ჟურნალისტ ერეკლე ცოცანიძის შოკისმომგვრელი მოგონებები გლდანის ციხეზე
ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაც “მიხეილის ციხის ჯოჯოხეთი” საკუთარი თვალით ნახა... სხვათა შორის, მაკა მოსიაშვილი, ერთ-ერთი პარტიის პროპორციული სიით, თელავის საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის. “ქართული სიტყვა” მაკას წარმატებას უსურვებს და აგრძელებს ერეკლე ცოცანიძის ციხის შოკისმომგვრელი დღიურის გამოქვეყნებას. “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...
***
გათენდა.
ისევ ჩხრეკაა...
ნეტავ, რას ეძებენ ამ “კამერებში”?
სირბილით გავედით აბანოში.
- ჩაიხადეთ და ჩაიცუცქეთ! - დაიძახა ოფიცერმა.
დავემორჩილეთ, სხვა რა გზაა?!
- ახლა “ნასკები” გაიხადეთ და ამოატრიალეთ, - გაისმა ახალი ბრძანება, - გააჯ...თ “კამერაში”!
შევედით და დავიწყეთ დალაგება - “კამერა” ბრძოლის ველს ჰგავს.
ხვალ არადა, ზეგ კიდევ მომაკითხავს ადვოკატი. მეტყვის, თუ რა არის სიახლე.
წუხელ მესიზმრა: სოფოს მანქანაში ვისხედით მე, შოთიკო, სოფო და თელავის ქუჩებში დავდიოდით. მანქანა თითქოს ნაავარიები და მოფახფახებული იყო.
ვიცი, ჩემებთან ხშირად იქნებიან და ქეთინოს არ მიატოვებენ. ჩვენ ხომ ასე ვიცით - ყოველთვის ერთად ვართ, მით უმეტეს, გაჭირვებაში.
საკანში პოლიტიკური პოლემიკა გაიმართა: ზოგი ბურჯანაძეს ადანაშაულებს 26 მაისის ამბებში, ზოგი - სააკაშვილს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთიანობას ხელი ოქრუაშვილ-კიწმარიშვილ-გაჩეჩილაძის განხეთქილებამ შეუშალა.
მე ჩუმად ვარ, მხოლოდ ვისმენ - მათ მოსაზრებებს, მაინტერესებს, რას ფიქრობენ ადამიანები. ერთ რამეს მივხვდი: ხალხი მხოლოდ ბრმა იარაღად გამოიყენეს! 2007 წლიდან, ყველა დიდ შეკრებასა და მანიფესტაციაზე ვარ ნამყოფი. რამდენჯერმე გვქონდა გამარჯვების შანსი, გამარჯვებისა 21-ე საუკუნის ფაშიზმზე, გამარჯვებისა თვით ლუციფერის მოადგილეზე, გამარჯვებისა ცრემლად და მოსიარულე ბანერად ქცეულ 5-ოსან ბიჭზე, რომლებსაც 2008-წელს საშემოდგომო საკუთარმა ხალხმა გამოაყოლა, თუმცა ლიდერები მსხვერპლსა და სისხლს მოერიდნენ.
ან იქნებ, გარიგდნენ, მართლა?
რატომღაც არ მგონია, გაჩეჩილაძეების გარიგების ამბავი მართალი იყოს: ლევანს რომც მიეყიდა სული ეშმაკისთვის, ანუ მიშასთვის, მგონია, რომ გია არ იზამდა ამას.
კიდევ ერთი კაცია, რომლის გვერდითაც ვიდექი ბოლომდე - კახა კუკავა.
ოფიცერმა რამდენიმეჯერ შემოიხედა, არაფერი უთქვამს. დღეს მშვიდი დღეა და ეს სიმშვიდე მაშინებს - რაღაც საშინელისთვის ვემზადები. რადიოში მნიშვნელოვანი არაფერია.
წიგნის კითხვა დავასრულე, ლოცვები წავიკითხე, თითქოს სულიერად დავმშვიდდი, შუქი ჩაქრა და დავწექით. არც კი მჯერა, ისეთი წყნარი დღე იყო. რაც აქ ვარ, მგონი, მსგავსი არც მახსოვს.
ფსიქოლოგიურად დავისვენე. ალბათ, ორთქლის გამოშვების საშუალება მოგვცა ადმინისტრაციამ, რომ სტრესისგან ერთდროულად ამდენი პატიმარი არ გადავიდეს ჭკუიდან.
