მოახლოებული არჩევნების თავისებურებებზე, წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების ტაქტიკასა და სტრატეგიაზე, ასევე არჩევნების სავარაუდო შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდფებელ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა. როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ხოლმე, ამომრჩეველმა პოლიტიკური სუბიექტებისგან უამრავი დაპირება, ოპონენტების მისამართით საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებების რაციონი საკმარისად მიიღო და უკვე შეიძლება ვისაუბროთ მოახლოებული არჩევნების თავისებურებებზე. თქვენი აზრით, რა თავისებურებებით გამოირჩევა და ხასიათდება 15 ივნისისათვის დაგეგმილი არჩევნები?
- ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ ამ არჩევნების შედეგად "ნაცმოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა უკვე საბოლოოდ, ოფიციალურად დასრულდება და ძალაუფლების უკანასკნელ ბერკეტსაც დაკარგავს. პრაქტიკულად ყველა გამოკითხვა ასეთ პროგნოზს გვაძლევს.
არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება მოიტანს იმას, რომ ყველა დონის ხელისუფლებაზე კონტროლი ერთი პოლიტიკური ძალის ხელთ იქნება და შესაბამისად, ასივე პროცენტით მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ყველა სფეროში.
როგორც ერთ-ერთ წინა ინტერვიუში გითხარით, ეს არჩევნები გამოირჩევა უფრო მაღალი კონკურენტულობით და შედარებით თავისუფალი საარჩევნო გარემოთი. ეს არის პირველი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც 12 თვითმმართველ ქალაქში სახალხოდ არჩეული მერები გვეყოლება და მოსახლეობა ასევე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევს მუნიციპალიტეტების გამგებლებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს დემოკრატიზაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ამ არჩევნების კიდევ ერთი, არცთუ სახარბიელო თავისებურება გახლავთ ერთობ წინააღმდეგობრივი საარჩევნო ალიანსები, შემდგარი ისეთი სუბიექტებისგან, რომელთა ერთად ყოფნას ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, მათი განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციების გამო. სხვა რაიმე მნიშვნელოვან თავისებურებას ამ არჩევნებში ვერ გამოვყოფდი.
- წინასაარჩევნო პერიოდში მარნეულში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვა რეგიონებში მომხდარი ინციდენტები შეუმჩნეველი ვერანაირად ვერ დარჩებოდა. ვიდრე გამოძიება თავის სიტყვას იტყვის, ფაქტია, რომ მარნეულის ინციდენტმა ალბათ ბევრს 2003 წელს ბოლნისში "ნაციონალების" აქტიურობა და ქვის სროლები გაახსენა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ახლა თბილისის ექსმერ უგულავას სხვისთვის შენიშვნის მისაცემად მორალური უფლება ნაკლებად თუ ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლაში მიზნის მისაღწევად "რა არ მოსულას" პრინციპი კვლავაც ძალაშია. თქვენ როგორ დაახასიათებდით ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიას?
- რაც შეეხება წინასაარჩევნო არეულობებისა და ძალადობის თქვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს, მოდით, დავსვათ კითხვა, რომელსაც ძველი რომაელები დასვამდნენ - Qui Prodest? ანუ, ვის აძლევს ეს ხელს? ხელისუფლებას ეს ხელს არანაირად არ უნდა აძლევდეს. მართლა გიჟები უნდა იყვნენ, რომ ასეთი ქმედებები წაახალისონ, აშშ-ის საელჩოს და ევროპელი დამკვირვებლების კრიტიკა დაიმსახურონ და არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენონ, როდესაც გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ. ოპონენტებზე ზეწოლა, მათზე ძალადობისა და სხვა დარღვევების პროვიცირება მით უმეტეს არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. მაშ რაშია საქმე? ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვა, არჩევნების დელეგიტიმაცია და შესაძლოა, მათი ჩაშლაც, უპირველეს ყოვლისა "ნაცმოძრაობას" აძლევს ხელს. ამით ის თავის გარდაუვალ დამარცხებასაც მოუძებნის გამართლებას, დასავლეთის თვალში კიდევ ერთხელ წარმოჩნდება პოლიტიკური დევნის მსხვერპლად და არეულობის მოწყობისათვის საბაბი ექნება.
