"უგულავა დაპატიმრებას ელის და ცდილობს, იაქტიუროს, რათა თავი პოლიტდევნილად წარმოგვიდგინოს"

"მიგვაჩნდა, რომ "ქართული ოცნება" მიიღებდა ისეთ საარჩევნო კოდექსს, როგორიც საარჩევნო კამპანიისას ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარ პირობებში მოქმედების საშუალებას მისცემდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, "ქართულმა ოცნებამ" გარდა რამდენიმე ფასადური ცვლილებისა, კოდექსში არაფერი შეცვალა. რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი აშკარაა - არ ხდება ოპონენტი პარტიების აქტივისტების დაპატიმრება, ფიზიკური ძალადობა თუ ფინანსური გაკოტრება, მაგრამ გასაკეთებელი ბევრია. მოქმედი კოდექსი მმართველ პოლიტიკურ ძალას ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას აძლევს: თითქოს ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებენ, მაგრამ ვხედავთ, რომ მინისტრები და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, ფაქტობრივად, სამუშაო საათებში დადიან და აშკარა აგიტაციას ეწევიან", - აცხადებს ექსპერტი კახა კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "უგულავა დაპატიმრებას ელის და ცდილობს, იაქტიუროს" / "ნაცმოძრაობა" დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას ცდილობს". 

"რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს, როდესაც საოლქო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეიჭრნენ - "ნაციონალური მოძრაობა" იქცევა ისე, როგორც 2002-2003 წლებში ოპოზიციურ ფლანგზე იქცეოდა - ახდენს ძალის დემონსტრირებას და ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ კანონზე მაღლა დგას. მაშინაც აკეთებდნენ იმას, რაც კანონით დაუშვებელი იყო და დაუსჯელები რჩებოდნენ. დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა იგივეა - დაამკვიდროს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც ზოგიერთი პირისთვის ყველაფერი დასაშვები იქნება, მათ შორის - საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა თუ სხვა ტიპის ძალადობა. ცხადად ჩანს, რომ ვითარების დაძაბვას არ მოერიდებიან, თუმცა, ეს როგორ გამოუვათ კენჭისყრის დღეს ან შემდეგ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულ დანაშაულს ხელისუფლებისგან რა რეაგირება მოჰყვება. შესაძლებელია, არის ეჭვი, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე საკითხებს სხვადასხვაგვარად წყვეტს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ყოვლად დაუშვებელია ძალადობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი. 

"ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისთვის არსებობს სამართლებრივი გზები. ჩემი აზრით, ძალადობის ამგვარ ფაქტებს უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მწვავე რეაქცია, სხვა შემთხვევაში ძალიან მალე მივიღებთ ვითარებას, როდესაც შეუძლებელი იქნება ქვეყნის მართვა, რადგან გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ნებისმიერი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მათ პოლიტიკურ თუ პირად მიზნებს არ უპასუხებს, გადაწყვეტილების მიმღებებს გაუსწორდებიან. ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობა" მათი აქტივისტებისა თუ ლიდერების მიმართ ძალადობას რა კატეგორიულობით გმობს, თუმცა, თუ მათ პოლიტიკურ მიზნებს სჭირდება, თვითონ კვლავაც სიამოვნებით ძალადობენ. ხელისუფლებამ ვითარებაზე კონტროლი რომ არ დაკარგოს, ნებისმიერი მსგავსი პრობლემისას უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, იქნება ეს "ქართული ოცნების" თუ სხვა პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული. თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, შესაძლოა, ეს არჩევნები კი გადააგოროს ხელისუფლებამ, მაგრამ 2016 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო მძიმე ვითარება შეიქმნას", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"მარნეულის საოლქო კომისიის შტურმისას განსაკუთრებით გიგი უგულავა აქტიურობდა. ჩემი აზრით, გიგი უგულავასა და სხვა ლიდერების ეს აქტიურობა იმით აიხსნება, რომ ისინი ჩადენილი კანონდარღვევების გამო სამართლებრივ დევნას ელიან და ცდილობენ, პოლიტიკური აქტიურობით გააჩინონ საფუძველი იმგვარი ლაპარაკისთვის, რომ ესა თუ ის საპროცესო ღონისძიება მათი პოლიტიკური აქტიურობის გამო ხდება. ვიცით, რომ უგულავას წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. უგულავა, სავარაუდოდ, გამამტყუნებელ განაჩენს ელის და დაპატიმრებასაც, ამიტომაც ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი იაქტიუროს, ილაპარაკოს, თუნდაც არაკორექტული განცხადებები გააკეთოს, რათა მერე მის მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებები პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშიროს და თავი დევნილად წარმოგვიდგინოს. ეს მარტო მას არ შეეხება, მათ გუნდში არაერთი ლიდერია, რომლებიც, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოების კითხვებს ელიან. ძალიან გამაღიზიანებელი და მიუღებელია ის, რომ დღეს უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დილას, საღამოს და შუადღეს, ზოგჯერ საათში რამდენჯერმე იმავე "რუსთავი 2"-ის ეთერიდან მარტო ხელისუფლებას კი არა, საზოგადოებასაც ასწავლიან ჭკუას _ ეს ამორალურია. ხელისუფლებამ დროზე მიიღოს ზომები და თუ შესწევს უნარი, დაუმტკიცოს დანაშაული", - მიიჩნევს კახი კახიშვილი.

