"სტარიკა" "ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს" - ქურდული შურისძიება თელავში

"ხშირად ხუმრობდა: ერთი დღეც იქნება, სადღაც ჩამაძაღლებენო."

"ამბობდა, პოლიციას დახმარება ვთხოვე, მაგრამ ფეხებზე ვკიდივარო"

"რამდენიმე თვის წინ ვიღაც სადარბაზოშიც დახვდა მოსაკლავად, მაგრამ მაშინ იმარჯვა"


თელავში, ერეკლე მეფის ქუჩაზე წუხელ 35 წლის წარსულში ნასამართლევიარჩილ მაისურაძე ჩაცხრილეს. მაისურაძე ადგილობრივ რეფერალურ სავადმყოფოში ცოცხალი შეიყვანეს, თუმცა ოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მაისურაძე, იგივე "სტარიკა" 12 წლის წინ გაასამართლეს ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად "ვანცეტას" მკვლელობისათვის. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ შურისძიების მიზნით დასდევდნენ მოსაკლავად. თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარდაცვლილის მეგობარი ზაზა კევლიშვილი გვესაუბრა.

- "სტარიკა" წუხელ გვიან ღამით მოკლეს ქალაქის ცენტრში. რამდენიმე ადამიანი იყო მკვლელთან ერთადო, მაგრამ ერთი, ვინც ისროლა, ჩაფხუტით ყოფილა და "ბრონჟილეტი" ცმია. 

- მკვლელობის ძირითადი მიზეზი რა იყო? 

- აჩიკომ წლების წინ თელაველი კანონიერი ქუდი "ვანცეტა" მოკლა, რისთვისაც 7 წელი იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ევროპაში წავიდა, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ და საქართველოში აღარ დაედგომებოდა. დედამისი ესპანეთში ცხოვრობს და მასთან იყო წლების განმავლობაში. ბოლოს რაღაც პრობლემები შეექმნა და დეპორტით გამოუშვეს ევროპიდან. მისთვის ეს პირველი თავდასხმა არ იყო, იქაც არ ასვენებდნენ, ერთხელ გერმანიაშიც ესროლეს, მაგრამ მაშინ გადარჩა. ერთი სიტყვით,"ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს.

-საქართველოში როცა დაბრუნდა, ელოდებოდა, რომ გაუსწორდებოდნენ ძველი მკვლელობის გამო?

- ელოდებოდა და ყოველთვის ფრთხილადაც იყო ამის გამო. კარგი იუმორი ჰქონდა და ხშირად ხუმრობდა: ერთი დღეც იქნება, სადღაც ჩამაძაღლებენო. ყველა ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი ემუქრებოდა. რამდენიმე თვის წინ ვიღაც სადარბაზოშიც დახვდა მოსაკლავად, მაგრამ მაშინ იმარჯვა, შესვლის დროს შეამჩნია თავდამსხმელი და დამიზნებულ იარაღზე ხელი აუკრა. 

-"ვანცეტა" რატომ მოკლა რა იყო მათ შორის დაპირისპირების მიზეზი?

- რაღაც ჩხუბი მოუვიდათ და ამის გამო "ვანცეტამ" ქურდთან აიყვანა, სადაც "სტარიკა" გამტყუნეს. როგრც ვიცი, მაშინ ვანცეტამ აჩიკოს ხელიც გაარტყა, რისთვისაც ამან იმ ღამესვე მოკლა, როცა საქმის გარჩევას მორჩნენ. 

- როგორც ჩანს, წლების მიუხედავად, არ მოეშვნენ. ქურდული კანონების მიხედვით დასაჯეს, თუ ოჯახურ შურისძიებაზეა საუბარი?

- როგორც ვიცი, ჩამოსვლის შედეგ გააქტიურდა ქურდების ნადირობა აჩიკოზე. მათი წესებით, ქურდის მკვლელის მკვლელი დაფასებული ხდება და სწორედ ეს მგონია მთავარი მიზეზი. მაგრამ არის სხვა ვერსიაც და არ გამორიცხავენ, რომ ვინმე შინაური გაუსწორდა. ბოლო პერიოდში პოლიციას ეუბნებოდა, ვიღაცეები დამდევენო, ყველა ჩემს გადაადგილებას აკვირდებიან, მოკვლა რამდენჯერმე დამიპირეს და დამიცავითო. მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. მეც მეუბნებოდა, პოლიციას ვთხოვე დახმარება მაგრამ არც მისმენენ და ფეხებზე ვკიდივარო...