მეორე მხრივ, არც ისეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ, თითქოს 50-ზე მეტმა კანდიდატმა ოპოზიციიდან ნებაყოფლობით მოხსნა კანდიდატურები ან ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ადგილებზე სიტუაციას და ზედმეტად გულმოდგინე ფუნქციონერები ცდილობენ, "ზევით" თავი მოაწონონ. ძალადობა ან თავად "ნაციონალების" მიერ არის ინსპირირებული, ზუსტად იმ პრინციპით, რაც თქვენ ახსენეთ. პარტიების საარჩევნო ტაქტიკის ერთი გამოვლინება უკვე ვიხილეთ - საეთერო დროისა და საარჩევნო კომისიებში ადგილების გამო უცნაური ალიანსების შექმნა. ოპოზიციური პარტიების სტრატეგიის ამოსავალი წერტილია არსებული ხელისუფლების სისუსტისა და უუნარობის დემონსტრირება, რაც განსაკუთრებით მძაფრად მოქმედებს ამომრჩეველზე, მით უმეტეს ჩვენთან. სხვა მხრივ, რაიმე განსაკუთრებული მათ სტრატეგიასა და ტაქტიკაში არ შეიმჩნევა.
პარტიების საარჩევნო კამპანია ისეთივე მოსაწყენი და უგერგილოა, როგორც - გასულ წლებში. არავითარი სიახლე, არავითარი კრეატივი, მაშინ, როდესაც თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები, ახალი ტექნოლოგიები და ახალი მედია ამის უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა.
- ბრძანეთ, რომ ამ წინასაარჩევნოდ მსოფლმხედველური თვალსაზრისით უცნაური ალიანსები შეიქმნა. ალბათ მხედველობაში გაქვთ მკვეთრად პრორუსული იმიჯის მქონე კახა კუკავას "ახალ მემერჯვენეებთან" გაერთიანება, რომლებიც ადრე პროდასავლურ პოზიციებს აფიქსირებდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ასევე "ქრისტიან-დემოკრატებზე", რომლებსაც წინა პარლამენტში ყოფნისას პრორუსული განწყობები არ დაუფიქსირებიათ, მაგრამ ახლა, პრორუსული ორიენტაციის ფლაგმანად აღიარებული ბურჯანაძის გუნდს შეუერთდნენ. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში სულ უფრო ჭირს არა მარტო იმის გაგება, ვინაა მემარჯვენე და მემარცხენე, ვინ ცენტრისტი და კონსერვატორი, არამედ, საერთოდ, ვინაა მკვეთრად გამოკვეთილი დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. თუ, პირიქით, სულაც ყველაფერი ნათელია? საინტერესო იქნებოდა ამ თვალსაზრისით ქართული პოლიტიკური სპექტრის თქვენეული დახასიათება?
- დიახ, სწორედ თავიდანვე დამკვიდრებულმა არასწორმა პოლიტიკურმა კულტურამ მოიტანა ბევრი მანკიერი მხარე ჩვენი პოლიტიკური სპექტრისა, რომელიც ასე გვაკვირვებს და გვაღიზიანებს. ზოგიერთმა პარტიამ, რომლებსაც პერსპექტივა ჰქონდათ, ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბებულიყვნენ, სახე დაკარგეს და უსახურ პოლიტიკურ მასაში აითქვიფნენ.
