის ერთგვარი გაფრთხილება საქართველოსა და მისი ხელისუფლებისთვის. აშკარაა მინიშნება - ნუ დაუახლოვდებით ნატოს! რუსეთისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს: ვეცადოთ ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობების რაღაც დონეზე დამყარებას თუ ძალიან სწრაფად შევიდეთ ნატოში და შემდეგ ვნახოთ მომენტი, როდესაც სამხედრო ოპერაციის ჩატარება იქნება შესაძლებელი. ეს არჩევანი აუცილებლად დადგება და ამ გადაწყვეტილებისას ჩვენი მოქმედება ორ-სამ სვლაზე კი არ უნდა იყოს გათვლილი, არამედ მთელ თამაშზე", - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვას - "კიდევ ერთი საარჩევნო ციკლი დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით, როგორ შეაფასებთ საარჩევნო პროცესს, რამდენად თავისუფალი იყო საარჩევნო გარემო?" - პასუხობს:
"ამ საარჩევნო პროცესის ყველაზე დიდ პრობლემად "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მიერ არჩეულ სტრატეგიას მივიჩნევდი. ადამიანები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში სუნთქვის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ, უცებ დაჩაგრულის პოზიციიდან ალაპარაკდნენ. ამ არჩევნებში სახელმწიფო რესურსი ნაკლებად იყო გამოყენებული, გაცილებით ნაკლებად, ვიდრე იმ ადგილობრივი არჩევნებისას, რომელიც "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტარდებოდა და რომელიც არჩევნების კარიკატურა იყო. ახლა კი ნამდვილი არჩევნები ჩატარდა. ექსცესები ახლაც იყო და ალბათ მომავალშიც იქნება, ამის გარეშე ქართველი ხალხი ვერ არსებობს. მას მერე, რაც ხელისუფლების ყველა შტოში `ქართული ოცნება~ იქნება წარმოდგენილი, მას უკვე ნამდვილად მოუწევს მთელ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება. ამიერიდან ზუსტად გვეცოდინება, რომელია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ. აქამდე ხან კოაბიტაციას ბრალდებოდა რაღაცები, ხან - ექსპრეზიდენტს, რომელიც "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან კიდევ ერთი წელიწადი იყო ხელისუფლებაში, ხან - თბილისის მერიას. ამ არჩევნების შემდეგ ყველა გასაკეთებელ თუ გაუკეთებელ საქმეზე "ქართული ოცნება" აგებს პასუხს".