ქუთაისელი მილიარდერი: ხატების გადამყიდველიდან - მოსკოვის მთავრობის საქმიან პარტნიორამდე

ქუთაისელი მილიარდერი: ხატების გადამყიდველიდან - მოსკოვის მთავრობის საქმიან პარტნიორამდე

ლებია უკვე ის "ფორბსის" რუსული ვერსიის თანახმად 100 ყველაზე მდიდარი რუსის რეიტინგში, პირველ 50-ში ხვდება. წარმოშობით ქართველი, ქუთაისში დაბადებული, დედით ებრაელი და მამით ბერძენი შალვა ჩიგირინსკი მილიარდების მფლობელია. სხვადასხვა შეფასებებით, მისი ქონება, ასე 2-2,3 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს. 1990 წლის შემდეგ საქართველოში ის აღარ ყოფილა, შესაბამისად სამშობლოში მას ცოტა თუ იცნობს. სამაგიეროდ რუსეთში ის ძალიან პოპულარული და გავლენიანი ადამიანია. და კიდევ, ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითია გასული საუკუნის მიწურულს შემდგარი ბიზნესმენებისა - ხატების გადამყიდველიდან, მოსკოვის მთავრობის საქმიან პარტნიორამდე.

მოსკოვის ნავთობისა და გაზის კომპანიის პრეზიდენტი, მოსკოვის დეველოპერული კომპანიის პრეზიდენტი, ბრიტანული კომპანია "სიბირ ენერჯის" ერთ-ერთი მფლობელი, ძირითადი მფლობელი კომპანიისა Rusiian Land Ltd- ეს იმ ბიზნესების არასრული და მცირე ჩამონავალია, რომელიც ჩიგირინსკის უკავშირდება, თუმცა მოდი ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

ქუთაისში სკოლის დამთავრების შემდეგ შალვა ჩიგირინსკი სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა და #1 სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. ექიმის პროფესიას მხოლოდ მეოთხე კურსამდე ეუფლებოდა. მალევე მიხვდა, რომ ადამიანების მკურნალობა მისი მოწოდება არ იყო და კომერციას მიჰყო ხელი - ხატებით ვაჭრობა დაიწყო. ახლა ამბობს ხოლმე: ანტიკვარიატის ბიზნესით ვიყავი დაკავებულიო, თუმცა ეს ცოტა გაბუქებული ნათქვამია, რადგან ძირითადად ძველი ხატების გადაყიდვით შოულობდა ფულს. კაგებე მას საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მსხვილ კონტრაბანდისტად განიხილავდა.

1987 წელს ჩიგირინსკი ესპანეთში გაემგზავრა, შემდეგ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადავიდა, სადაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ეს კი, არც მეტი და არც ნაკლები, საბჭოთა მთავრობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იყო, რომლის გაყიდვის საჭიროება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ დადგა. ერთ-ერთი ინფორაციით, ბატონმა შალვამ თავისი დიდი ბიზნესის სასტარო კაპიტალი სწორედ ხატების კონტრაბანდით და გერმანიაში საბჭოთა ქონების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა.

1990 წელს ჩიგირინსკი რუსეთში დაბრუნდა და როგორც ერთ-ერთი გერმანული კომპანიის თანამფლობელმა სამშენებლო საქმიანობას მიჰყო ხელი. გავრცელებული ინფორმაციით ჩიგირინსკის ბიზნესს იმ დროს ე.წ. კანონიერი ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტი, არაერთხელ ნასამართლევი, გატაცებაში, კონტრაბანდასა და თაღლითობაში ბრალდებული ვალერი ხეიფიცი მფარველობდა. დეველოპერული ბიზნესის პარალელურად ჩიგირინსკიმ ნავთობის ბიზნესსაც მოჰკიდა ხელი. 1996 წელს, ბრიტიშ პეტროელუმთან ერთად მან ერთობლი კომპანია "პეტროლკომპლექსი" ჩამოაყალიბა. 2001 წელს შალვა ჩიგირინსკიმ მოსკოვის მთავრობასთან პარიტეტულ საფუძვლებზე მოსკოვის დევეოპერული კომპანია ჩამოყალიბა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩიგირინსი მოსკვოვში უძრავი ქონების ბიზნესის ყველაზე წარმატებულ და მსხვილ მოთამაშედ იქცა. ამას კი მოსკოვის ყოფილ მერთან, იური ლუჯკოვთან და მის მეუღლესთან, ბიზნესლედი იულია ბატულინასთან მისმა ახლობლობამაც შეუწყო ხელი. დღეს შალვა ჩიგირინსკის კომპანია "სიტი დეველოპმენტი" სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით მშენებლობა აწარმოოს მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში. კომპანიის ქონება 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ჩიგირინსკი საკმაოდ სკანდალური პიროვნებაა. რუსეთში დღესაც ახსოვთ მისი სასამართლო დავა რომან აბრამოვიჩთან, რომელშიც აწგარდაცვლილი ბორის ბერეზოვსკიც იყო გარეული. შალვამ ჩუკოტკის გუბერნატორი, მისი კუთვნილი კომპანიის, "სიბირ ენერჯის" საბადოების მითვისებაში დაადანაშაულა და სოლიდური კომპენსაციის გადახდას ითხოვდა.

ბიზნესწრეებში მასზე ამბობენ, რომ წარმატების გამო შალვა ჩიგირინსკი ყველაფერზეა წამსვლელი. საქმიანი მოლაპარაკებების დროს ზედნეტად თავდაჯერებული და ზოგჯერ უზრდელიც კი არის. პრესა ხშირად ახსენებს საზოგადოებას ჩიგირინსკის საქმიან პარტნიორებს "სითი გრუპში". მათ შორის არიან, მისი ძმა ალექსანდრე და ვიაჩესლავ ბასატანი, რომლის
ნამდვილი გვარი ბასაევია. ამბობენ, რომ ბიზნესმენს კარგი ურთეირთობა ჰქონდა ყველა კავკსიურ დაჯგუფებასთან, განსაკუთრებით კი ჩეჩნებთან.

შალვა ჩიგირინსკი მიხეილ ხოდორკოვსკის ახლო მეგობარი იყო. 1993-1994 წლებში, ხოდორკოვსკისა და ჩიგირინსკის ბიზნესდუეტმა მოსკოვის ყველაზე მიმზიდველი უძრავი ქონება ჩაიგდო ხელში. თუმცა, შალვა მიხეილზე ბევრად უფრო წინდახედული აღმოჩნდა და არასდროს აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს. მეტიც, როცა სასტუმრო "როსიას" რეკოსნსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდა,ჩიგირინსკიმ სატენდერო კომისიის წევრებს პირადპირ განუცხადა: ყველაფერზე მოვილაპარაკე პუტინთანო, რასაც მათი მხრიდან შოკური რეაქცია მოჰყვა.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/103178-quthaiseli-miliarderi-khatebis-gadamyidvelidan-moskovis-mthavrobis-saqmian-partnioramde.html#ixzz32umME53s