შუქის ჩაქრობამდე ერთი საათია დარჩენილი.
დერეფანში ღრიალით შემოვიდნენ ადამიანები - ყველა “კამერაში” შედიან, ყელას ურტყამენ.
ჩვენი კარი იღება.
შემოდიან...
- რომელი ხართ აბა, ქურდი? - დაიძახა ერთმა. ჩვენ ერთმანეთს შევყურებთ. მამუკასთან მივიდნენ.
- შენ, ბიჭო?
- არა.
- აბა, რომელი?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ერთი ყ..ა, - გაისმა სხვა ხმა.
- ჰოდა, ამათი დედა მოვ...ნ!
წყლით სავსე ბოთლმა გაიზუზუნა.
მამუკა ინერციით დაჯდა.
ახლა რამაზს შემოარტყეს ყურებში გაშლილი ხელები.
რამაზმა დაიზმუვლა სიმწრისგან.
- გეტკინა, ბიჭო? - “რეჟიმის” დამცინავი ხმა გაისმა, - ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, რომ იჩხერდი!
ერთი ჩემს წინ გაჩერდა.
- რაზე ხარ აქ?
გაყალბებაზე-მეთქი და მთელი ძალით შემომარტყა სახეში.
ყველას გაარტყეს.
გავიდნენ და შემდეგ “კამერაში” დაიწყეს სისხლის სმა.
- შედით “შპონკის” ქვეშ, თქვენი დედები მოვტ..ნ! - ისმის ნაცნობი ხმა, რომელიც ბიჭების თქმით, რეჟიმის უფროსი ჭაკუაა.
შუქი ათის მაგივრად, თერთმეტზე ჩაქრა და ორ-საათიანი სასაკლაოც დასრულდა.
არ ვიცი ეძინა, თუ არა ვინმეს იმ ღამეს “კამერაში”, მაგრამ დილამდე ვფიქრობდი, როგორ მენახა კიდევ უფრო მეტი საშინელება, რაც აქ ხდებოდა.
***
გამთენიისას ჩამძინებია.
რომ გავიღვიძე, საჭმელს იღებდნენ ბიჭები.
ავდექი, პირი დავიბანე და ვისაუზმე.
წიგნებს ჩავუჯექი...
დღის განმავლობაში კიდევ ორი სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა. სავარაუდოდ, - ჩვენს ზემოთ სართულზე.
“სოციალი” მოვიდა, რამაზს წერილი მოუტანა.
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მინდება, ვწერო.
ოცნებით მოვცდები,
ფიქრები მაწვალებს,
ვერაფრით ვივიწყებ
საოცარ მაგ თვალებს!
ტანში გამაჟრჟოლებს,
როცა დაგინახავ,
ღვთაება შენდარი
არსად არ მინახავს!
ყაყაჩოს გადარებ
ყანაში ამოსულს,
მოდი, მომეფერე
საოცრად მარტოსულს!
ვიქცეთ ერთ სხეულად -
ინი და იანი
და შევქმნათ მესამე
სხვა ადამიანი.
კალმის ერთი მოსმით, უცაბედად დავწერე.
ისევ “შაში”, ისევ რადიო, ისევ წიგნი და საუბარი, საუბარი ყველაფერზე - ქალებით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული.
სახლსა და ჩემს ქალაქზე ფიქრი ისევ არ მშორდება.
ზაფხულია, ახლა თუშეთის სეზონია და მის ყოველ გახსენებაზე მაკანკალებს.
რომელიღაცამ “აბსლუგა” ახსენა - ყველაზე ცუდი “ნაროდია” აქო.
- ახლა “აბსლუგაში” ნორმალურებიც არიან, ზოგს პატრონი ჰყავს და ისე აკეთებენ, რომ თავისუფლად იარონ გარეთ. მაგათ რომ იციან, აქ რა ხდება, ვინ იცის იმდენი, ვინაა ხმის ამომღები, ცოცხლად შეჭამენ, მაგრამ პატარა “სროკი” უნდა ჰქონდეს, რომ გაიყვანონ, - თქვა მამუკამ.
ვახშამი მოვიდა...
შუქი ჩაქრა...
საბედნიეროდ, ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.
***
ეზოში უცხო ადამიანები გამოჩნდნენ - რაღაც ფურცლები უჭირავთ, რადიოში თქვეს, დილით, გლდანის ციხეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეამოწმებენო.