"რაც შეეხება პაატა ქარდავას საქმეს - უმძიმესი ფაქტია. არ შეიძლება, ერთი პირის -რომან შამათავასთვის ბრალის დამძიმებით ეს საქმე გახსნილად მივიჩნიოთ. წარმოუდგენელია, რომ სპეცსამსახურის ერთმა მაღალჩინოსანმა თავის თავზე აიღო და შეასრულა ასეთი საზარელი დანაშაული და მასში ჩართული არ იყვნენ უფრო მაღალი თანამდებობის პირები. ეს რომ არ ყოფილიყო იმჟამინდელი პროკურატურის მაღალჩინოსნებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული, საქმე უფრო ადრე გაიხსნებოდა. გამოძიებით უნდა დადგინდნენ დამკვეთები და თანამონაწილეები, იმავდროულად, კვალის წამშლელებიც. იმედია, ამ საქმეს მტკიცებულებებით ისე გაამყარებს პროკურატურა, რომ სასამართლოში არსებითი განხილვისას დამნაშავეებმა შესაბამისი სასჯელი მიიღონ. მარტო შამათავას თუ გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, საქმეს ბოლომდე გამოძიებულად ვერ მივიჩნევ", - ამბობს ექსპერტი.

"ამ საქმემ საზოგადოებას სხვა ასეთი ფაქტებიც გაახსენა. მაგალითად, სერგო თეთრაძის მკვლელობა ან ნავთლუღის სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ დღემდე ვერ დაასრულა ვერც ერთი საქმე, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს შეეხება. როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში მეფობდა სისტემური დანაშაული, ეს ნიშნავს, რომ სისტემა, ანუ ორგანიზებული ჯგუფი მართავდა ამ პროცესებს, გეგმავდა, უკვეთდა და ასრულებდა კონკრეტულ დანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ციხის საქმეში აშკარად ჩანს, რომ ეს სისტემა დეპარტამენტის თანამშრომლების მოგონილი და დამკვიდრებული არ იყო, ამ საქმეზე მხოლოდ შემსრულებლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. არ უნდა დადგეს იმ უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მოთხოვნითაც დამკვიდრდა ეს სასტიკი რეჟიმი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რას აკეთებს პროკურატურა?! დაუჯერებელია, რომ ამ სისტემას დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ინარჩუნებდა. არადა, ვხედავთ, რომ პასუხისმგებლობის საკითხი შეწყდა დეპარტამენტის მოადგილის დონეზე, ჯაჭვი უფრო ზემოთ არ ასულა", - დასძენს კახი კახიშვილი და შეკითხვას - "გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ხანგრძლივი პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებები გააკეთა", პასუხობს;

"ცხრა წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირი საზოგადოებასა და ჟურნალისტებთან მხოლოდ მონოლოგით ურთიერთობდა. იყო იშვიათი გამონაკლისები, როდესაც კონკრეტულ ჟურნალისტებს აძლევდნენ საშუალებას, მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარ შეთანხმებული კითხვები დაესვათ. ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას გადავედით რეჟიმში, როდესაც მასა და ჟურნალისტებს შორის მიდიოდა პოლემიკა და კითხვებზე პასუხის გაცემისას ხდებოდა უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ადვოკატირება. ამასვე აგრძელებს ღარიბაშვილი. ნამდვილად კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ გველაპარაკებიან, მაგრამ იმავდროულად, დროა, მესამე ეტაპზე გადავიდეთ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ისწავლიან მოსმენას, უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან საზოგადოების პრობლემებს, რასაც ამგვარ ღონისძიებებზე ჟურნალისტები ახმაურებენ და შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ".