"ჩოხასა და ანაფორაში გამოწყობილი ჰომოსექსუალებიც არსებობენ"

ალბათ ყველანი შევსწრებივართ საუბარს, როდესაც ადამიანი თავისი მანერულობისა და დამახასიათებელი მეტყველების გამო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლად გამოუცხადებიათ. ამის შესახებ სერიოზული დისკუსიაც კი გაუმართავთ და ზოგჯერ საქმე კამათამდეც მისულა...


რეალურად, კი რა განაპირობებს პიროვნების ჰომოსექსუალობას? არიან თუ არა მანერული ადამიანები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები? და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ საკითხზე ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი გვესაუბრება.

- მანერულობის მიხედვით დასკვნა იმისა, რომ ის აუცილებლად სექსუალურ უმცირესობას განეკუთვნება, ცალსახად აბსურდია. თუმცა არიან ტრანსგენდერები, ჰომოსექსუალები, რომლებიც თავს საპირისპირო სქესს მიაკუთვნებენ და მათ შემთხვევაში, შეიძლება იყოს კიდეც მანერულობა გამოხატული, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ... თუ პიროვნებას საზოგადოებაში ჰომოსექსუალის იარლიყი აქვს იმის გამო, რომ მანერულია, ასთი შეფასება დაუშვებელია. პირიქით, შეიძლება მავანმა ძალიან მამაკაცური როლიც ითამაშოს ჩოხაში, ან ანაფორაში... ასეთ სამოსში გამოწყობილი ჰომოსექსუალებიც არსებობენ...

- ამის შესახებ მეც მსმენია... 
- დიახ, ჰომოსექსუალს შეიძლება ეშინოდეს, ვინმემ არ შეამჩნიოს და პირიქით, ისეთი მამაკაცური როლი ითამაშოს, რომ მასზე ვერაფერს იტყვი...

- მოკლედ, ცალსახად შეგვიძლია თქმა, რომ მანერულობა სულაც არ არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი ჰომოსექსუალია...
- დიახ, ეს ძალიან პირობითი დაყოფაა. არიან მაგალითად, ბისექსუალები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს იცვლიან... ამ საკითხების უტრირება ხშირად გაუგებრობებს იწვევს... ჩვენში აქტიური ჰომოსექსუალიზმი მაინცდამაინც სოციუმისგან არ იდევნებოდა, რადგანაც ამ კატეგორიის ადამიანები სუპერმამაკაცებადაც კი აღიქმებოდა, თუმცა იკიცხებოდნენ პასიური ჰომოსექსუალები. გააჩნია, რაზე ვლაპარაკობთ...

- იმავეს თქმა შეგვიძლია ქალთა ჰომოსექსუალიზმზეც?..
- ქალთა ჰომოსექსუალიზმის მიმართ გაცილებით ტოლერანტულია საზოგადოება... მამაკაცის ჰომოსექსუალურობას კი მტკივნეულად აღიქვამს, რადგანაც პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მისი როლის დაკნინებას აგრესიულადაც გამოხატავენ.

- ზოგადად რა განსაზღვრავს და განაპირობებს ამ ყველაფერს?
- ამაზე ათასწლეულებია, პასუხი არ არსებობს. მილიონი თეორია, მოსაზრებაა, ზოგი ენდოკრინული, სოციალური, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ბაზისურია, რომ ამ თემაზე ლაპარაკსა და ამ საკითხში რაიმე კორექციას, მკურნალობას კაცობრიობა შეეშვა... 

- ამ შემთხვევაში გენეტიკა რაიმეს განსაზღვრავს?
- არც ერთი მონაცემი, რომ ჰომოსექსუალობა მშობლიდან შვილზე გადადიოდეს, არ არის დაფიქსირებული. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან გაჩნდა როგორც ჰეტეროსექსუალი, ისე ჰომოსექსუალი, რაც საშვილოსნოში ნაყოფის ადგილმდებარეობამ განსაზღვრა და იმანაც, ორსული ტესტოსტერონს რა რაოდენობით იღებდა. აღმოჩნდა, რომ ჰორმონის ნაკლებობა ჰქონდა. არის ასევე ასეთი მოსაზრება, რომ ქალის ორსულობისას ნაყოფზე რაღაც საშოსშიდა პროცესები მოქმედებს... მოკლედ, ადამიანი ამას ცნობიერად ვერ აკონტროლებს და ეს არც ცუდი აღზრდისა და საქციელის შედეგია. 

