ბაქოში სკანდალია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომელიც უკმაყოფილოა აშშ-ის საელჩოს საქმიანობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
„აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში. არ არის ეს კარგი ნიშანი, როცა შეერთებული შტატები ან სხვა რომელიმე სახელმწიფო აზერბაიჯანის საშიანო საქმეებში ერევა და ჩვენს საგარეოპოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ამერიკამ არ უნდა ასწავლოს ჩვენს ხალხს, თუ როგორ უნდა იცხოვროს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განყოფილების უფროსმა ალი ჰასანოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების იდეოლოგიური ფრონტის ერთ-ერთი მძიმეწონიანი მებრძოლის ასეთი მწვავე განცხადების მიზეზი გახდა აშშ-ის ელჩის რიჩარდ მორნინგსტარის ამასწინანდელი ინტერვიუ რადიო „სვობოდა“-სადმი, სადაც მან აზერბაიჯანის ხელისუფლებას საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებში გარკვეული პრეტენზიები წაუყენა და ამით ფაქტიურად მოუწოდა ოფიციალურ ბაქოს, რომ გადახედოს თავის პოზიციებს ერაყის, ლიბიისა და უკრაინის მიმართ.
ამერიკელი დიპლომატის ღია მუქარებმა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია. ბევრმა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა, რიგითმა ადამიანებმა თავიანთი გაკვირვება გამოხატეს და უარყოფითად შეაფასეს ელჩის არადიპლომატიური განცხადებები, რომელიც თავისი არსით ეწინაარმდეგება ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი რამიზ მეხტიევი იძულებული გახდა რიჩარდ მორნინგსტარისთვის მიეთითებინა, რომ ასეთი ლაპარაკი დაუშვებელია.
“აშშ-ის ელჩის ტენდენციური ინტერვიუ მსოფლიოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში გამწვავებული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, რომელიც გარკვეულწილად დასავლეთის ბრალიცაა, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს“, - განუცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯს“ რამიზ მეხტიევმა.
მან წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ ეს პირველი შემთხვევა არა არის, როცა ამერიკელი ელჩი რიჩარდ მორნინგსტარი დიპლომატისათვის შეუფერებელი ფორმით ცდილობს უკარნახოს აზერბაიჯანს რა და როგორ გააკეთოს... ყველაფერი ეს ელჩის პროფესიონალიზმს ჩრდილს აყენებს“.
რა თქვა მაინც ისეთი ამერიკელმა დიპლომატმა? აი, რა განაცხადა რიჩარდ მორნინგსტარმა: „სწორედ ამერიკა და ევროკავშირი არიან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტები და თუ ამერიკა ქვეყნიდან წავა, მაშინ ბაქოს საქმე ცუდად იქნება, მეზობლები, განსაკუთრებით კი რუსეთი მის სუვერენიტეტს დაემუქრებიან“.
რამიზ მეხტიევმა ასეთი კომენტარი გაუკეთა რიჩარდ მორნინგსტარის გამონათქვამს: „სახელმწიფოს დამოუკიდებლობისადმი მუქარა ყოველთვის მათგან მოდიოდა, ვინც მსოფლიოს ერთპიროვნულად მართავდა. დღეს სიტუაცია შეცვლილია. მოდით, ყურადღებით შევხედოთ ამერიკის წარმომადგენლის სიტყვებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და ჩვენი მეზობლების ურთიერთობას ეხება. კიდევ ერთხელ მიწევს იმის განცხადება, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა ეყრდნობა მეზობლებთან კეთილმეგობრულ და მშვიდობიან ურთიერთობებს. ჩვენ არ ვერევით მათ შინაურ საქმეებში და იგივეს ვითხოვთ მათგან. რაც შეეხება რუსეთს, ეს ქვეყანა ჩვენი უახლოესი მეზობელია და მასთან ურთიერთობა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებულ ვექტორს წარმოადგენს“.
რამიზ მეხტიევის თქმით, „აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთერთგაგება არსებობს და ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთთან რაიმე გადაუჭრელი პრობლემა, თუ არ ჩავთვლით მთიანი ყარაბაღის საკითხს. ჩვენს შორის წარმოქმნილი ყველა საკითხი თანაბარუფლებიანი დიალოგითა და მოლაპარაკებით წყდება. არაობიექტური იქნებოდა იმის თქმა, ბაქოსა და მოსკოვს შორის რაიმე დაძაბულობა არსებობს, თუმცა გარკვეული ძალების მიერ ამის მცდელობები ნამდვილად იყო. ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელების ბრძნული პოლიტიკის წყალობით მსგავს პროვოკაციებს წარმატებები არ ჰქონია“.
აღსანიშნავია, რომ მორნინგსტარის ინტერვიუს კომენტარები გაუკეთეს უცხოელმა პოლიტოლოგებმაც, კერძოდ, ისრაელელმა გავლენიანმა ექსპერტმა იაკობ კედმიმ, რომელიც დიდხანს ხელმძღვანელობდა ისრაელის სპეცსამსახურს „ნატივს“. მისი თქმით, „თავის დროზე თბილისში ამერიკის ელჩის მოქმედება გახდა ის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელმაც საქართველოს 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტისაკენ უბიძგა. თითქმის იგივეს აკეთებდა ამერიკის საელჩო უკრაინაში, კრიზისის გამოწვევის მიზნით. ბაქოში მყოფი ამერიკელი ელჩის განცხადებაც სწორედ ასეთი პოლიტიკური აზროვნების (ან მისი არარსებობის) დონეზე უნდა განვიხილოთ“. იაკობ კედმიმ ხაზი გაუსვა, რომ ვერ ხედავს იმის ვერავითარ წინამძღვრებს, რომ ბაქოში კიევური მაიდანის მსგავსი რამ მოხდეს. „აზერბაიჯანი სტაბილური სახელმწიფოა თავისი განვითარებული ეკონომიკით. მასზე გარეშე ძალები რაიმე ეფექტურ გავლენას ვერ მოახდენენ, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. მაიდანი კი რუსეთს ნამდვილად არ გამოუწვევია“, - განაცხადა ისრაელელმა ექსპერტმა.