"რატომ მოხდა ის, რაც "ლიტკაფეში" მოხდა", ასე ჰქვია ზურაბ ჭიაბერაშვილის ჩანაწერს, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. Ambebi.ge უცველად გთავაზობთ ტექსტს:
Facebook/ ზურაბ ჭიაბერაშვილი:
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა. მაშინ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი და ორგანიზაციას "ხმების პარალელური დათვლის" სისტემისათვის ვამზადებდი.
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, დილით სახლიდან გამოვედი და ტაქსი გავაჩერე. ძველი საბჭოთა"ჟიგულის" საჭეს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი უჯდა და გამხდარ, დაღარულ სახეზე აშკარად ეტყობოდა გაჭირვების კვალი. "ორთაჭალჰესთან" ორმა "გაიშნიკმა" გაგვაჩერა და ჩემი თვალით დავინახე, მანქანიდან გადასულმა მძღოლმა როგორ მისცა გაცრეცილი ორლარიანი მსუქან, მწითურ"გაიშნიკს", როგორც მერე გაირკვა, მეტსახელად "სამსონიჩს" (სტაჟიან მძღოლებს ემახსოვრებათ).
მანქანიდან გადავხტი - ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა ამ გაჭირვებული ადამიანისათვის სრულიად უმიზეზოდ ორი ლარის წართმევა - და სამსონიჩს მძღოლისთვის ფულის უკან დაბრუნება მოვთხოვე. თან მობილური ამოვიღე და "სამართლიანი არჩევნების" ოფისში, ნუგზარ კუპრეიშვილთან რეკვა დავიწყე. "სამსონიჩმა" და მისმა მეწყვილემ მობილური ხელიდან წამართვეს. რომ მოვტრიალდი, ჩემი ტაქსიც ადგილიდან იძვრებოდა: გაჭირვებული მძღოლი ზედმეტ შარს მოერიდა.
მეორე ტაქსი გავაჩერე და ოფისისკენ - მაშინ "სამართლიანი არჩევნები" ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე სახლობდა- წავედი. სადღაც აბანოთუბანთან "გაიშნიკების" ოცეულის უფროსის მანქანა წამოგვეწია ("სამსონიჩს" გამოუძახია) და მძღოლს გაჩერება უბრძანა. თავზე "სამსონიჩი", მისი მეწყვილე, ოცეულის უფროსი და კიდევ ერთი "გაიშნიკი" დაგვადგა. მანაქანიდან გადმოსვლა მიბრძანეს. ვუთხარი, უფლება არ გაქვთ, დამაკაოთ, ძალით გადამიყვანეთ-მეთქი. ძალით გადამიყვანეს ოცეულის უფროსის მანქანაში, უკანა სავარძელში შუაში მომიმწყვდიეს და მანქანა დაიძრა."სამსონიჩი" მაგინებს და ციხეში ამოლპობას მპირდება. ჩემი მობილური, რომელიც სიჩქარის გადამრთველთან უდევს, გამუდმებით რეკს.
მივედით "კოლმეურნეობის ბაზართან" მდებარე პოლიციის განყოფილებაში. განყოფილების უფროსის მოადგილემ შესვლისთანავე მიცნო და გაკვირვებულმა იკითხა: ამას რა უნდა აქ? ესმოდა, რომ არჩევნები მოდიოდა და "სამართლიანი არჩვენების"აღმასრულებელი დირექტორის უკანონო დაკავება ხელისუფლებისათვის კიდევ ერთი თავის ტკივილი იქნებოდა. ტელეფონი დაუყოვნებლივ დამიბრუნეს, "სამართლიან არჩევენებში" კიდევ ერთხელ დავრეკე და უფროსის კაბინეტში ავედით. ღამენათევი უფროსი - არ ვიცი, ღამის ოპერაციის თუ გვიანობამდე გაგრძელებული ქეიფის გამო - მალევე მოვიდა. მას "სამართლიანი არჩვენების"მწვანეჟილეტიანი აქტივი მოჰყა; იმათ კიდევ - ტელევიზიები. "მორალური" სენტენციებით გაჯერებული მუდარა პოლიციის უფროსის კაბინეტში: აპატიე! სიმართლე გითხრათ, იმდენი საქმე მქონდა, "სამსონიჩისთვის" არ მეცალა და მარტივი პირობა დავაყენე: ბოდიში მოიხადოს და ვაპატიებ.
