ჩხუბი, ბილწსიტყვაობა და უკიდურესი დაძაბულობა ზუგდიდში - რას ყვება ნაცემი გოგონა

ჩხუბი, ბილწსიტყვაობა და უკიდურესი დაძაბულობა ზუგდიდში - რას ყვება ნაცემი გოგონა

დღეს დილიდან ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ახლობლები და ოჯახის წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და თენგიზ გუნავამ უარი თქვას ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე.

აქციის მიზეზი გახდა შსს-ს მიერ გუშინ გავცრელებული ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლულია. პაატა ქარდავას ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა მკვლელობასთან თენგიზ გუნავასაც ჰქონდეს კავშირი.

მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებმა"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეჭრაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს - არსებული ინფორმაციით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

"გაურკვეველი დაჯგუფებები არიან, ყველა იყვნენ ოცნების აქტივისტები. ღობესთან როცა ვიდექი, მაშინ გადმომწვდნენ ხელით, არ ვიცი ზუსტად ვინ იყვნენ,  მაგრამ ვიგრძენი მძიმე დარტყმა", - ყვება დაზარალებული ქალბატონი.

ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთეს "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტია ზუგდიდის ინციდენტზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.  აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" განცხადებაც გაავრცელა. 

პარტიის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 16:00 

საათზე, "ქართული ოცნების" 100-მდე აქტივისტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში შეჭრას შეეცადა.


როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, "ქართული ოცნების" მაისურებში გამოწყობილ აქტივისტებს, რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში. ამა თუ იმ რეგიონში არჩევნებში გარდაუვალი მარცხი - რაც მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებითა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმატებული განახლებითაა განპირობებული - არ უნდა გახდეს კონკურენტების ძალადობრივი გზით ჩამოცილების მიზეზი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს", - ნათქვამია განცხადებაში.