- პატარა ბიჭე, თუ მათ ხვეული, ლამაზი თმა აქვთ, ხშირად კიკინებს უკეთებენ, გოგოსავით ექცევიან... მშობლების ასეთი დამოკიდებულება მომავალში არ იმოქმედებს ადამიანზე? 
- არის მოსაზრებები, რომ თითქოს მოქმედებს, თუმცა ცალსახად აქაც პასუხი არ არსებობს, რომ ადამიანის ჰომოსექსუალობის მიზეზი ეს არის. ბიჭი უნდა გაიზარდოს გარკვეულ კონტექსტში, ისევე როგორც გოგონა, მაგრამ ეს რამდენად არის მიბმული ამ ყველაფერზე, ძნელი სათქმელია. 

- მანერულობა უშლის თუ არა ხელს ადამიანს მაგალითად, სამსახურში ადაპტაციაში? 
- ჩვენი მანერულობა, ჩაცმის სტილი, ანუ როგორც 
 
გამოვიყურებით, ეს ის არის, როგორადაც გვინდა, რომ სამყარომ აღგვიქვას, - ჩვენი პრეზენტაციაა. არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წარმოდგენები აქვთ, თუმცა ვიმეორებ, მანერულობა არაფერს ნიშნავს. შეიძლება ჰყავდა ძლიერი დედა, ბავშვობაში მისი გავლენა ჰქონდა და მერე მისი კალკი გააკეთა... ბევრი რაღაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ცალსახად მაინც ვერაფერს დაასკვნი. ზოგადად კი ძლიერი და ავტორიტეტიანი დედების შვილობა მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე... 
თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ყველას უფლება დაცული უნდა იყოს! არც ერთი კანონი და არავინ გაიძულებს, რომ ვიღაც გიყვარდეს, ან გძულდეს. მსოფლიოში 100 წლის წინ, ვინც ეს პრობლემები გაიარა, რაღაცაზე შეთანხმდნენ...

ემოციურად გარკვეულ ქცევის სტერეოტიპს, გადაწყვეტილებას იღებ, - ვიღაც გიყვარს ან არა, მაგრამ ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მიუღებელი და გამორიცხულია! ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლებები, რომელთაც დაცვა სჭირდება.

- ბოლო დროს საქართველოში ამ თემაზე საუბრები ძალიან გახშირდა და გაცხარდა...

- ჰო, ჩვენი ერი რაღაც ძალიან "ჰომოსექსუალური" აღმოჩნდა, რადგანაც მისთვის ამ თემებზე ლაპარაკი აქტუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მოტივატორები არსებობს... თითქოს ამაზე მეტი პრობლემა არ გვქონდეს. ჩვენში მძაფრი ემოციები ჭარბობს. როდესაც ემოციას აგრესიული ფორმით ავლენ, ამ დროს საკუთარ თავში რაღაცას თრგუნავ... 

- რა უქმნის საზოგადოებას ამ პრობლემებს?

- საზოგადოებას პრობლემას სიბნელე და გაუნათლებლობა უქმნის. ბევრი წლის განმავლობაში თაობები წამოვიდა, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან და ახლა ამ შედეგებს ვიმკით. განათლებული ადამიანები ნაკლებად აგრესიულები არიან. ასე რომ, ყველას უფლება დასაცავი და დასაფასებელია. ვისთვისაც ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია, ეს მისი ნებაა, აქ გამოხატვის ფორმებზეა ლაპარაკი. 

- პრევენციის კუთხით რას იტყვით, დავუშვათ, მშობელმა შეამჩნია შვილი რაღაც ნიშნები... რა უნდა გაკეთოს? როგორ იმოქმედოს?
- საერთოდ, სჯობია, რომ იმ კულტურის ნორმებში, რა გენდერული ნორმებიც გვაქვს, დავრჩეთ... მაგალითად, ბიჭები არ დადიან სარაფნებში, რადგან მათი ასე გაზრდა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ რამდენიც გინდა კიკინებში ატარო, არ შეიძლება ამან პროვოცირება მოახდინოს, თუ ცოტა სიღრმისეული პრობლემასთან არ გვაქვს საქმე. ამიტომ, ძალიან სახიფათოა, როცა ყველაფერი ერთ ფაქტორამდე დაჰყავთ. 
მოკლედ, სადაც ვცხოვრობთ და რა თამაშის წესებიც არის იქ, ჯობია იქ დავრჩეთ. შეიძლება თავში მოგვივიდეს, გარკვეული "იდეები", ვიღაცები ჰომოსექსუალებადაც გამოვაცხადოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიებია... 
ვიღაცებს ქუჩაშიც დასდევენ. მათ ვეტყვოდი, რომ ეს არ ქნან!..