"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს განიხილავს, რომლებიც, რუსული მხარის განცხადებით, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას. საგამოძიებო კომიტეტი არ აკონკრეტებს, რომელი გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრთა განზრახვა ოსი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით. არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტი და შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნის გამოცხადება?", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა ინფორმაცია მოიპოვეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ჰააგის ტრიბუნალიდან საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე?
"ნებისმიერ საქმეს აქვს იურიდიული ნიუანსები, რომელშიც მე ვერ შევალ, მაგრამ ზოგადად ფაქტი ერთია, არსებობს განზრახულობა, რომლის დამამტკიცებელი საბუთები რუსეთს არ გააჩნია. აქ საუბარია საქართველოს მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულებზე, რომელსაც ექნებოდა არა ინციდენტის სახე, არამედ ეს იქნებოდა მიზანმიმართული პოლიტიკა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის განადგურება, ან მიზანმიმართულად დაზიანება სამოქალაქო მოსახლეობისა სამხედრო მოქმედების შედეგად, რაც გადის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების რანგში, ასეთი არ ფიქსირდება აგვისტოს ომის დროს. ამის შესახებ არანაირი ეჭვიც კი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს. დაახლოებით ვიცი რუსეთის მოტივაცია, ისინი ომის გაჩაღებას აბრალებენ ქართულ მხარეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ომის დაწყება-არდაწყების საკითხი, როგორც წესი, არ ხდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან დევნის მიზეზი. შესაძლოა, გამოძიებულ იქნას, თუმცა დევნა, მე ვფიქრობ, არ მოხდება იმის გამო, ვინ დაიწყო ომი. რუსეთი ვერ შეაკოწიწებს მტკიცებულებებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმე აღიძრას", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.
"ამ ტიპის დანაშაულზე პასუხს პოლიტიკოსები არ აგებენ. უნდა არსებობდეს წერილობითი ბრძანება, სადაც იქნება ჩამოყალიბებული განზრახულობა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, რომელმაც გამოიყენა უფლებამოსილება და განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება. ვისაც ექნება ამ ტიპის ბრძანება გაცემული და ხელმოწერილი, ის დაისჯება, იმის მიუხედავად, რა თანამდებობა ეკავა. შესაძლოა, თავდაცვის მინისტრი საერთოდ სუფთა იყოს, სიტყვაზე ვამბობ, და დამნაშავე იყოს შს მინისტრი ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელი. მოდით, ასე ვთქვათ, რუსეთის ოფიციალური პოზიცია ჯერ არ ვიცით, ძალიან საინტერესოა, რას იტყვის ოფიციალური მოსკოვი ამ თემაზე. რუსეთის პირველმა პირებმა უნდა დაადასტურონ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს თემა და ასევე, უნდა გამჟღავნდეს მათი განზრახულობა. მეორეც, რუსეთს, რომელიც ელცინის შემდგომ ერთი პოლიტიკური გუნდის მმართველობის ქვეშ არის, არ აქვს უფლება, ომის პროვოცირებასა თუ ომის გაჩაღებაში ქართული მხარე დაადანაშაულოს", - დასძენს გიორგი თავდგირიძე.
"ტალიავინის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ოსებთან მიმართებაში ქართული მხარის მიერ ჩადენილი იყო ძალიან მძიმე დანაშაული, სამხედრო თვალსაზრისით. ამ საკითხზე უნდა აგოს პასუხი მან, ვინც პროვოცირება გაუკეთა ომს. ესენი იყვნენ თბილისის მაშინდელი მერი, გიგი უგულავა, ის ასრულებდა პრეზიდენტის დავალებებს, ვანო მერაბიშვილი კი იყო აღმასრულებელი. ქალაქის მერი გახლდათ სამხედრო შტაბის უფროსი, გაგიგიათ მსგავსი რამე? პოლიტიკურად ეს იყო ავანტიურა, რომელიც გადაიზარდა სამხედრო-სადამსჯელო ავანტიურაშუ, რომლის დროსაც დაიღუპნენ როგორც ოსი, ასევე ქართველი მოქალაქეები, ყველაზე მეტად კი ამ ომის შედეგად დაზარალდა საქართველო. 150-მდე სოფელი დავკარგეთ. ამაზე უნდა აგოს ყველამ პასუხი, მეც რომ ვყოფილიყავი და ეს დანაშაული ჩამედინა ერისა და ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა მეგო. ვინც დაკარგა 150 ქართული სოფელი, ყველამ უნდა აგოს პასუხი", - ამბობს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პაატა ცნობილაძე.
"სამართლებრივად გამორიცხულია, რუსეთმა რაიმე მოიმოქმედოს დამოუკიდებლად და ვინმეზე ძებნა გამოაცხადოს. რუსეთის საკანონმდებლო ბაზა, თუნდაც კონსტიტუციური, სულ სხვაა და ჩვენი კანონმდებლობა სულ სხვაა. მე როცა დასჯაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გაასამართლოს ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს. რუსეთს არავინ ეკითხება ჩვენს საქმეს, მათი საქმე არ არის, ვისზე გამოცხადდება ძებნა და ვისზე - არა, მათ არანაირი სამართლებრივი რესურსი არ აქვთ, ვინმეზე ძებნა გამოაცხადონ, რომელიმე ყოფილ ჩინოვნიკზე", - დაასკვნის პაატა ცნობილაძე.