რომელ მემარჯვენეობა-მემარცხენეობა ან ცენტრიზმზეა საუბარი, როდესაც იდეოლოგიური კომპონენტი ლამის მთლიანად ნიველირებულია. თქვენს მიერ ნახსენები ყველა ეს ხელოვნური ალიანსი წმინდა კონიუნქტურული მოსაზრებით არის შექმნილი, რათა როგორმე პოლიტიკურ რუკაზე ადგილი შეინარჩუნონ და, თუ საშუალება მიეცეთ, ქვეყნის ბიუჯეტს რამე თანხას გამორჩნენ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ის ნიშან-თვისება, რაც - გარდამავალი დემოკრატიების პოლიტიკურ კლასს და ეს ყოველივე დიდი ხარისხით არის შეზავებული ჩვენი კულტურულ-მენტალურ თავისებურებებთან. შესაძლოა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვთავაზობენ ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები ისეთ "სიურპრიზებს", რომლებიც ხშირად არ ექვემდებარება იმ ლოგიკას და წესებს, რაც ჩამოყალიბებული დემოკრატიების ქვეყნებშია მიღებული.
საქართველოში პოლიტიკა ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობის შექმნის საკმაოდ კარგ საშუალებად იქცა. სამწუხაროდ, არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას არეგულირებს, არ უწყობს ხელს პოლიტიკური სისტემის სრულყოფას და განვითარებას. მოთხოვნები და კრიტერიუმები პოლიტიკური საქმიანობის დასაწყებად, ასევე პარტიების დაფინანსებაზე, უფრო მკაცრი უნდა იყოს და ეს საზოგადოებამ უნდა დააწესოს და არა - რამდენიმე კაცმა კაბინეტში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფული ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიდის. ბილეთი პოლიტიკაში შესასვლელად, იოლად არ უნდა იშოვებოდეს, ძვირი უნდა ღირდეს და ის მხოლოდ ფულით კი არ უნდა განისაზღვრებოდეს, არამედ ადამიანის ბიოგრაფიით, ქვეყნისათვის გაღებული ღვაწლით, განათლების ცენზით და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრით. საინტერესოა, ამ სფეროში რატომ არ ვცდილობთ ამერიკასა და ევროპაზე სწორებას?! ბევრი გინახავთ იქ, 21-25 წლის პარლამენტარები ან მინისტრები, რომლებსაც დამატებით კიდევ სწავლა-განათლება სჭირდებათ?!
- მთავრობის საკადრო პოლიტიკა ხშირად არის კრიტიკის საგანი. თუ ამას ნეპოტიზმის უკვე ცნობილ და გახმაურებულ ფაქტებსაც დავუმატებთ, ამ თვალსარიზით არც თუ ისე სახარბიელო სურათი იკვეთება. თუ "ნაციონალები" ადამიანებს მათთვის მიუღებელი იდეოლოგიის გამო ათავისუფლებდნენ, მათ ადგილზე სხვები კონკურსის საფუძველზე კი ინიშნებოდნენ, მაგრამ მათი აყვანისას, გადამწყვეტი არა პროფესიონალიზმი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება რომ იყო, ამას დღეს ვერც ვერავინ უარყოფს. თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა ბევრ სფეროში ხელისუფლების წარუმატებლობა სწორედ გაუგებარ საკადრო პოლიტიკას და თქვენი აზრით, როცა ქვეყანა საკმაოდ დიდი და სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, როგორი უნდა იყოს მთავრობის წარმატებული საკადრო პოლიტიკა?
- "ნაციონალური მოძრაობის" მანკიერ საკადრო პოლიტიკაზე ბევრი საუბარი არ მსურს, რადგანაც ეს უკვე წარსულია. პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს არის ის, რომ ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაც ბევრ ასპექტში წინამორბედის შეცდომებს იმეორებს.
ჩემის აზრით, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა საკმარისი რაოდენობის კვალიფიცური საკადრო რესურსი და სახელმწიფო უწყებების მუშაობის პარალიზება რომ არ მომხდარიყო, საკუთარი რისკის ფასად დატოვეს "ნაცმოძრაობის" კადრები. იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა მათგანი უკლებლივ "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეა და საბოტაჟს ეწევა, მაგრამ ნეგატიური მოვლენები, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხდება, ცალკეულ სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც უკავშირდება "ნაცმოძრაობისადმი" ლოიალური კადრების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ობსტრუქციას ან წინასწარ განზრახულ ქმედებებს, რათა ხელისუფლების იმიჯს ზიანი მიადგეს. თუმცა, ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოკვლევა სჭირდება.
