"უნდა დაისაჯონ დამნაშავენი და უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრება დააბრუნონ. თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა ლინჩის წესამდე მივიდეთ"

"ჭიაბერაშვილის შემთხვევაში თაბუკაშვილი და მგელაძე არანაირი პოლიტიკური დაჯგუფების წევრები არ არიან და არც არასდროს ყოფილან, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ "პოლიტიკურმა ძალებმა მიუგზავნეს", არც ღირს. მეორე მხრივ ეს ნამდვილად პრობლემაა, რადგან საზოგადოებაში რეალურად არის მზარდი აგრესია "ნაციონალების მიმართ" და ამას ობიექტური საფუძველი აქვს - ეს არაა კონკრეტული აგრესიული ადამიანების ახირება", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი გაზეთ"რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალებზე" გახშირებული თავდასხმები სერიოზული გამოწვევაა მთავრობისთვის".

"სხვა საკითხია, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა მთავრობისთვის, რადგან ჩვენ თუ იმის იმედზე ვიქნებით, რომ "ნაცმოძრაობა" ქვეყნის წინაშე დანაშაულს ოდესმე გააცნობიერებს და ამას მონანიება მოჰყვება, უკვე 2 წელია ვხედავთ, რომ ასე არ ხდება და არც მოხდება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ეს გულისწყრომა, თუნდაც სამართლიანი, კონკრეტულ ადამიანებზე აგრესიაში არ გადაიზარდოს. ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ, უნდა გავიზიაროთ საყვედური, რომ "ნაცმოძრაობის" ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება არ ხდება. თუ ვინმე დასაჭერია, პროკურატურამ სამართლიანად და სისტემურად უნდა გამოიძიოს", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მთლიანად სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიდეს. მაგალითად, იყო საუბარი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე. ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად - დაისაჯონ დამნაშავენი და უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრება დააბრუნონ. თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა ლინჩის წესამდე მივიდეთ. ასევე, "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით სიტუაციების პოლიტიკური შეფასებაა საჭირო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - ""ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" აქტივისტებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. წინასაარჩენოდ მოსალოდნელია მსგავსი შემთხვევები?" - პასუხობს:

"დარწმუნებული ვარ ასეთი რამ არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების მკაცრი ნებაა, რომ საარჩევნო გარემო ყველასთვის სამართლიანი იყოს".