იყიდიან თუ არა ხელახლა ამერიკელები მაგისტრალური გაზსადენის “გაუყიდაობას”?

იყიდიან თუ არა ხელახლა ამერიკელები მაგისტრალური გაზსადენის “გაუყიდაობას”?

მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათან ირკვევა. უფრო სწორად, ირკვევა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელსაც სურს, რომ გაზსადენის “ჩრდილოეთ-სამხრეთის” მონაკვეთით სარფიანად ივაჭროს, ისე, როგორც ამ 5 წლის წინ მოახერხა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2005 წელს მაგისტრალური გაზსადენის შენარჩუნების სანაცვლოდ საქართველოს 35 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა. ეს გასაგებიცაა - რუსეთის მიერ “ჩრდილოეთ-სამხრეთის” გაზსადენის შეძენით, კრემლი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს გაიძლიერებდა.

სწორედ ამის გამო, ჯერ კიდევ 2005 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დაჟინებით სთხოვა, გაზსადენის “გაზპრომისთვის” მიყიდვისგან თავი შეეკავებინა და ამ პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად ქვეყანას 35 მლნ აშშ დოლარი გადასცა. ეს თანხა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაზსადენის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის იყო განკუთვნილი.

“აშშ-ის მიერ “ნაყიდი” პერიოდი მიმდინარე წლის გაზაფხულზე იწურება. ამიტომაც ქართულმა მხარემ თადარიგი დაიჭირა და უკვე რამდენიმე თვეა გაზსადენის შესაძლო გაყიდვაზე საუბარი ისევ დაიწყო. ცეცხლზე ნავთი საქართველოს პარლამენტმა დაასხა, როცა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული ობიქტების ნუსხიდან იქნა ამოღებული”, - წერს რუსული ინტერნეტ-გამოცემა noev-kovcheg.ru და აქვე დასძენს, რომ ბუნებრივია, ეს ფაქტი ექსპერტებმა ობიექტის გასაყიდად მოსამზადებელ ვარიანტად აღიქვეს.

ნელ-ნელა გაზსადენის ყიდვით დაინტერესებული მხარეებიც გამოჩნდნენ. მათ შორის არიან რუსული გაზპრომი” და მისი სომეხი შვილობილი “არმროსგაზპრომი”, ასევე ყაზახური - “ყაზმუნაიგაზი” და, რაც მთავარია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი”. “სოკარის” ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა ამ აქტივის შეძენით დაინტერესების შესახებ არაერთხელ საჯაროდაც განაცხადა და აღნიშნა, რომ გაზსადენის შეძენის შემთხვევაში სომხეთისთვის გაზის გადაქაჩვა უნდა შემწყდარიყო, გაზსადენის ნაწილი დემონტაჟს უნდა დაქვემდებარებულიყო, ნაწილი კი საქართველოს შავიზღვისპირეთში “ცისფერი საწვავის” გადაქაჩვაზე უნდა ყოფილიყო აორიენტირებული, სადაც იგი დაიპრესებოდა და ტანკერებით ევროპის გაზგამანაწილებელ ქსელებში მოსახვედრად რუმინეთს მიეწოდებოდა”, - წერს გამოცემა.

ბუნებრივია, აზერბაიჯანის მიერ გაზსადენის შესაძლო შეძენა სომხეთის ხელისუფლებას გულგრილს ვერ დატოვებდა. მისი გაყიდვის და პროფილის შეცვლის შესახებ პრესაში არაერთხელ აღინიშნა და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ერევნის მხრიდან ოფიციალური თანხმობის მიუხედავად, შესაძლოა, ის სომხეთის ხელმძღვანელობის და მისი ქართველი კოლეგების მოლაპარაკების საგანი გამხდარიყო.

მოკლედ, გაზასდენთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა და საქართველოს მთავრობამ კვლავ ჩრდილში გადანაცვლება ამჯობინა. გადაწყდა, რომ 2 წელიწადში ქართული ენერგოკომპანიების, მათ შორის გაზსადენის მფლობელი “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აქციების ნაწილს საერთაშორისო ბირჟებზე განათავსებენ. თუმცა, მთავრობა საკონტროლო პაკეტს არ დათმობს (საუბარია 25%-ის გაყიდვაზე).

ამ ინფორმაიცამ სომხები ცოტათი დაამშვიდა. ამ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის არმენ მოვსესიანის განცხადებით, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის აქციების 25%-ის შესაძლო გასხვისება მის ექსპლოატაციას პრობლემებს არ შეუქმნის. “თუ გაზსადენის ნაწილს რომელიმე აზერბაიჯანული კომპანია შეიძენს, ეს მის ექსპლოატაციაზე არანაირად არ იმოქმედებს”, - აღნიშნა მოვსესიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში აზერბაიჯანაული საელჩოს ეკონომიკური მრჩევლის შოვგი მეჰდიზადეს მტკითებით, ჯერჯერობით აზერბაიჯანული კომპანიების მიერ აქციების შეძენის საკითხი ბაქოში არ განიხილება. თუკი მსგავს დაინტერესებას მაინც ექნება ადგილი, ეს საქართველოში აზერბაიჯანის საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება და მისი მიზანი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება.

“როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ეს შედის როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის, ისევე სომხეთის ინტერესებშიც და სომხეთს ეს არ უნდა აშფოთებდეს”, - განაცხადა მეჰდიზადემ.

ამჟამინდელ სიტუაციაში გაურკვეველია, ვინ გაიღებს ხარჯებს გაზსადენის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. ამერიკელებმა ამისთვის თანხა არ გამოყვეს, საქართველოს მთავრობას კი ზედმეტი ვალდებულებების წამოკიდების სურვილი არ აქვს.