"ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები თვითმმართველობის არჩევნებში არ არიან "ქართული ოცნების" კანდიდატთა სიაში, მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სჯერა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე და ამის მაგალითად სამტრედიისა და ვანის რაიონები მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" სიის პირველ ხუთეულში ადგილებს და მაჟორიტარულ ოლქებს უმეტესწილად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები იკავებენ. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონების გარდა, ხელისუფლების პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გარდაბანში, წალკაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და გურიაშიც აღმოაჩენთ. ამ ადამიანების უმეტესობამ პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და გამარჯვებულ კოალიციაში გადაინაცვლა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "შიხიაშვილის სინდრომი" / რამდენი ყოფილი "ნაციონალია" "ოცნების" დეპუტატობის, მერობისა და გამგებლობის კანდიდატთა შორის.
"ქართული ოცნების" სიის 70% ყოფილი "ნაციონალებით" არის დაკომპლექტებული - "ყველა ქალაქში თუ რაიონში არიან ე.წ. პორტირებული "ნაციონალები", რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" სიაში არიან. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც სხვანაირად არ შეუძლიათ, აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა იყვნენ. მაგალითად, "ქართული ოცნების" წალკის რაიონის საარჩევნო სიაში ყველა "დაპორტირებულია" "ნაციონალებიდან", ასევეა სამცხე-ჯავახეთში და გურიაში. პრაქტიკულად ყველგან ჰყავთ ასეთი ადამიანები, თუმცა, ჩამოთვლილი რეგიონები განსაკუთრებით გამოირჩევა. ეს ადამიანები ძალიან მარტივად "მოგზაურობენ" პარტიიდან პარტიაში. ჯერ იყვნენ "მოქალაქეთა კავშირში", შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" და ახლა უკვე "ოცნებაში" "დაპორტირდნენ" და აქვთ პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.
"თავდაპირველად ე.წ. შავ სიაში თითქმის ყველა ყოფილი "ნაციონალი" ჰყავდათ შეყვანილი, რასაც მოწინააღმდგეები გამოუჩნდნენ. ამიტომ სია შეცვალეს და ახლა ცესკოსთვის წარდგენილ სიაში მხოლოდ რამდენიმე "პორტირებული" "ნაციონალი" ჰყავთ შეყვანილი, ანუ, დაახლოებით 15-20%. თუმცა, ეს მხოლოდ გარდაბანში. როგორც ვიცი, იგივე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, უბრალოდ პროცენტული განსხვავება იქნება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.
"არადა, შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიებში ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების არშეყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავის დროზე ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ აიღო. მისი თქმით, "ოცნების" საარჩევნო სიაში ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ შეიყვანდა: "უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ საარჩევნო პროპორციულ სიებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს. ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება ყოფილ "ნაციონალებს", კიდევ ერთხელ ვადასტურებ - მე ვარ პასუხისმგებელი, როგორც პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, რომ ასეთი პიროვნებები სიაში არ იქნებიან", - ეს განცხადება კალაძემ 28 აპრილს გააკეთა. საარჩევნო სიაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების არსებობას არ ადასტურებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც - "ე.ი. "ნაციონალები" მოგვიყვანია ხელისუფლებაში და არ ვიცით. მე ვზივარ აქ თურმე და... ეს ინფორმაცია არის არასწორი. ჩვენ "ნაციონალები" არ გვყავს და მით უმეტეს პირველ ნომრებად", - განაცხადა ღარიბაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და უფრო მეტიც, ყოფილ თანაგუნდელებს წარმატებებსაც კი უსურვებენ. "ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, მის რაიონში "ქართული ოცნების" სიაში მხოლოდ 2 ყოფილი "ნაციონალია" შეყვანილი. სხვა რეგიონებთან დაკავშირებით კი იგი ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ანალოგიური ვითარებაა ლანჩხუთსა და ზუგდიდში", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც ვიცი, ვანისა და სამტრედიის რაიონის საარჩევნო სიაში ჰყავთ შეყვანილი ყოფილი "ნაციონალები". ქუთაისში არ არიან, თუმცა, სამაგიეროდ აქტიურად არიან ჩართულნი "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არ არიან "ქართული ოცნების" სიაში, მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სჯერა და ესეც ფასადურ ხასიათს ატარებს, ისევე, როგორც დემოკრატია საქართველოში", - დასძენს "რეზონანსთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე კი აცხადებს, რომ ცნობები "ოცნების" სიებში ყოფილი "ნაციონალების" სიმრავლის შესახებ გაზვიადებულია", - წერს სტატიის ავტორი.
"ვერ დაგეთანხმებით, რომ მერების და გამგებლობის კანდიდატები ყოფილი "ნაციონალები" არიან. რამდენიმე რაიონში პირადად გახლდით და ყველა მათგანის ბიოგრაფია კარგად შევისწავლე. ეს არის ონი, საჩხერე, ცაგერი, ჭიათურა, ტყიბული და სხვა. ეს არის ერთი მეხუთედი იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩვენ გვყავს წარმოდგენილი. თუმცა, შესაძლებელია არის 1-2 გამონაკლისი, სადაც თავისი პროფესიონალიზმით შეირჩა. თუმცა, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო - ის ადამიანები, რომლებიც აქტიურ საქმიანობას ეწეოდნენ "ნაციონალებში", ჩვენი პარტიის სიაში არ არიან, მაგრამ რომც იყვნენ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუ ადამიანი გულწრფელად ემსახურება თავის ქვეყანას და ასეთი გამონაკლისები ალბათ იქნება ოპოზიციაშიც", ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.
"ქართული ოცნების" ოფისში არაერთი ადამიანი შემოიჭრა და თქვეს, რომ საარჩევნო სია ყოფილი "ნაციონალებით" არის გადაჭედილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თანაც საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ ყველა ერთმანეთის ნათესავი და მეგობარია. ის, რომ ადამიანი არ ყოფილიყო არც ერთი პარტიის წევრი, ან ვინმესთან შეხებაში, ასეთ ადამიანს ფაქტობრივად ვერ ნახავთ. სწორედ რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე. საქმის კეთების დროს ნაკლებად უნდა დავიყოთ პარტიული ნიშნებით. კანდიდატების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა - სუფთა წარსული, პროფესიონალიზმი, სამეურნეო საქმიანობა და კარგად იცნობს თუ არა რაიონისა თუ იმ სოფლის პრობლემებს, სადაც კენჭს იყრის", - დაასკვნის ელისო ჩაფიძე.