რატომ შეუქმნეს პრობლემები ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ და ლობირებს თუ არა ხელისუფლება დამოუკიდებელ დეპუტატ თემურ ფეიქრიშვილს
დავა, რომელიც შპს ,,მედგრუპჯორჯიასა’‘ და ,,წავკისელ ფეოდალებს’‘ შორის მიმდინარეობს, ახალ ფაზაში შედის. კომპანიას პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, თამაზ მჭედლიძე ხელმძღვანელობს, რომელიც დაბა წავკისში გამაჯანსაღებელ ,,ველნესის’‘ ტიპის ცენტრს აშენებს. ,,წავკისელი ფეოდალები’‘, მათ შორის, პარლამენტის წევრი თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი ბიზნესმენს ხელს უშლიან. 25 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც თამაზ მჭედლიძე საქართველოში აპირებს, საფრთხის ქვეშ დგას, რადგან გამორიცხული არაა, ინვესტორმა ქვეყანა დატოვოს. რა ვითარებაში აღმოჩნდნე ნბიზნესმენები საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? ,,ვერსიას’‘ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრება.
- ბატონო სოსო, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან გათავისუფლდა?
- ძველებურად, ბიზნესის ,,ჯანმრთელობას’‘ კანონმდებლობა კი არა, ხელისუფლება განსაზღვრავს. ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილების დროს, სხვადასხვა დაპირებას ვისმენთ. უპირველესად, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება იცვლება, მაგრამ ამ საკითხს ძვრა არ აქვს. ვგულისხმობ აუცილებლობას, საკანონმდებლო უპირატესობები მკაფიოდ დაფიქსირდეს, ხოლო ის, რაც უკვე არსებობს და მიმზიდველია - აღსრულდეს. პრობლემა ის კი არ არის, ბიზნესის ხელშეწყობის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა არ გვაქვს, არამედ ის, რაც საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია. დღეს ბიზნესის ხელშეწყობის პირობები უფრო ოპტიმისტურია, მაგრამ თავად ბიზნესმენებისთვის მეტი მოტივაცია უნდა შეიქმნას. დიახ, ბიზნესი თავისუფალია, ნებისმიერს შეუძლია ნიჭის გამოვლენა, იაფი სესხების პროგრამა რეალობაა და სოფლის მეურნეობაში უნიკალური ვითარებაც შეიქმნა. მეწარმეებს საკმაოდ შეღავათიანი პროცენტით შეუძლიათ ბანკებიდან სესხის მიღება, რაც უშუალოდ ბანკისთვის ზარალი არ არის. კომერციულ ბანკებს კერძო პირი უზღვევს რისკებს და ესეც ქართული რეალობაა, რადგან სხვა ქვეყანაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ხელგაშლილი მილიარდერი, რომელიც ბანკებს საკუთარ მოგებას დაუკარგავად სთავაზობს. თუმცა ეს ისეთი ტიპის გამონაკლისია, რომელიც ბიზნესის განვითარების მდგრად ამინდს ვერ ქმნის. შესაბამისად, სრულიად მკაფიო, საკანონმდებლო საფუძველზე დაფუძნებული ქმედებაა საჭირო, რომლის სამართლიანობის გადამოწმებას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.
- სოფლის მეურნეობაში მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამები კი მოქმედებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიზნესის რომელ დარგს უჭირს ყველაზე მეტად?
- ერთი და იგივე უსამართლობის განცდაა. სამართლიანობის აღდგენა პროკურატურის პრეროგატივა არ უნდა იყოს, რომელიც თავად გადაწყვეტს, რომელი საქმე განიხილოს და რომელი - არა. კანონმა უნდა განსაზღვროს და პროკურატურას ასეთი შერჩევითი სამართლის უფლება ჩამოართვას. თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ კონკრეტულ ბიზნესს ან ბიზნესმენს უსამართლოდ მოექცნენ, ასეთი საკითხების გამოუძიებლობისთვის პასუხი კონკრეტულ პროკურორებს უნდა მოეთხოვოს. თავად პროკურატურას უნდა ჰქონდეს სპეციალური განყოფილება, რომელიც დაზარალებული ბიზნესის თავისებურებებს შეისწავლის და საქმეს სასამართლომდე მიიყვანს, თუმცა, სხვადასხვა საკითხზე, თუნდაც ,,კავკასუს ონლაინთან’‘ დაკავშირებით, საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, პროკურატურის სიმშვიდე თვალშისაცემია. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია და, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის მაგალითებს დავამკვიდრებთ, რასაკვირველია, იმ პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებსაც ამ პრობლემის მოგვარება ევალებათ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინაობა, ვინც საზოგადოებრივ აზრს აბუჩად იგდებს, ხელისუფლების მიმართ ნდობას ანადგურებს და დაზარალებულ ბიზნესმენებს გაუგებარ რეჟიმში ამყოფებს, თორემ ბევრი ლოზუნგი მოგვისმენია - ლოზუნგი კი, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გარეშე ვერ რეალიზდება.
- ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ეჭვობს, თემურ ფეიქრიშვილს, რომელმაც არჩევნებში ნაციონალების სახელით გაიმარჯვა, მაგრამ დღეს დამოუკიდებელი დეპუტატია, ხელისუფლება მხარს უჭერს. თქვენი აზრით, ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ პრობლემები ამის გამო შეექმნა?
- ეს კონკრეტული შემთხვევა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმაც შეისწავლა. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რა დონის გავლენა აქვს თემურ ფეიქრიშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მაღალჩინოსან ვაჟა ლელუაშვილს. ისინი გარდაბნის რაიონში უზარმაზარ ბერკეტებს ფლობენ. მათ მიმართ სხვადასხვა ხელისუფლების (როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ,,ქართული ოცნების’‘) ლოიალობა გაუგებარია. სირცხვილია, წლები გადის და ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად, მიჩუმათების პოლიტიკა თვალსაჩინოა. ,,წავკისელი ფეოდალების’‘ საქმე ერთადერთი შემთხვევა არ არის. მიუღებელია, ანტიმონოპოლიური ქმედების მიუხედავად, ხელისუფლება სახელმწიფო მონოპოლიების აღდგენას ცდილობს. კონკრეტულად, ,,საქართველოს ფოსტას’‘ ვგულისხმობ, რომელსაც წარმომადგენლობა არც ერთ ქვეყანაში არ გააჩნია, მაგრამ პრეტენზია აქვს, ამ ბაზრიდან მრავალწლიანი მოთამაშეები - DHL, TNT და 40-მდე კომპანია განდევნოს. როცა ასეთ წარმატებულ კომპანიებს ბაზრიდან აძევებენ, არც ის გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ ,,საქართველოს ფოსტას’‘ დავით კეზერაშვილის სახელიც კი მიანიჭოს.
- როგორ გგონიათ, უკრაინაში განვითარებული მოვლენები რა გავლენას მოახდენს საქართველოს ბიზნესმდგომარეობაზე?
- უკრაინის ახალი ხელისუფლება რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს - ამ ქვეყანას იმდენი სატკივარი დაუგროვდა, რამდენიმე თვეში, შესაძლოა, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე ვერ კონცენტრირდნენ. ცხადია, საქართველოსთვის უკრაინის ბაზარი უაღრესად მნიშვნელოვანია და უკეთესი იქნებოდა, უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ქართული წარმოშობის პოლიტიკური მრჩევლების ნაცვლად, აქცენტი სწორედ ბიზნესურთიერთობებზე გადაეტანა, თუმცა ყველაფერს თავის დრო აქვს და დარწმუნებული ვარ, ქართულ-უკრაინულ ეკონომიკურ კავშირს სერიოზული პერსპექტივა ექნება.
- პოროშენკოს მრჩევლად, საქართველოს ეკონომიკის ექსმინისტრი, კახა ბენდუქიძეც შეიძლება დაინიშნოს. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?
- ჩემთვის ეს ანეკდოტის თემაა, რადგან საქართველოში უკვე დავრწმუნდით, რა განსხვავება იყო მსოფლიო ეკონომიკასა და ,,ბენდუნომიკას’‘ შორის. ამ ,,გამოცდილებას’‘ უთუოდ გავაცნობთ უკრაინის ახალ ხელისუფლებას, ასევე - მათ დიპლომატიურ სტრუქტურებს საქართველოში. ჩვენი ვალია, ისედაც უამრავი სატკივრის მქონე უკრაინას, მათი ეკონომიკის სინგაპურიზაციის შავ-ბნელი პერსპექტივა მოვუხსნათ.