თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის ეკონომიკური ზონის ნაირსახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. საქართველოში ყველაზე პერსპექტიულად ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მიიჩნეოდა.
ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საქმიანობა 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. ამ ზონისთვის ფოთში სპეციალურად გამოიყო 3 მილიონ კვ.მ ტერიტორია და ფუნქციონირების ვადად განისაზღვრა 99 წელი. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი და ადმინისტრატორია შპს „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“. წინასწარი პროგნოზით ფოთის თიზში დაახლოებით 4 წელიწადში 400-მდე საწარმო შეიქმნებოდა, დასაქმდებოდა ათობით ათასი ადამიანი და 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნებოდა მოზიდული, თუმცა ფაქტია ეს მხოლოდ პროგნოზად დარჩა.
„რაკია საქართველო - ფოთის ინდუსტრიული ზონის“ გენერალური დირექტორის მოადგილის კომერციულ საკითხებში სოსო ნიბლაძის განმარტებით, ზონაში შექმნის პირველი წლებიდან მოყოლებული დღემდე დაახლოებით 260 კომპანია იყო დარეგისტრირებული, თუმცა 110-მდე კომპანიამ ლიცენზიაზე უარი თქვა.
„ყველას სხვადასხვა ფაქტორით განპირობებული სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა“, - აღნიშნავს ნიბლაძე.
მისი თქმით, უკვე წლებია ლიცენზიანტი კომპანიები მოლოდინის და დაკვირვების რეჟიმში არიან. რეგისტრირდებიან, თუმცა საქმიანობას არ იწყებენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საქმიანობას ზონის გარეთ ამჯობინებენ და ლიცენზიას აუქმებენ.
ექსპერტები თვლიან, რომ ხშირად ინვესტორებს ურჩევნიათ საწარმო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ააშენონ, ეს უკავშირდება ქვეყნის არასტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ინვესტორების ამ გადაწყვეტილებას სწორედ ქვეყნის არასასურველი იმიჯი და არასტაბილური ეკონომიკური გარემო იწვევს.
რა მდგომარეობაა დღეს?
დღეს ფოთის თიზში დარეგისტრირებულია 130 კომპანია, რომელთაგანაც საქმიანობას მხოლოდ ოთხი კომპანია ახორციელებს, ხოლო დანარჩენები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ, თუმცა არც ოფისები აქვთ და არც დასაქმებულები ჰყავთ. ყველაზე დიდი სეგმენტი სერვისულ და სავაჭრო პროექტებს უკავიათ. სხვადასხვა სახის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისა და ქარხნების მშენებლობა-ფუნქციონირება კი ისევ სამომავლო დაპირებაა და დასაქმებული მხოლოდ 200-მდე ადამიანია.