,,ბევრი რამ ვიცი, გუნდის წევრი ვიყავი...’‘

,,ბევრი რამ ვიცი, გუნდის წევრი ვიყავი...’‘

რატომ წამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და დაუპირისპირდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს შალვა რამიშვილი

საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური სიმპათია არ დაუმალავს - ,,ქართულ ოცნებას’‘ ღიად უჭერდა მხარს. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურსაც ხელმძღვანელობდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის საჯარო კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტის სასახლე დატოვა და ტელევიზიას დაუბრუნდა. დღეს ,,შალვა რამიშვილის შოუს’‘ წამყვანია და სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკასაც მოთმინებით იტანს. ,,ვერსიის’‘ კითხვებს შალვა რამიშვილი პასუხობს.        
- იმ ადამიანების კრიტიკის მოსმენა, რომელთა აზრს პატივს ვცემ, ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. მესმის, ბევრს ჰქონდა მოლოდინი, კვლავ პოლიტიკური შინაარსის გადაცემას წავიყვანდი, რადგან ბოლო ოთხი წელია, ჩემდაუნებურად, ამას ვაკეთებ. თუმცა საზოგადოებას შევახსენებ - საქართველოს კვალობაზე, შოუბიზნესშიც არაერთი საქმე მაქვს გაკეთებული. ყოველთვის მინდოდა, გასართობ -იმორისტული ჟანრის გადაცემის წამყვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარება იყო, იძულებული გავხდი, პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მეცადა ბედი. როცა მისია შესრულდა და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდა, გადავწყვიტე, შოუბიზნესში დავბრუნებულიყავი.   
                 
- დავაზუსტოთ - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდი და შოუბიზნესში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოგინდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა.                  
- გეთანხმები, ცუდი დამთხვევა იყო, თუმცა ჩემნაირი ადამიანისთვის სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნა რთულია. ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არ ყოფილა. 
                
- ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი უსამართლოდ გააკრიტიკა?                   
- ამ თემაზე არ ვისაუბრებ! ბიძინასა და გიორგის ურთიერთობაზე საუბარი რომ დავიწყო, შიდასამზარეულოც გარეთ უნდა გამოვიტანო და ამის სურვილი არ მაქვს.     
           
- ყოველთვის ამტკიცებდი, რომ სხვებისგან პირდაპირობით გამოირჩეოდი, ახლა რა შეიცვალა?                 
- ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ლაპარაკს არ დავიწყებ, რადგან გუნდის წევრი ვიყავი. შესაბამისად, ჩემგან ამ ადამიანებზე საუბარი გამართლებული არ იქნება. შესაძლოა, მართლაც არიან ადამიანები, რომლებიც ჩემ სიტყვებს არ დაიჯერებენ, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოსვლა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამდე დიდი ხნით ადრე გადავწყვიტე. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, რადგან გიორგი მარგველაშვილთან ერთად საპრეზიდენტო რეზიდენციაში მეც გადავედი, ნიშნავს, რომ მის გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი და მომხრეც ვიყავი. ვიმეორებ, ახლა იქ ვარ, სადაც ადრე ვიყავი.   
               
- ამტკიცებ, სახელმწიფო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდი, მაგრამ ,,შალვა რამიშვილის შოუში’‘ პოლიტიკა დიდი დოზით იგრძნობა. ხშირად ხუმრობ პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილზეც. პოზიციის დასაფიქსირებლად ახალი ტრიბუნა იპოვე?                  
- იუმორისტულ გადაცემაში ის სტერეოტიპები უნდა გამოიყენო, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა. რეალურად, არსებობს სტერეოტიპი, რომ ქვეყნის მმართველი და პოლიტიკური მდგომარეობის შემცვლელი ბიძინა ივანიშვილია. მართლაც, მის გარეშე, თანამდებობაზე ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ მოხვდებოდა. ბიძინა ივანიშვილი პირველი ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. შესაბამისად, ის დიდი რობოტია, რომელმაც შემცვლელად პატარა რობოტი დატოვა. ეს ყველამ იცის, მათ შორის, ხელისუფლებამაც.   
               
- და ფიქრობ, ქვეყანას დღესაც ,,დიდი რობოტი’‘ მართავს?                    
- ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მდგომარეობისა და მატერიალური თუ ინტელექტუალური რესურსის გამო, დღესაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამწუხაროდ, დღესაც არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის მანძილზე პოლიტიკური ველის დეგრადაცია მოახერხა, ამიტომ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი და პოლიტიკური ძალების უმრავლესობაც ერთი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდა - არა მიხეილ სააკაშვილს! ასეთ ვითარებაში შექმნილი გაერთიანება კი ყოველთვის ჭრელი და ეკლექტურია. ,,ქართული ოცნებაც’‘ ამ სიჭრელეს განიცდის, რადგან კოალიციაში ნაკლებად ეფექტური და არაკომპეტენტური ადამიანებიც აღმოჩნდნენ, ანუ პოლიტიკოსები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ.   
                  
- დაასახელეთ კოალიციაში მყოფი არაკომპეტენტური პოლიტიკოსები.                      
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პოლიტიკოსის განსაკუთრებული არაკომპეტენტურობა მაოცებს ან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ რაღაცები შესაცვლელია, მაგალითად პიარის კუთხით.    
           
- პიარში წელიწადზე მეტხანს შენ არ იყავი?                  
- კი, ეს საყვედური მეც მეკუთვნის. აღმოჩნდა, რომ ეს საქმიანობა მეც ვერ გავითავისე, ამიტომაც წამოვედი. ვნახოთ, არჩევნებზე ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. 
                  
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შენარჩუნებას ვერ შეძლებს?                  
- ზოგადად, ნაციონალური მოძრაობა გაცილებით მეტ ხმაურს ქმნის, ვიდრე რეალურად შეუძლია, ამიტომ არჩევნების შემდეგ მარგინალიზაციის გზას დაადგება და მალე, პოლიტიკურ სცენაზე არცთუ მნიშვნელოვან ფაქტორად გარდაიქმნება. ნაციონალებმა რებრენდინგი ვერ მოახერხეს, არადა ამ პროცესის დაწყებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. ფულადი რესურსი იმ ადამიანების ხელშია, ვისაც ნაციონალურ მოძრაობაში რებრენდინგი არ აწყობს. ეს მათ აუცილებლად დაღუპავს.     
                  
- ხელისუფლების დამსახურება არ არის, რომ პროკურატურიდან გამოსული ნაციონალური მოძრაობის ოდიოზური ლიდერები დღეს რეიტინგის გაზრდაზე საუბრობენ?                      
 - პროკურატურას იმდენი კომპეტენცია არ ჰყოფნის, თავისუფალ სასამართლოში დამნაშავეებს დანაშაული დაუმტკიცოს, მაგრამ ესეც შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება ხელისუფლებას ცუდ შედეგებამდე მიიყვანს - ადამიანებს არჩევნებში სხვა პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემის მოტივაცია გაუჩნდებათ.     
                  
- ვინ არის ,,სხვა პოლიტიკური ძალა’‘?                 
- საქმეც ეგაა, რომ ჯერჯერობით, ეს სხვა პოლიტიკური ძალა არ ჩანს, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნება’‘ ყველა რაიონში მოიგებს. ნაციონალური მოძრაობა კი, ყველგან მეორე ადგილზე ვერ გავა, მაგალითად, თბილისში. სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესებს ინტენსიურად ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ მარტივი მისახვედრია, რომ არჩევნებამდე დაძაბული ფონის შექმნა ხელისუფლებისთვის კარგი არ არის. 
                  
- ანუ, არჩევნებამდე, რეგიონებში დაძაბულ ფონს ხელისუფლება არ ქმნის?                      
- გამოვრიცხავ, ,,ქართული ოცნება’‘ ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს, უბრალოდ, ადგილზე ვიღაცები ზედმეტ ინიციატივას იჩენენ. ,,ოცნებას’‘ ნაციონალური მოძრაობის დაჩაგვრა არ სჭირდება. 
                    
- და მაღალჩინოსნებს პრემიები სჭირდებათ?                  
- ესეც ცუდია. სახელმწიფო სამსახურიდან მეც იმიტომ წამოვედი, საკმაოდ დაბალი ანაზღაურება მქონდა. 
                     
- ცოტა ხნის წინ მითხარი, საჯარო სამსახურში არაკომფორტულად ვგრძნობდი თავსო. გამოდის, პრეზიდენტის სასახლის დატოვების მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასი ყოფილა...                  
- ერთ-ერთი მიზეზი ფულიც იყო, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. სახელმწიფო სამსახურში 3000-ლარიანი ანაზღაურება მაღალ თანხად ითვლება, ტელევიზიაში კი სამი ათასზე მეტი მაქვს. მიმაჩნია, რომ იმაზე მეტ თანხას ვიმსახურებ, ვიდრე სახელმწიფო სამსახურში მქონდა, თუმცა აქაც არ არის ფანტასტიკური ხელფასი. ეს ჩემსა და კერძო ტელევიზიას შორის ურთიერთობებია, რომელშიც ვერავინ ჩაერევა. ჩინოვნიკის ხელფასი კი ყოველთვის საზოგადოების განსახილველი ხდება, რადგან ის ბიუჯეტიდან გაიცემა. ასე რომ, მესმის აღშფოთება, რაც ამ პრემიებმა გამოიწვია. მეორე მხრივ, კარგი მენეჯერი დაბალ ხელფასზე არ იმუშავებს. ძალიან ღარიბ ქვეყანაში რთულია მოსახლეობას მოუწოდო, ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ტიპების მაღალ ხელფასებს გაგებით მოეკიდონ, მაგრამ მოსახლეობას ისიც უნდა ავუხსნათ, რომ, თუ კარგი მმართველი გვჭირდება, კერძო სექტორიდან სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ მას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება.   
                   
- ისე, არასოდეს დაგიმალავს, რომ შენი მუშაობის მთავარი მოტივაცია ფული იყო.              
- ეს თემა ჩემ მიმართ მოძველებულია. ნატურით მემარჯვენე ვარ და მიყვარს, როცა მუშაობის მოტივაციას ალალად და გულწრფელად ასახელებენ. სამწუხაროდ, უამრავი ფარისეველი ადამიანი ამას არ აღიარებს და ტყუის, თითქოს ფული მნიშვნელოვანი არ არის. ფულზე საუბარი ჩემი ახალგაზრდული ეპატაჟი იყო, რომელიც მაშინ ჭრიდა. ახლა ეს საუბარი მოძველდა, საზოგადოებამ ამაზე რამდენჯერ უნდა ისაუბროს? ახლა სჯობია, ჩემი ნახელავი შეაფასონ.    
                
- საპრეზიდენტო არჩევნებამდე შენ ნახელავზე - ტირაჟით ერთმილიონიან გაზეთზე დღემდე საუბრობენ, რადგან საზოგადოების უმრავლესობას წასაკითხად ერთი ცალიც კი არ უნახავს.                
- ამის შესახებ არაფერი ვიცი. გაზეთის ბეჭდვა ჩემ კომპეტენციაში არ ყოფილა, ამ მიმართულებით სულ სხვა სტრუქტურები იყვნენ დაკავებულნი.    
             
- არც შენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ კონფლიქტზე ხმებია სიმართლე?              
- ბიძინას არჩევნების შემდეგ არ შევხვედრივარ.