არჩევნებიდან გაძევებულები

არჩევნებიდან გაძევებულები

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციები განგაშს ტეხენ: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,  „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებენ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საეჭვოდ იმატა ოპოზიციური პარტიების იმ წევრთა რაოდენობამ, რომლებმაც რეგისტრაციის გავლის შემდეგ უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ლაპარაკია საკრებულოს წევრობის 32 კანდიდატზე, რომელთა დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია ან მხარდამჭერი. ვინ და რატომ ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციურ პარტიებზე და როგორ უპასუხებს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას?
 
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოკვლეული ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა, რომლებიც მაჟორიტარული ან პროპორციული სიით აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, უარი პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად განაცხადეს. ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით, ზეწოლის ფაქტები ძირითადად რეგიონებში იყო:
 
„მუქარა ძირითადად გამოიყენება მათი ოჯახის წევრების მიმართ , რომ ისინი გათავისუფლდებიან სამსახურიდან. არის შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ადასტურებენ ზეწოლას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი გაურბიან ამის საჯაროდ დადასტურებას“.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "სახალხო პარტიას" მცხეთის წარმომადგენელმა ლაშა ბოლოთაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარტიას კანდიდატურების მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართა პროპორციული სიის სამმა და მაჟორიტარობის ერთმა კანდიდატმა, თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა თქვა, დაშინებულ კანდიდატთა სრული ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია და ის მოიცავს ხუთ რეგიონსა და თერთმეტ საარჩევნო ოლქს.

„საუბარია დაახლოებით 32 კანდიდატზე. ჩვენს აღშფოთებას იწვევს ისიც, რომ ოპოზიციური პარტიები უკვე ორი დღეა, რაც საუბრობენ ამ ტენდენციებზე, ისინი საუბრობენ კონკრეტულ ადამიანებსა და ზეწოლის ფაქტებზე, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამას არ შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ადგილი“.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ყველაზე ძლიერ ზეწოლას განიცდის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის, ინფორმაციით, ზეწოლა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს დმანისის რაიონში სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატმა ხმების 40 პროცენტი მიიღო. რამდენიმე დღეში დმანისში კანდიდატურა მოხსნა პარტიული სიის 20-დან ხუთმა კანდიდატმა, ზეწოლა კი გამოიხატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით მუქარაში:
 
„ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელები იღებენ დავალებას უშუალოდ შს მინისტრის მოადგილისგან. აქტიურად არის ჩართული სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც აძლევს დავალებებს რაიონული განყოფილებების უფროსებს, რომ ზეწოლა განახორციელონ და დააშანტაჟონ ჩვენი კანდიდატები. გუშინ კიდევ ერთ ჩვენს კანდიდატს დააწერინეს განცხადება, ანუ, მთლიანად, ხუთმა კანდიდატმა ვერ გაუძლო ზეწოლას და გავიდა ჩვენი პარტიული სიიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტიული სია გახდა 15-კაციანი, რაც არის ქვედა ზღვარი“.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მძიმე ვითარებაა შექმნილი ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში. მაგალითად, ახალციხეში არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა გენადი ზედგენიძემ, რომელსაც დაემუქრნენ შვილის სამსახურიდან გაგდებით. მსგავსი ზეწოლის შესახებ ლაპარაკობენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
 
„კონტრდაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ ასეთი დავალება: უმცირესობებით დასახლებულ არც ერთ რაიონში (ასეთი სულ 6-ია) ოპოზიციას არ უნდა ჰყავდეს კანდიდატი და არჩევნები უნდა ჩატარდეს ბრეჟნევის პრინციპით, ანუ ბიულეტენზე უნდა იყოს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გვარები“, განაცხადა კახა კუკავამ.
 
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის:
 
„ჩვენ 29 მაისს ჩავატარეთ გასვლითი სხდომა ხარაგაულის რაიონში, სადაც ეს ინფორმაციები იქნა განხილული. ინფორმაცია ასევე გადაცემულია პროკურატურისათვის, რომელიც აწარმოებს ფაქტების დადგენას. თუ გამოვლინდება, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, მაშინ რეაგირება იქნება მკაცრი. ჯერჯერობით ფაქტები დადგენის პროცესშია“.
 
უწყებათაშორისი კომისიის ეფექტიანი რეაგირების იმედი აქვს თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატს. დავით ნარმანიას თქმით, საარჩევნო პროცესი გამორჩეულად დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.
 
თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებზე განხორციელებული ზეწოლის შესწავლა სცილდება უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციას. კახა კოჟორიძის თქმით, მომხდარით შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
 
„ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იმიტომ რომ მუქარა და ზეწოლა სხვა არაფერია, თუ არა სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი დანაშაულის შემადგენლობები, და წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება და დაადგინონ ის პირები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ და მისცენ პასუხისმგებლობაში და მოახდინონ სამართალდამცავებმა ეფექტური რეაგირება“, განაცხადა კახა კოჟორიძემ.