"მისაღებია კანონი: უზარმაზარი პრემიების სისტემა მოსასპობია"

"შემიძლია ვიმსჯელო იმ შეხვედრების მიხედვით, რომელიც მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მოქალაქეები ძალიან ინდიფერენტულად არიან განწყობილნი. რა თმქ უნდა, 2012 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით აქტივობა ნაკლებია, მაგრამ ის იყო პოლიტიკური არმაგედონი, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ასეთი აქტივობა, ბუნებრივია არ იქნება, მაგრამ არც ძალიან დაბალი. არის გარკვეული სკეპტიციზმი და იმედგაცრუება, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო - კოალიციას იდეალურად რომ ემუშავა, კლება მაინც იქნებოდა. ბუნებრივია გარკვეულ შეცდომებს ყველა უშვებს. არის იმედგაცრუებები და შემიძლია კონკრეტულადაც გითხრათ რაზეა ძირითადი კრიტიკა", - აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: "ამ არჩევნებში ბრძოლა მეორე ადგილითვის იქნება" / "კარგი იქნება, თუ ნატოს წევრი ქვეყნები თავიანთ გადაწყვეტილებას გადასინჯავენ და სამოქმედო გეგმას, ე.წ. მაპს მოგვცემენ".

"ერთ-ერთი თემა არის სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ამაზე მეტი კრიტიკა არის პრემიების საკითხზე. ამ საკითხს მოსახლეობა კრიტიკულად უყურებს, მოსახლეობისთვის ეს არის მესიჯი, რომ მივიდნენ ხელისუფლებაში და აგრძელებენ ისე, როგორც წინამორბედნი. თავისთავად ეს საკითხი არის დასარეგულირებელი და მართლაც მისაღებია კანონი. უზარმაზარი პრემიების სისტემა მოსასპობია. პრემია ადმაინს უნდა მიენიჭოს ხანდახან კარგი მუშაობისთვის და არა ყოველ თვე, როგორც ხრლფასი. ეს აუცილებლად გასაკეთებელია და კარგია, რომ ამ საკიტხზე მსჯელობა დაიწყო. შეხვედრებზე არის სკეპტიციზმი, ბევრი პრეტენზიაც და კრიტიკაც, მაგრამ თუ საკითხს დავაყენებთ - ხალხს რომელიც პოლიტიკური ძალის იმედი უფრო აქვს, ჩანს, რომ ისევ კოალიცია "ქართული ოცნების" იმედი აქვთ, ვიდრე სხვა პოლიტიკური ძალის - განსაკუთრებით მანამ, სანამ "ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორია აქტუალური, რომელიც გამგეობებში ადგილობრივ დონეზე რჩებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

"ჯერჯერობით "ქართული ოცნების" ექვსპარტიან კოალიციას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და ჩვენ რა ვქნათ? ბრძოლა არის მეორე ადგილისთვის. ამომრჩევლის გადასაწყვეტია ვის მისცემს ხმას, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციის ხმები დაყოფილია. ოპოზიციას ერთი კანდიდატი რომ ჰყოლოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ნაკლები შანსი ექნებოდა. სააკაშვილს ჰქონდა მცდელობები, რომ ოპოზიცია ჰყოლოდა და თვითონვე ეკონტროლებინა, თავისი ოპოზიცია თვითონვე მოიგონა. პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერი ჰყავდა და პრობლემებს არ უქმნიდა. ამჯერად, როგორც ამომრჩეველი გადაწყვეტს ისე იქნება. ხელისუფლების ამოცანაა უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანად, დემოკრატიულად ჩატარება და საარჩევნო პროგრამის შესრულება. ხოლო პოლიტიკური ნება არჩევნები დემოკრატიულად რომ ჩატარდეს, არის. ახლა შეიძლება ვიღაც ადგილზე ან "ცოტა ზემოთ" თვლიდეს, რომ ხელისუფლებისთვის კარგი სამსახურია, ვიღაცას კვერცხი ესროლო თავში. რეალურად კი ასე არ არის", - დასძენს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვას "ამბობთ, რომ ადგილობრივ დონეზე მირებული გადაწყვეტილებაა?" - პასუხობს:

"ვთვლი, რომ სისტემური გადაწყვეტილება არ არის. მე ვერ გეტყვით, სად მიიღო და ვინ მიიღო, მაგრამ ვინც მიიღო, ძალიან მოჰქარა და აუცილებელია დაისაჯოს"