“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: “ელიტარული კორუფცია სახეზეა”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: “ელიტარული კორუფცია სახეზეა”

 

შს სამინისტრომ ორშაბათს გავრცელა ინფორმაცია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველო, კონკრეტულად კი - პოლიცია, კორუფციის დაბალი დონის მიხედვით მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

თავად კვლევის დამკვეთი ორგანიზაციის, “საერთაშორისოგამჭირვალობა - საქართველოს” აღმასრულებლი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ეს კვლევა დაბალ დონეზე არსებული მექრთამეობის აღმოფხვრას აღნიშნავდა და არა ზოგადად კორუფციის. მისივე განმარტებით, საქართველოში ელიტარული კორუფცია ისევ დიდი პრობლემაა, “ფაქტების დამტკიცების სირთულის მიუხედავად აშკარაა და ამაზე ყველა საუბრობს”.

 

უფრო მეტიც - გიგაური აღნიშნავს, რომ ექსპერტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად საქართველომ კორუფციის აღქმის მიხედვით შედეგი გაუარესებულიც კი აჩვენა და, მექრთამეობის აღმნიშვნელ კვლევასთან ერთად, მათი ორგანიზაციის ინტერნეტსაიტზე ეს მეორე, ჩვენი ქვყნისათვის ნეგატიური რეიტინგიც დევს.

 

შს სამინისტროს ვებ-გვერდზე კი საუბარია იმაზე, რომ ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ დაკვეთილი კვლევის ”გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2010” მიხედვით, 86 ქვეყანას შორის, საქართველო იმყოფება მსოფლიოში მეხუთე ადგილზე პოლიციაში კორუფციის დაბალი დონის მიხედვით ფინეთის, დანიის, ნორვეგიის და შვეიცარიის შემდეგ.

 

ამავე ანგარიშის შესაბამისად, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს მოუწია ცხრა სახელმწიფო დაწესებულებიდან ერთ-ერთისთვის ქრთამის მიცემა. გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ უკანაკნელი სამი წლის განმავლობაში კორუფცია შემცირდა, ხოლო 9%-ს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს.

 

როგორც “რეზონანსთან” საუბარში ეკა გიგაური აცხადებს, ამ გამოკითხვაში მარტო პოლიციაზე არ ყოფილა საუბარი, არამედ -სასამართლოზე, ეკლესიაზე, ჯარზე, პოლიტიკური პარტიებზე და სხვა ბევრ მიმართულებაზე.

 

“ჩვენ ვთქვით, რომ ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს სასამართლოს და აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას. თან, კვლევა დეკემბერში გამოქვეყნდა და ცოტა უცნარია მთავრობის მხრიდან რატომ გაკეთდა ახლა, მარტში, ამაზე ასეთი განცხადებები”.

 

ანგარიში 2010 წლის დეკემბერშია გამოქვეყნებული და თბილისის 500 მაცხოვრებელი კომპანია “გორბმა” გამოკითხა.

 

გამოკითხულთა 56%-ის აზრით, მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში ყველაზე ეფექტური ინსტიტუტია. მხოლოდ 2%-ს სჯერა მედიის საშუალებით კორუფციასთან ბრძოლის ნაყოფიერების, ხოლო კერძო სექტორის როლს კორუფციასთან ბრძოლაში გამოკითხულთა მხოლოდ 1.6% ხედავს.

 

გამოკითხვა ადასტურებს, რომ მოქალაქეებს არ სურთ კორუფციის შემთხვევების შეტყობინება: 42%-მა განაცხადა, რომ ისინი ხმას არ აიმაღლებდნენ კორუფციის შემთხვევების შესახებ, 58%-მა კი განაცხადა, რომ ისინი შეატყობინებდნენ ასეთი შემთხვევების შესახებ.

 

კითხვაზე გადაუხდიათ თუ არა ქრთამი ბოლო 12 თვის განმავლობაში, გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა უპასუხა დადებითად, რაც 2010 წელს გამოკითხულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. 58,4%-მა უპასუხა, რომ მათ არ გადაუხდიათ ქრთამი. თუმცა, გამოკითხულთა 38% ამ კითხვაზე ან პასუხი საერთოდ არ გასცა, ან უპასუხა, რომ არ ახსოვდა, გადაიხარა ქრთამი თუ არა.

 

ხოლო ის მეორე კვლევა, რომელიც ექსპერტებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად შედგა და სადაც კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 68-ე ადგილზე აღმოჩნდა, 2010 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

“კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით საქართველომ მაქსიმალური10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო და 68-ე ადგილი დაიკავა. “კორუფციის აღქმის ინდექსი” ზომავს საჯარო სექტორში აღქმული კორუფციის ხარისხს 178 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იგი შემუშავებული და გამოქვეყნებულია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათავო ოფისის მიერ ბერლინში. 2009 წელს საქართველომ 4.1 ქულით 66-ე ადგილი დაიკავა, თუმცა წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. საქართველოსათვის მინიჭებული ქულა ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და კვლავ რჩება პრობლემად, რომელშიც მოგვარებას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას მთავრობა ხშირად არ ეთანხმება”- აღნიშნულია ანგარიშში.