პოლიციის შენობის წინ ჩამოსულს "სამსონიჩი" ისევ დიდგულზე დამხვდა: მაშინდელ კორუფციულ პირამიდაში "სამსონიჩი" იმდენად მნიშვნელოვანი აგური იყო, რომ ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა დაეხია უკან ვიღაც "ენჯეოშნიკის" გამო. ყელში რომ ამომიყვანა, შევედი ისევ პოლიციაში და საქმის აღძვრა მოვითხოვე.
იმ ალიაქოთში სახლში დარეკვა დამავიწყდა და ოჯახმა, მათ შორის, 80 წლის ბებიამ ტელევიზიით შეიტყო ჩემი დაკავების შესახებ. ინფარქტგადატანილმა ბებიამ მეორე დღეს კიდევ ერთი ინფარქტი მიიღო და ლოგინიდან ვეღარც წამოდგა.
2 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა. "სამართლიანმა არჩევნებმა" ამის თვალსაჩინო მასალა დადო. ვარდების რევოლუცია მოხდა. 2003 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დამამტკიცა. 2004 წლის 5 იანვარს
საპრეზიდენტო არჩვენები ჩატარდა.
ბებიის მდგომარეობა დეკემბრის ბოლოდანვე უკიდურესად დამძიმდა. 14 იანვარს დილით, სახლიდან რომ გავდიოდი, ვიცოდი, შეიძლება ცოცხალისთვის ვეღარ მომესწრო. ძალიან გვიან დავბუნდი სახლში: მეორე დღეს არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა შეგვეჯამებინა ცესკოს სხდომაზე. ცოცხალი დამხვდა, ოღონდ თავად ვეღარც ინძრეოდა, ლაპარაკზე ხომ ზედმეტია საუბარი. ერთადერთი, რაც შეძლო, ხელზე მომიჭირა სუსტად თავისი ხელი. მე ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. 2 საათში გარდაიცვალა.
მეორე დღეს დილით ადრე წავედი, ცესკოს სხდომა ჩავატარე და იმ წუთიდან საპარალამენტო არჩვნებისათვის მზადება დავიწყე: 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო და საპრეზიდენტო არჩვნებისათვის მომზადებული ამომრჩეველთა ხელნაწერი სიების ელექტრონიზაცია უნდა მოგვესწრო.
ბებიის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ქალაქის პროკურატურა შემეხმიანა: "სამსონიჩის" საქმეზე ჩვენება ჩამომართვეს.მალევე გამოჩნდა ჰორიზონტზე "სამსონიჩი" ჟურნალისტ ენძელა მაჭავარიანის შუამდგომლობით და ღვთისა და კაცის წინაშე ფიცით პატიება ითხოვა. ვაპატიე.
უკვე თბილისის მერი ვიყავი, როდესაც ათამდე პოლიციელთან ერთად პოსტზე მდგარი "სამსონიჩი" თავისუფლების მოედანზე დავინახე, მანქანიდან გადმოვედი, ხელი ჩამოვართვი და გავეხუმრე: კიდევ ხომ არ მიპირებ დაკავებას-მეთქი. იმ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში "გაი" დავშალეთ და საპატრულო პოლიცია შევქმენით.
ამის შემდეგ"სამსონიჩს" თვალი მხოლოდ ერთხელ მოვკარი, 2005 წლის სატელევიზიო რეპორტაჟში, რომელიც რუსთველზე, პარლამენტის შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის "უსამართლობის"წინააღმდეგ გამოსული ადამიანების პროტესტს აშუქებდა.
ახლა არ ვიცი,"სამსონიჩი" ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს თუ ნინო ბურჯანაძეს.
P.S.
- ტაქსის მძღოლზე არ გავბრაზებულვარ
- არ ვნანობ, რომ "სამსონიჩს" ვაპატიე
- ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებზე ენძელა მაჭავარიანის მიერ დასმულ კითხვა-დითირამბებზე მეღიმებოდა
- ვიცი, რომ მშვიდი ცხოვრების წესი არ მაქვს და პატიებას ვთხოვ ოჯახის წევრებს
- "მე ის ზურა აღარ ვარ", მაგრამ ჩემს მიმართ ჩადენილი უსამართლობის პატიება კიდევ შემიძლია
- საქართველოს მიმართ ჩადენილ უსამართლობას მას არ ვაპატიებ. ვისაც ვგულისხმობ, იცით
P.P.S. მადლობა შალვა ცხაკაიას ამ ისტორიის შეხსენებისთვის.