დღეს ყველა თანამშრომელი დამტკბარია, თითქოს მეგობრულადაც კი გველაპარაკება.
კარი გაიღო, ოფიცერი შემოვიდა და გვითხრა:
- ახლა შემოწმებაზე მოვლენ და ჭკვიანად იყავით, თორემ ბაჭიებივით დაგტ....თო.
მისი გასვლიდან 15 წუთში გაიღო კარი და სამნი შემოვიდნენ, არც - კონტროლიორი, არც - ოფიცერი.
შეკითხვებს სვამენ, გვცემენ თუ არა, გვაგინებენ თუ არა, რადიოს როგორ ხმაზე ვუსმენთ და როგორ ვსაუბრობთ.
წინასწარ მოვილაპარაკეთ, არაფერი გვეთქვა. როცა ვიკითხე, რომ ვთქვათ, რას გაიგებენ-მეთქი, რას ამბობ, რა ვიცით, შეკრულები რომ არ არიანო.
ერთმა მონიტორმა იკითხა, ციხის უფროსს თუ იცნობთო. ჩვენ მხრები ავიჩეჩეთ. გელამ თქვა, მე ვიცნობ, სასამართლოზე ვნახეო. გადაირია მონიტორი, მაგრამ გელამ გაასწორა, რომ მივყავდი „სუდზე“, მაშინ დამანახეს სხვებმაო.
როცა სტუმრები წავიდნენ, ოფიცერმა კობას დაუძახა. ნახევარი საათი ელაპარაკებოდა. შემდეგ, გელა გაიყვანა, მასაც გამოჰკითხა, რა გკითხეს და რა უთხარითო. ბოლო-ბოლო, დარწმუნდნენ, რომ არ გაჟონავდა ინფორმაცია და შეგვეშვნენ.
ამ დღეს კიდევ ერთი “კამერა დაინგრა”, კიდევ ერთხელ დალიეს სისხლი, კიდევ ერთხელ გაიყვანეს სართულიდან გონებადაკარგული პატიმარი საკაცით.
დღეს ერთი ნათურა გადაიწვა და საღამოს შემოწმებაზე ვუთხარით. ოფიცერმა ჩაინიშნა.
დღეც მიილია და ისევ ომალოს მთაზე აგორებული ვეებერთელა მთვარე გამახსენდა - რომ გგონია, ახვალ მთაზე და ხელით მისწვდები. გამახსენდა და, ალბათ, ძილშიც ჩამყვა, რადგან მესიზმრა ჩემი ომალო და ვეებერთელა მთვარე...
დღეს კობას, სავარაუდოდ, პაემანი აქვს. ელოდება, როდის დაუძახებენ. ასეთ დღეს “კამერაში” ხალისია - ახალ ამბებს გავიგებთ.
“სოციალი” მოვიდა და საბანკო “კარტა” მომიტანა, აქამდე მამუკას “კარტაზე” მირიცხავდნენ ფულს. სახელი შეცდომითაა - ერაეკლე წერია. “სოციალს” რომ ვუთხარი, მაშინ წავიღებ და შეცვლიან, მაგრამ ანგარიშზე 5 ლარი უნდა იყოს, რომ ღირებულება დაიქვითოს, თან ორი კვირა სჭირდებაო და უარი ვთქვი, ადვოკატს ვეტყვი და ასე დამირიცხავენ-მეთქი.
კობას დაუძახეს პაემანზე. თან ტანსაცმელი შემოუვიდა. აქ ხომ მხოლოდ ტანსაცმელი და სურათები შემოდის ამანათით... და კიდევ წიგნები, ოღონდ ფოსტით უნდა წამოვიდეს და ოც ლარამდე ჯდება.
ძალიან მინდა ჩემებმა გომელაურის წიგნი შემომიგზავნონ - ნიკო გომელაური ჩემთვის ცალკე განზომილებაა ისევე, როგორც - გრანელი. მართალია, ამ ორს საერთო არაფერი აქვს, ჩემი აზრით, მაგრამ მაინც.
საშინელი სიცხეა.
ისევ დაწყდა წყალი. ნეტავ, გვეყოფა მარაგი თუ ისევ სამი-ოთხი დღე უნდა გაგრძელდეს ეს უწყლობა?
ნეტავ, აბანომდე მაინც მოვიდეს.