 

ეკა გიგაური: “რაც შეეხება კორუფციას, დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში საუბარი ყოველ დღე ადამიანები ხვდებიან თუ არა კორუფციას სხვადასხვა უწყებებში და რა თქმა უნდა, ამ მხრივ საქართველოში დიდი წინსვლაა. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ეს კვლევა ელიტარული კრორუფციის შესწავლას არ მოიცავდა. ანუ, აქ არ იყო საუბარი იმ კორუფციაზე, რომელზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე.

 

აქ საუბარია მხოლოდ მექრთამეობის აღმოფხვრაზე?

- დიახ. საქართველოს ყველა მოქალაქემ ვიცით, რომ პოლიციელი არ გვართმევს ფულს და საბაჟოზეც არ ვიხდით.

 

მაგრამ კორუფცია მარტო მექრთამეობას არ ნიშნავს...

- გეთანხმებით, რომ კორუფცია მარტო ეს არ არის, ამიტომ ვლაპაროკობ, რომ ელიტარული კორუფცია საქართველოში სახეზეა. ამის დამტკიცება ჯერ რთულია, მაგრამ ეს არსებობს და ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე.

 

პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით რა პრეტენზიები ჰქონდათ გამოკითხულებს?

- საუბარი იყო იმაზე, რამდენად ეფექტურები არიან პარტიები კორუფციის წინაამდეგ ბროლაში. პარტიების მიმართ ნდობა, რომ რაიმე გადამწყვეტი როლი ითამაშონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან დაბალი იყო.

 

ვენი აზრით, დღეს საქართველოში კორუფცია რა დონეზე და რა მასშტაბებზე არსებობს?

- იგივეს გავიმეორებ, რომ ქვედა დონეზე სერიოზული პოლიტიკა არის ჩატარებული, მაგრამ ელიტარულ კორუფცია არსებობს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ხშირ შემთხვევაში ამის დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ სირთულის მიუხედავად რაღაც კონკრეტული ფაქტები არსებობს.

 

მაგალითად, ტყიბულის მაღაროში აფეთქებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, ადრე რომ მსგავსი აფეთქება მოხდა და ადამიანები დაიღუპნენ, ეს ფაქტი გამოძიებული არ იყო, ალბათ რაღაც კორუფციული გარიგება განხორციელდა და ამიტომაც არ დაისაჯნენ შესაბამისად ის ადამიანებიო. ჩვენ ვიცით, რომ ამ საბადოების მფლობელები მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან და გასაგებია, რომ ამიტომაც არ დაისაჯნენ. პრეზიდენტიც ხომ სწორედ ამაზე ლაპარაკობდა. თუმცა ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტი სამწუხაროდ იმასაც ამბობს, რომ კორუფცია არ არის ქვეყანაშიო.

 

კორუფციის დაუმტკიცებელ ცნობებთან ერთად არსებობს დადასტურებული ფაქტებიც - მინისტრების მიერ საკუთარ თავზეგამოწერილი პრემიები, ახლობლების დანიშვნა საკუთარ უწყებაში მაღალ თანამდებობეზე და ა.შ.

 

ესეც არის. ეს პატრონაჟის პრობლემა კიდევ სხვა და დიდი პრობლემაა საქართველოში. რაც შეეხება პრემიებსა და ბონუსებს, აქ კანონმდებლობის პრობლემაცაა, ის, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული რა შემთვევაში შეიძლება მიიღოს ადამიანმა ესა თუ ის პრემია და არ არის განსაზღვრული პრემიის ზედა ზღვარი.

 

სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაცხადდეს, მარტო ფულის მიცემასთან არ არის დაკავშირებული კორუფცია და ამ თემაზე საუბრისას სხვა მიმართულებებზეც უნდა ვისაუბროთ.

 

ზოგადად კორუფციის შესახებ კვლევა თუ გაგიხორციელებიათ?

- კორუფციის აღქმის ინდექსზე იყო კვლევა შემოდგომაზე. შეიძლება ზუსტად ვერ ვპასუხობ თქვენს შეკითხვას, მაგრამ ეს კვლევა ექსპერტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებებზეა დამყარებული და ამ კვლევაში საქართველომ უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე წინა წლებში. შარშან 66-ე ადგილიდან 68 ადგილზე გადავინაცვლეთ. ექსპერტები სხვადასხვა ფაქტორებს ითვალისწინებდნენ და ამიტომაც საქართველომ უარესი შედეგი აჩვენა.