"არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას კიდევ ორი კვირა დაველოდებით. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში ნაცმოძრაობის მმართველობისას დაზარალებული მოქალაქეების საქმის გამოძიება არ დაიწყება, რაც მოხდება "ოცნებამ" საკუთარ თავს დააბრალოს. ხალხი აღარ გაჩუმდება", - აცხადებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია "დააბრუნეს" ხელმძღვანელი მამია სანადირაძე. ის "კავკასუს ონლაინის" საქმის გამოძიების განგებ გაჭიანურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ ბიზნესმენს, რომელმაც მას კომპანია წაართვა, დღეს კახა კალაძე მფარველობს. "ხვიჩა მაქაციარია, რომელიც "ჯიემსი ჯგუფის" ერთ-ერთი მფლობელია და ვისაც ახლა "კავკასუს ონლაინი" ეკუთვნის, კახა კალაძის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორია. დღეს პროკურატურაში ჩემ საქმეზე გამოძიება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან მაქაცარიას კალაძე მფარველობს", - აღნიშნა სანადირაძემ.დაუბრუნდა თუ არა ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში დაზარალებულ ბიზნესმენებს ქონება? რა ეტაპზეა "კავკასუს ონლაინის" საქმის გამოძიება? აღდგა თუ არა სამართლიანობა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელს მამია სანადირაძეს ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მამია სანადირაძე: "ნაძარცვი ქონების გაყოფის იდეოლოგი კალაძეა" / მოძრაობა "დააბრუნეს" ხელმძღვანელი ხელისუფლებას ვადას ივნისის ბოლომდე აძლევს.
"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წინა მთავრობის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენებმა პროკურატურაში არაერთი განცხადება შეიტანეს, თუმცა 1 წლისა და 8 თვის შემდეგ მათ სასიკეთოდ, პრაქტიკულად, არც ერთი საქმე არ დასრულებულა. დღეს მოხდა ის, რისიც ძალიან გვეშინოდა, ანუ დაიწყო ნაძარცვი ქონების გადანაწილება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის. ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში ასეთი მდგომარეობაა - მმართველი ჯგუფები სხვადასხვა ინსტიტუციების თუ კრიმინალური ჯგუფების მფარველობის მეშვეობით პატიოსან და მშრომელ ბიზნესმენებს თამამად ძარცვავენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ამ ნაძარცვ ქონებას ახალმოსულ მთავრობას უნაწილებენ და პრაქტიკულად, დაუსჯელი რჩება წინა მმართველი მძარცველი ჯგუფი. ასე მოხდა სააკაშვილის დროს, როდესაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აღზევებული ჩინოვნიკები და კრიმინალები სააკაშვილმა შეიფარა, ფული აიღო, რომელიც "ნაცმოძრაობის" მიზნებს მოხმარდა. სააკაშვილის ჯგუფმა როცა დაინახა, რომ ასე იოლად "გაუვიდათ" შევარდნაძის ჩინოვნიკებს ნაძარცვი, თვითონ უფრო თამამად, დახვეწილი და ახალი მეთოდებით დაიწყეს ხალხის გატყავება. ამას აკეთებდნენ იმ იმედით, რომ მომავალ მთავრობას ამ ნაძარცვ ქონებას გაუყოფდნენ. როგორც კი მთავრობა შეიცვალა, მაშინვე ვთქვი, რომ ეს განმეორდებოდა და ახალი ხელისუფლება, ძველ მთავრობასთან ერთად გადაინაწილებდა ნაძარცვ ქონება. ამაზე ხალხი ამბობდა, რომ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ გავიდა 1 წელი და 8 თვე და მოხდა ის, რომ ნაცმოძრაობამ "ქართულ ოცნებას" ნაძარცვი გადაუნაწილა, "ოცნება" კი სააკაშვილის ნასუფრალით დაკმაყოფილდა", - აცხადებს მამია სანადირაძე.
"ქონების გაყოფის პროცესის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი და იდეოლოგი არის კახა კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ 2007-08 წლიდან, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, სააკაშვილის კორუფციულ პრივატიზაციაში მონაწილეობდა. ნოღაიდელმა და კალაძემ ქობულეთის ინტურისტი, "საქჰოდრომშენენი" და "საქენერგომშენი" სიმბოლურ ფასად შეიძინეს. მაშინ ამ ყველაფრის 50%-ის მფლობელი იყო ნოღაიდელი-კალაძე, მეორე 50%-ის კი სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენები, "ჯიემსი" ჯგუფის" მფლობელები ხვიჩა მაქაცარია და რეზო შარანგია. იმ პერიოდიდან მოყოლებული კალაძე-მაქაცარია-შარანგია კარგი ბიზნესპარტნიორები არიან. მაშინ ისინი მფარველობდნენ კალაძეს, დღეს კი კალაძე მფარველობს მათ. დღეს კალაძის გავლენით და მფარველობით რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე შემოიყვანეს ახალი კომპანია და მაქაცარია-შარანგიას სამარშრუტო ტაქსები. ამან კი გაანადგურა ის ადამიანები, ვინც მანამდე ამ მცირე ბიზნესში იყვნენ ჩართულნი და პრაქტიკულად, ულუკმაპუროდ დატოვეს. ეს დიდი ლუკმა კი მაქაცარია-კალაძემ გადაყლაპა. ამ ჯგუფების მიერ მცირე მეწარმეების ბაზრიდან განდევნა ხდება. ასევე ხელოვნური მეთოდით მიმდინარეობს კორუფციური სქემების რეალიზება, სხვადასხვა ბიზნესის გამსხვილება, ტენდერებში საკუთარი ბიზნესმენების გამარჯვება და ა.შ. "ქართული ოცნება" ნაცმოძრაობის სქემას - ბიზნესის მონოპოლიზებას - აქტიურად აგრძელებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამია სანადირაძე.
