სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოს და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ვარდენ რ. და 1988 წელს დაბადებული ზურაბ ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები კირნათის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ვარდენ რ. საზღვრის კვეთისას დააკავეს, ხოლო ზურაბ ქ-მ გაქცევა და მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად იგი ბათუმში დააკავეს. დადგინდა, რომ ზურაბ ქ. ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ 2010 წლის 11 იანვრიდან ქურდობისთვის იძებნებოდა.

გამოძიება საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.