ახალი საგადასახადო კოდექსის მოწინააღდეგეთა რიცხვი თანდათან იზრდება. მის წინააღმდეგ უკვე ილაშქრებენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, თუმცა არც სპეციალისტები არიან უქმად. მოკლედ, ვინ საკუთარ ბიზნესს იცავს და ვინ საკუთარ იმიჯს. ყოველ შემთხვევაში, ამდენ შეტევა-თავდაცვაში კოდექსის შემქმნელებს საკმაოდ ბევრი რამ დაათმობინეს.
“მაგთიკომის” გენერალური დირექტორმა მართალია, ხმა საკმაოდ გვიან ამოიღო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ხმა საკმაოდ შორს ისმის. დევიდ ლი, რა თქმა უნდა, კავშირგაბმულობის სფეროს აქციზით დაბეგვრამ აღაშფოთა.
“ახალი საგადასახადო კოდექსი შეიცავს ბევრ სხვა სიახლეს, რომელთა ირგვლივ დებატები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა არ იქნას მიღებული ნაჩქარევი დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება მოკლე ვადაში მცირე ამოცანების გადაწყვეტა შეძლოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას გარკვეული ბარიერები შეუქმნას”, - აცხადებს დევიდ ლი, რომელიც მოკლედ მიმოიხილავს არასასრუველი გადასახდის შემოღების შემთხვევაში სამომავლო პერსპექტივას.
“აქციზი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის წყაროა, იგი ყველა ქვეყანაში წარმოადგენს მოთხოვნისა და მიწოდების რეგულირების საშუალებას, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ზღუდავს ეკოლოგიურად მავნე ან ფუფუნების კატეგორიას მიკუთვნებული საქონლისა და მომსახურების მოხმარებას. მთელ მსოფლიოში ამ გადასახადით იბეგრება თამბაქო, ალკოჰოლური სასმელები, საწვავი და სათამაშო ბიზნესი.
კავშირგაბმულობა არც სოციალურად, არც ეკოლოგიურად მავნე მომსახურებაა და უკვე დიდი ხანია არც ფუფუნების კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ. შესაბამისად, კავშირგაბმულობის მომსახურებაზე აქციზის შემოღება განპირობებულია მხოლოდ ბიუჯეტში თანხების მობილიზაციის მიზნით, რაც ჩვენი სფეროს მიმართ აშკარა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
სატელეკომუნიკაციო აქციზის შემოღება გამოიწვევს აუცილებელი კაპიტალდაბანდებების ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებას და, შესაძლოა, მთლიანად შეჩერებასაც კი. ეს კი შეუძლებელს გახდის ქვეყანაში არამარტო ხარისხობრივად ახალი ტექნოლოგიების შემოტანას და დანერგვას, არამედ გამოიწვევს არსებული ტექნოლოგიური განვითარების დონის დეგრადაციას.
ამ მხრივ “მაგთიკომი” კონკურენტებთან შედარებით კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება, ვინაიდან მას ქვეყანაში ყველაზე ვრცელი დაფარვის ზონა, ყველაზე მეტი საბაზო სადგური და ქსელური ელემენტი გააჩნია”, - ამბობს დევიდ ლი.
სპეცილისტები კონკრეტულად “მაგთიკომელთა” გასაჭირს არ ეხმაურებიან, თუმცა ისინი მეწარმეთა დაჩაგვრის ზოგად მიმართულებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც სახელმწიფოს მიერ არათავისუფალი და არაკონკურენტული გარემოს შექმნას უკვშირდება.
საგადახადო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფოს მეწარმის მიმართ თითქმის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. მაგალითად, თუ მას მეწარმის მიმართ რამე დავალიანება დაუდგინდა, თავისუფლად შეუძლია კანონში გაწერილ ვადაში ეს თანხა არ გადაიხადოს, თუნდაც ეს საკითხი სასამართლოს მიერ მეწარმის სასარგებლოდ იყოს გადაწყვეტილი.
გაწერილია, თუ რა შემთხვევაში, რა ვადებში უბრუნდებათ მეწარმეებს ზედმეტად გადახდილი თანხა სახელმწიფოსგან, მაგრამ არსადაა გაწერილი, თუ რითაა უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ვალი მეწარმის მიმართ.
სახელმწიფო გადასახადის გადახდის ვადის მიხედვითაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. თუ იგი ვალდებულია მეწარმეს, ზედმეტად გადახდილი თანხა, 3 თვის განმავლობაში დაუბრუნოს, მეწარმეს ახალი საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის, მეორე პუნქტის მიხედვით ეკისრება ვალდებულება, რომ გადასახადი დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ, ან საგადასახადო მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება და თუ ჯარიმასაც არ გადაიხდის, მისი დავალიანება უზრუნველყოფის სახით სახელმწიფოს ქონებაში გადავა.
“ვეკითხები ხელისუფლებას, როცა ის მიწერს კოდექსში, რომ მოთხოვნიდან სამი თვის ვადაში დამიბრუნებს ფულს, ეს რამით არის უზრუნველყოფილი? მას თავისუფლად შეუძლია, რომ ვადას გადაცდეს და ამისთვის არანაირი სანქცია არ დაეკისრება”, - კითხულობს ექსპერტი ირაკლი შავიშვილი, მაგრამ ვაგლახ, რომ კითხვაზე პასუხი ჯერჯრობით არც მას, არც მეწარმეებს და არც საზოგადოებას არ მიუღია.