"ეს არ არის ბრალდება, ეს არის რეალობა. კალაძე და მაქაცარია არიან დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები და დღესაც ერთად არიან. მეტიც, ამჟამადაც მაქაცარიამ იგივე ნიშა დაიკავა, რაც სააკაშვილის დროს ეკავა, ეს ყველაფერი კი კალაძის მეშვეობით მოახერხა. მაგალითად, ავიღოთ "კავკასუს ონლაინი", რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს იძულებით წამართვეს, ამჟამად კი მისი მფლობელები არიან ხვიჩა მაქაცარია და მისი "ჯიემსი ჯგუფი". დღეს პროკურატურაში გამოძიება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან მაქაცარიას კალაძე მფარველობს. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მას ხელს აფარებს. გამოძალვისა და მუქარის იმ ფაქტებს, რომლებიც პროკურატურაში მაქვს მიტანილი, დღემდე არ ეძლევა მსვლელობა, არ იკითხებიან მოწმეები", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღესდღეობით მმართველი ძალა არ არის დაინტერესებული, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღადგინოს და დაამკვიდროს. ის შეერწყა ნაცმოძრაობას და ჩვენ მათ დღეს შეიძლება სიმბოლურად ვუწოდოთ "ერთიანი ნაც-ქოცური მოძრაობა". ისინი პრაქტიკულად, ერთ მმართველ ძალად გვევლინებიან. მათ აქვთ ერთი ქონება, რადგან უკვე წილში არიან სააკაშვილის ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, ისინი არ არიან დაინტერესებულნი, რომ წინა მთავრობის მიერ დაჩაგრულ მეწარმეებს დაუბრონონ ბიზნესი, რათა მათ განავითარონ იგი", - განმარტავს მამია სანადირაძე.
"ამჯერად ჩემი საქმის განხილვა ბრიტანეთის სასამართლოში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ იქ აუცილებლად გავიმარჯვებ. ლონდონის სასამართლოს მეშვეობით კი დავიბრუნებ "კავკაზუს ონლაინს". აქ კი ვიბრძოლებ მუდმივად, ვამხელ მთავრობას, პროკურატურას, შევეცდები, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს და ყველა დანაშაულის გამოძიება მოხდეს. ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საზოგადოებრივი აქტივობით. რაც შეეხება უახლოესი პერიოდს. იცით, რომ მაქვს ჩამოყალიბებული ორგანიზაცია "დააბრუნე". აქამდე ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები იყვნენ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები, ახლა კი ყველა იმ ადამიანის შემოკრება მოხდა, ვისაც ნაცმოძრაობის მმართველობამ რაიმე ტიპის ზიანი მიაყენა. ჩვენ მთავრობას განცხადებით მივმართეთ, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ 2 კვირის განმავლობაში დავიცდით და თუ არ დაიწყო საქმეების გამოძიება, თუ არ დაიძრა საქმეები, შემდეგ უკვე პროტესტის სხვადასხვა ზომას მივმართავთ. თუ ისინი საქმეების გამოძიებას დაიწყებენ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ თუ არადა, რაც მოხდება, "ოცნებამ" საკუთარ თავს დააბრალოს. კიდევ ერთი. ბოლო პერიოდში ჩემი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მე ბიზნესი და ქონება საკუთარი ნებით გავყიდე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მე კომპანია არ გამიყიდია, როდესაც დამემუქრნენ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით, მოვახერხე და ქვეყანა დავტოვე. 2 წლის განმავლობაში ხელი არ მომიწერია არანაირი დოკუმენტისთვის, რომელიც ადასტურებდა, რომ ქონება გავასხვისე. როდესაც უკვე ლონდონშიც ჩამომაკითხეს და იქ მითხრეს, რომ არ გეგონოს თითქოს აქ შენ და შენი ოჯახი უსაფრთხოდ ხართო, მერე იძულებული გავხდი ხელი მომეწერა. მე "კავკასუს ონლაინი" იძულებით დამათმობინეს, ამის ფაქტები მაქვს, მაგრამ საქმეს საქართველოს მართლმსაჯულება მსვლელობას არ აძლევს. ასევე ხდება სხვებთან მიმართებაში, რაც ძალიან ცუდია, განსაკუთრებით მთავრობისთვის. არ მესმის, როგორც ვერ ვხდება "ოცნება", რომ ხალხი აღარ გაჩუმდება", - დაასკვნის რესპონდენტი.