საკადრო პოლიტიკაში ხელისუფლებამ უნდა თქვას მტკიცე უარი ნეპოტიზმსა და პროტექციონიზმზე, რეალურად და არა სიტყვების დონეზე შემოიღოს საკადრო პოლიტიკის დასავლური სტანდარტები და გააძლიეროს შიდა კონტროლი კადრებზე, რომელიც დღეს, ჩემის აზრით, მნიშვნელოვნად მოშლილია. კადრების მუშაობის ეფექტურობის და პროდუქტიულობის შეფასების სისტემაა დასახვეწი და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. უნდა შეიქმნას სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური კადრების და ექსპერტიზის მქონე ადამიანების მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ყოველივე ამისათვის ფინანსები და მენტალური მზაობაა საჭირო. მაგრამ, როდესაც უმაღლესი რანგის ოფიციალური პირისგან გესმის მოსაზრება, რომ ეს საქართველოა და საკადრო დანიშვნებისას მეგობარ-ახლობლობის პრინციპს ვერ გავექცევითო, იქ წარმატებული საკადრო პოლიტიკის იმედი არ შეიძლება გქონდეს.
- პროკურატურის უმოქმედობა და მუშაობის საკმაოდ დაბალი დონე შეუმჩნეველი არ დარჩენია მთავრობის მრჩეველს ადამიანის უფლებების საკითხებში ტომას ჰამერბერგს. ჰამერბერგმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ 2012 წლის შემდეგ პროკურატურაში ათასობით საჩივარი შევიდა, რომლებიც არ გამოძიებულა. მისივე თქმით, პროკურატურამ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს საჩივრების დროულად შესწავლაზე. 2012 წლის არჩევნების წინ, სამართლიანობის აღდგენის თემა იყო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის მოთხოვნა, რომელიც როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" მთავრობამ პრაქტიკულად ვერ შეასრულა. თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგებზე ახალი მთავრობის პირობებში პროკურატურის რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელი საქმიანობა?
- ჩემი აზრით, ამ საკითხზე ასეთია - პროკურატურის არადამაკმაყოფილებელ მუშაობაზე გაუთავებელ ლაპარაკს, სჯობს ამ არადამაკმაყოფილებელი მუშაობის რეალური მიზეზები დავადგინოთ, ოღონდ კონკრეტული და უტყუარი ფაქტებით და არა ზოგადი საუბრების დონეზე. ასევე იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, ვინც პროკურატურის მუშაობას შეგნებულად აფერხებს. ეს თავად ხელისუფლების ინტერესებშია და მანვე უნდა გააკეთოს, თუ საჭიროა და, ვთვლი რომ საჭიროა, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები დაიხმაროს.
დიახ, არჩევნების წინ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ხელისუფლებას ბევრი ვერაფერი აქვს სათქმელი თავის ამომრჩევლისათვის. ისე ჩანს, რომ ხელისუფლებისა და სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე საზოგადოების შეხედულებები ამ პროცესზე ერთმანეთს არის აცდენილი. დღევანდელი მდგომარეობით, ეს პროცესი შეიძლება ითქვას "გაჭედილია" და არჩევნებზე მმართველ კოალიციას მხარდამჭერებს შეუმცირებს.
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება უკრაინაში განვითარებული პროცესები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე?
- უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ზოგადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენას რა თქმა უნდა, იქონიებს.
შესაძლოა, უკრაინის მოვლენები გაკვეთილი გამოდგეს ჩვენთვის, რომ არ დავუშვათ ევროპული ორიენტაციიდან გადახვევა, მოვლენათა განვითარების ისეთი სცენარები, რასაც ვუყურებთ უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ჩვენთანაც შეეცადოს მსგავსი მეთოდებით სიტუაციის პროვოცირებას გარკვეულ რეგიონებში, სადაც ცენტრიდანული განწყობები შეიმჩნევა.