სოხუმში ისევ დაძაბულობაა, რომლის განმუხტვაც ვერ მოახერხეს მოსკოვის წარგზავნილებმა. ძალაში რჩება ოპოზიციის მოთხოვნა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე. რა საფრთხეების წინაშე დგანან გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ბოლო დღეების არეულობის ფონზე და რა შეიძლება გააკეთოს თბილისმა მათ დასაცავად?
გააქტიურებული ოპოზიცია რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და ურთიერთობების თვისებრივად სხვა სიმაღლეზე აყვანას ითხოვს. 29 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც რუსულენოვანი მედია ავრცელებს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო აღნიშნავს, რომ რუსეთთან დაახლოება აუცილებლად აფხაზეთის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს:
”ჩვენ დაინტერესებული ვართ თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის საბაჟო კავშირში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსების პროცესშია. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დაგვეხმარება ამ საკითხში”.
ბევრისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ რუსეთმა აღიარა, ადგილი დაიმკვიდროს ევრაზიულ კავშირში. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მესიჯის გახმაურება საჭიროდ ჩაითვალა და მას წინ უსწრებდა შეხვედრა სოხუმში მოსკოვის მიერ წარგზავნილ მაღალი რანგის პირებთან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი სოხუმში 28 მაისს ჩავიდნენ იქ გამწვავებული ვითარების დარეგულირების მიზნით და შეხვედრები გამართეს როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან. ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 მაისს
კვლავ ოპოზიციის აქტივისტებს ჰქონდათ დაკავებული პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ტელევიზიის შენობები. სოხუმში მომხდარი „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობად“ შეაფასა ალექსანდრ ანქვაბმა, რომლის თქმითაც, 27 მაისს, როცა რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ძალის გამოყენებით შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, იყო სისხლისღვრის საფრთხე, რაც ხელისუფლებამ აიშორა თავიდან. თავად ალექსანდრ ანქვაბს ოპოზიცია ერთპიროვნულ მმართველობაში, რუსეთის ფულის არამიზნობრივ ხარჯვასა და აფხაზეთის გაღატაკებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს..
ოპოზიციის ლიდერებს შორის განსაკუთრებული აქცენტი პარტია ”სახალხო ერთიანობის ფორუმის” ლიდერზე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატზე, რაულ ხაჯიმბაზე კეთდება, რომლის მოთხოვნებსაც ცვლილება არც მოსკოვის წარგზავნილებთან შეხვედრის შემდეგ განუცდია:
”პრეზიდენტის გადადგომა და შემდგომ უკვე შესაძლებლობების გამონახვა, რომ ყველა საკითხი დარეგულირდეს მშვიდობიანად, კონსტიტუციის ნორმების შესაბამისად. ჩვენ ეს შეგვიძლია. არანაირი კომპრომისი აღარ იქნება”.
რუსეთის კაცად მონათლული რაულ ხაჯიმბა ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია სწორედ იმ საკოორდინაციო საბჭოსი, რომელიც ახლა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ითხოვს. საბჭო, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და შვიდი საზოგადოებრივი გაერთიანება შედის, 2013 წელს ძირითადად ეთნიკური ქართველებისადმი ალექსანდრ ანქვაბის ერთგვარი ლოიალური მიდგომის გასაპროტესტებლად შეიქმნა. კერძოდ, საბჭოს წევრები სასტიკად გმობდნენ და დღესაც გმობენ ეთნიკური ქართველებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების მიცემას, ხოლო, პარალელურად, არის საფრთხე, რომ ისინი, ვისაც ასეთი პასპორტი არ ექნება, შესაძლოა სამომავლოდ გააძევონ ოკუპირებული ტერიტორიიდან.
”ძალიან გვაღელვებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს 29 მაისს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომლის შეფასებითაც, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც.
”ჩვენ გვაღელვებს, ბუნებრივია, ეს როგორ აისახება აფხაზეთში, გალის ტერიტორიაზე ქართულენოვან მოსახლეობაზე. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და, ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული”.
განცხადება იმის შესახებ, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და აფხაზეთში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაცია მაქსიმალურად ამომწურავად მიეწოდება საერთაშორისო თანამეგობრობას, 28 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმაც განაცხადა.
სხვაგვარად ფიქრობენ ოპონენტები. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არასაკმარისად მონდომებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიაპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისკენ, სადაც მოვლენები შესაძლოა ”ყირიმის სცენარითაც” კი განვითარდეს. თუმცა ოპონენტებს ასეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთების დროს წინდახედულებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მსგავსი თემების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.